ხელოვნებათმცოდნე სოფო ლაპიაშვილსა და მარკეტინგის სპეციალისტ მაკა ნოსელიძეს წლების განმავლობაში ჰქონდათ წვდომა მაღალი ხარისხის ქსოვილების ნარჩენებზე, ოღონდ, არ იცოდნენ ამისგან რისი გაკეთება შეეძლოთ. შემდეგ ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი გადადგეს და პანდემიის დროს კომპანია დაარსეს. EU4Business-ის მხარდაჭერა კი ბაზრის გასაფართოვებლად გამოიყენეს.
ბიზნეს იდეის საფუძველი: ახალი დანიშნულება ძველ ნივთებს
ლაპიაშვილი ყოველთვის ოცნებობდა, რომ იმ ნივთებისთვის, რომლებიც ადამიანებს აღარ უყვარდათ, ახალი დანიშნულება მიენიჭებინა. მას სჯერა, რომ კრეატიულობისკენ მიმავალი ეს უცნობი გზა ინოვაციებისა და ტრანსფორმაციისთვის უსაზღვრო შესაძლებლობებს მისცემს. სწორედ ამიტომ, ორმა მეგობარმა ეკოლოგიურად სუფთა ფეხსაცმლისა და აქსესუარების შექმნა გადაწყვიტა.
შემდეგი ექვსი თვის განნმავლობაში ისეთ მეწაღეს ეძებდნენ, რომელიც ქსოვილების ნარჩენებისგან მაღალი ხარისხის ფეხსაცმელს შეკერავდა. 2020 წლის დეკემბერში კი პირველი კოლექცია გამოუშვეს. ასე დაიწყო „უსულის“ ისტორია საქართველოში - ქვეყანაში, სადაც მდგარი მოდა ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს.
„უსული“ ელეგანტურობისა და სილამაზის აღმნიშვნელი ძველი ქართული სიტყვიდან მომდინარეობს და შესანიშნავად ასახავს ბრენდის იდენტობას. ძირითადი პროდუქტი, ფეხსაცმელი, მორთულია სხვადასხვა მოხატულობითა და ორნამენტებით, რაც კომპანიის გამორჩეულ სტილს უსვამს ხაზს. გარდა ამისა, ფეხსაცმლის კოლექციის შესავსებად, „უსული“ ასევე გთავაზობთ ჩანთებისა და ქამრების მრავალფეროვნებას. ყველა პროდუქტი დამზადებულია ტექსტილის ნარჩენებისგან, რომლებიც დიზაინერებსა და სტუდიებს რჩებათ მას შემდეგ, რაც სამოსის კერვას დაასრულებენ. „უსული“ ასევე იყენებს მეორად ქსოვილებს, რომლებიც თითქმის ყველა ქართულ ოჯახში გვხვდება.
"ადამიანებს ხშირად აქვთ ძველი ქსოვილები, მაგიდის გადასაფარებლები ან თხელი საბნები, რომლებსაც აღარ იყენებენ, მაგრამ არ იციან სად წაიღონ ან ვის მიუტანონ. „უსულში“ ასეთ ქსოვილებს ახალ დანიშნულებას ვაძლევთ", - განმარტა სოფო ლაპიაშვილმა და აღნიშნა, რომ ოჯახიდან ოჯახში მეორადი ქსოვილების შესაგროვებლად ხშირად დადიან.
ტექსტილის ნარჩენებისა და მეორადი ქსოვილების გამოყენების პრაქტიკა არის ის, რაც „უსულის“ პროდუქციას ბაზარზე არსებულისგან განახვავებს. ისინი გულდასმით ამუშავებენ ქსოვილების უნიკალურ კომბინაციას თითოეული ფეხსაცმლისთვის, რაც ნიშნავს, რომ ორი ერთნაირი წყვილი ვერ იარსებებს. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებისთვის ეს არატრადიციული მიდგომაა, „უსულისთვის“ განსაკუთრებულ უპირატესობას წარმოადგენს. თითოეული ფეხსაცმლის უნიკალურობა აჩვენებს „უსულის“ როგორც ბრენდის ხასიათს, გამოარჩევს მას სხვა მწარმოებლებისგან და მიმზიდველობას მატებს.
„თავიდან ჩვენთვის გამოწვევა იყო ამ ასპექტთან გამკლავება. ხშირად ადამიანები გვიგზავნიდნენ ფოტოებს და გვეკითხებოდნენ, შეგვეძლო თუ არა მსგავსი ფეხსაცმლის შექმნა. უარის თქმა გვიწევდა, რადგან ის კონკრეტული ქსოვილები უკვე აღარ გვქონდა“, - განაცხადა ლაპიაშვილმა. ”მაგრამ შემდეგ ეს დავინახეთ ისე, როგორც ჩვენი ძლიერი მხარე.“
ახალი გზა EU4Business-თან ერთად
პანდემიის შემდეგ „უსულის“ გაყიდვებმა იკლო. ლაპიაშვილის ვარაუდით, ეს შეიძლება მივაწეროთ იმ ფაქტს, რომ მაშინ, როცა ყველაფერი დახურული იყო, ადამიანები თერაპიის სახით ყიდულობდნენ ნივთებს ონლაინ. კომპანია გარკვეულ სირთულეებს წააწყდა, და სწორედ ამ დროს, EU4Business-ისა და Eurochambres-ის დახმარებით ახალი გზა იპოვა. ამ სიახლეს კი იმის პოტენციალიც აქვს, რომ „უსულს“ საინტერესო თანამშრომლობისთვის უკვე საქართველოს საზღვრებს გარეთ გაუხსნას გზა.
„უსული“ ჩაერთო პროექტში „საქართველოსა და ესტონეთის მცირე და საშუალო ბიზნესის საექსპორტო შესაძლებლობების გაძლიერება - ექსპორტის დიზაინი“, რომელიც მხარდაჭერილია EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტის მიერ EU4Business-ის ქოლგის ფარგლებში. 2023 წელს კომპანიამ კრეატიული მცირე და საშუალო ბიზნესის მობილობის პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ლაპიაშვილი ვილნიუსში წავიდა და აირჩია მაღაზია, სადაც მის კომპანიას მომავალში პროდუქციის გამოფენა და გაყიდვა შეეძლება.
იმავე პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ დიზაინერთან თანამშრომლობით, მან შექმნა დიზაინის ობიექტი, რომელიც კაუნასის დიზაინის კვირეულზე გამოიფინა. კონცეფციაზე მუშაობისას ლაპიაშვილი და მისი პარტნიორი სხვადასხვა ქართველი ავტორების ლექსების კრებულს წააწყდნენ.
„ამ წიგნში იყო ლექსი სახელწოდებით „სკამი“, რომელმაც ძალიან მიგვიზიდა. ჩვენი პროექტიც ქსოვილებით დაფარული სკამის ირგვლივ ტრიალებდა და ვფიქრობდით, როგორ შეგვეტანა მასში პერსონიფიკაცია. ლექსის სიტყვებმა ზუსტად აღბეჭდა ჩვენი ხედვის არსი, შექმნა თვალსაჩინო თანხვედრა ჩვენს აზრებსა და იმ შთაგონებას შორის, რომელსაც ვეძებდით“, - იხსენებს ლაპიაშვილი.
ქართველი ავტორის ლია ლიქოკელის ლექსი სკამს ეხება, რომელსაც ერთი ფეხი მოტეხილი აქვს და წუხს, რომ პატრონი თავიდან მოიცილებს. ამის ნაცვლად, მფლობელი გადაწყვეტს სკამი შეინახოს.
„ჩემს ტანსაცმელს მოგაფარებ, რომ არ შეგცივდეს,
დაჯექი და დამელოდე,
აუცილებლად დამჭირდები:
ერთხელაც, როცა ფიქრის ყველა ფეხს მოვიმტვრევ,
შემომიყუდე შენი დარჩენილი ფეხები.“
ლაპიაშვილის დიზაინის ობიექტმა კაუნასის დიზაინის კვირეულზე დიდი მოწონება დაიმსახურა. თითქმის ყველა ადგილობრივმა მედიამ მიუძღვნა სტატია თუ სიუჟეტი. გამოფენის შემდეგ მან გადაწყვიტა „უსულის“ პროდუქციის ნაწილი ადგილობრივ მაღაზიაში გასაყიდად დაეტოვებინა და ამით კომპანიისთვის ბაზრის გაფართოების შესაძლებლობაც შექმნა. გარდა ამისა, აღნიშნულმა წარმატებამ „უსულისთვის’ თანამშრომლობისა და პარტნიორობის ახალი გზები გახსნა.
„EU4BCC-ის პროექტთან ერთად გაჩნდა ახალი კონტაქტები და ახალი გეგმები“, - განმარტა ლაპიაშვილმა. „ეს არის ჩვენთვის სტიმული, რომ წინ წავიწიოთ და „უსულის“ პროდუქციის ექსპორტი დავიწყოთ.
***
EU4Business: Connecting Companies (EU4BCC) პროექტი ფინანსდება ევროკავშირის EU4Business ინიციატივით და ახორციელებს Eurochambres, ასოციაცია, რომელიც მხარს უჭერს ადგილობრივ პალატებსა და ბიზნეს კომპანიებს ევროკავშირსა და სხვა რეგიონებში. პროექტი მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების წახალისებასა და სამუშაო ადგილების შექმნას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდის ხელშეწყობის გზით. კონკრეტულად, EU4BCC ყურადღებას ამახვილებს ისეთ სექტორებზე, როგორიცაა ბიო-საკვები, კრეატიული მრეწველობა, ტექსტილი, ტურიზმი და ღვინო, და ამ ინდუსტრიებში მოქმედ საწარმოებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს.