საკლასო ოთახიდან სათბურამდე: გასამმაგებული მოსავალი ევროკავშირის მხარდაჭერით

საქართველო
საკლასო ოთახიდან სათბურამდე: გასამმაგებული მოსავალი ევროკავშირის მხარდაჭერით

ლუარსაბ გიორგიაძე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში ზესტაფონის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებს ხატვასა და ხელოვნების ისტორიას ასწავლიდა. თუმცა, როდესაც მასწავლებლის ჟურნალი საბოლოოდ გვერდზე გადადო, პენსიაზე მაინც არ გასულა. პირიქით — ხელში ბაღის ხელსაწყოები აიღო და აღმოაჩინა, რომ მისი ნამდვილი მოწოდება მთელი ეს დრო იქვე, საკუთარ სახლში ელოდა. დღეს ლუარსაბს პომიდვრის ოთხი სათბური აქვს.

ასე იქცა ყოფილი პედაგოგი წარმატებულ აგრომეწარმედ.

„მხოლოდ ერთ რამეს ვნანობ — ეს საქმე 38 წლით ადრე რომ არ დავიწყე,“ — ამბობს ის. — „65 წლის ასაკში, როგორც იქნა, ვიპოვე ის, რაც ნამდვილ სიხარულს მანიჭებს“.

როგორ იქცა საყვარელი საქმე შემოსავლის წყაროდ

ყველაფერი მცირედით დაიწყო: საკუთარი ხელით 300 კვადრატული მეტრის ფართობის სათბური ააშენა და 1000-ზე მეტი ძირი პომიდორი დარგო. მალევე მიხვდა, რომ საქმეს, რომელიც ასე ძალიან შეუყვარდა, კარგი შემოსავლის მოტანაც შეეძლო.

ხმა სწრაფად გავრცელდა. „ჩემი პომიდორი ბაზარში არ გამაქვს“, — ამბობს ის, — „ხალხი თავად მოდის ჩემთან. სულ მოკლე დროში მთელმა რეგიონმა გაიგო ჩემი მოსავლის ამბავი, ამიტომ წარმოების გაფართოება დამჭირდა“.

საბედნიეროდ, გიორგაძემ მხარდაჭერა მიიღო პროექტისგან — „დაჩქარებული სოფლის განვითარების ხელშეწყობა იმერეთსა და კახეთში“. ეს ინიციატივა ევროკავშირის EU4Business-ის ფარგლებში, პროგრამა ENPARD IV-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მან დახმარების სახით 15 000 ლარი (დაახლოებით 5 000 ევრო) მიიღო და მეორე სათბურიც ააშენა. ახლა გიორგაძე წელიწადში ხუთ ტონაზე მეტ პომიდორს კრეფს, მისი შემოსავალი კი თითქმის გასამმაგდა.

პროექტი მიზნად ისახავს სოფლის მდგრად განვითარებას, რაც სამიზნე რეგიონებში ადგილობრივი თემების საჭიროებების გამოკვეთით მიიღწევა. პროექტის პრიორიტეტებია ტურიზმისა და აგრო-მიმართულებების (ღირებულებათა ჯაჭვების) ხელშეწყობა, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის პროფესიული უნარებისა და ცოდნის ამაღლება და რეგიონების განვითარება.

მეორე სიცოცხლე

დროთა განმავლობაში ლუარსაბის საქმიანობა უფრო მრავალფეროვანი გახდა — პომიდვრის გარდა, ახლა კიტრი, სალათის ფურცლები და მწვანილიც მოჰყავს. მას არცერთი სეზონი არ ჩაუგდია და მცენარეზე რაიმე პრობლემას თუ შეამჩნევს, რჩევას ყოველთვის გამოცდილ ადამიანებს ეკითხება.

„მასწავლებლობის დროს ჩემს რეგიონში ასეთი პოპულარული არ ვიყავი“, — ამბობს ის. „ახლა ყველამ იცის, რომ პომიდორი მომყავს. EU4Business-ის მხარდაჭერა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა; უნდა ვიმუშაო პროფესიონალურად და ყოველთვის მაღალი ხარისხის პროდუქტი მქონდეს“.

ამ საქმემ გიორგაძის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. სანამ მეურნეობას დაიწყებდა, ლუარსაბს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა, თუმცა ფიზიკურმა შრომამ და ახალმა მიზანმა მას თითქოს მეორე სუნთქვა გაუხსნა. თავის ძველ და ახალ პროფესიას ის ასე ადარებს: „ხატვა რაღაც წარმოსახვითი იყო, ეს კი არის საქმე, რომელსაც ხელით ვეხები და ვგრძნობ. ასე ბევრად უკეთესია“.

მომავალს ლუარსაბი დიდი გეგმებით უყურებს — სურს მეურნეობის გაფართოება, მუდმივი სწავლა და განვითარება. კაცმა, რომელმაც ათწლეულები მოსწავლეებზე ზრუნვას დაუთმო, აღმოაჩინა, რომ მცენარეების მოვლას სულ სხვაგვარი კმაყოფილება მოაქვს. მისი თქმით, ხშირად ცხოვრების ყველაზე საინტერესო თავი სწორედ მაშინ იწყება, როცა კარიერულ ფურცელს დახურავ.

ლუარსაბ გიორგაძე ერთ-ერთია იმ მეწარმეთა შორის, რომლებმაც ფინანსური მხარდაჭერა მიიღეს. მხოლოდ 2024 წელს, EU4Business-მა საქართველოში 40,801 მცირე და საშუალო მეწარმეს დაუჭირა მხარი. იმისათვის, რომ მეტი გაიგოთ, თუ როგორ ეხმარება EU4Business მეწარმეებს, ეწვიეთ ვებგვერდს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე