საქართველოს გზა პოლიტიკიდან მოქმედებამდე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად

საქართველო
საქართველოს გზა პოლიტიკიდან მოქმედებამდე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ჩართულობით და კონსულტაციების საფუძველზე, EU4Business ინიციატივის ფარგლებში, საქართველომ შეიმუშავა ყოვლისმომცველი პოლიტიკა და მხარდაჭერის პროგრამები, აგრეთვე, განავითარა ინსტიტუტები, რაც მას აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში გამოარჩევს, როგორც მისაბაძ მაგალითს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ეფექტიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის შემუშავების კუთხით.

2000-იანი წლების ადრეულ პერიოდში ლიბერალიზაციის ტალღისა და საინვესტიციო გარემოს ხელშემწყობი რეფორმების შემდეგ, საქართველომ თანდათან გააცნობიერა, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა ქვეყანაში მეწარმეობის და კონკურენტუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას, რომელთაც აქვთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის და ეკონომიკის შემდგომი ზრდის ხელშეწყობის შესაძლებლობა.

2015 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამბიციური ამოცანის განხორციელება დაიწყო, რაც მიზნად ისახავდა მთავრობის სახელმძღვანელო პოლიტიკის ჩარჩო-დოკუმენტის შემუშავებას, რომელიც მთავრობის ქმედებებს ორიენტირებულს გახდიდა მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკეთესი ბიზნეს-გარემოს შექმნისკენ და დაძლევდა „ბაზრის ჩავარდნებს“, რომლებიც, როგორც წესი, ართულებს ბიზნესის დაწყებას, მართვასა და განითარებას მცირე მეწარმეებისთვის. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, OECD-ის მხარდაჭერით და ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით მოტივირებული, საქართველოს მთავრობა მთელ რიგ თემატურ სემინარებსა და კონსულტაციებში ჩაერთო კერძო სექტორთან, რომელთა მიზანი პოლიტიკური გამოწვევების იდენტიფიცირება და მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერისთვის კონკრეტული ღონისძიებების შემუშავება იყო როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე განხორციელების თვალსაზრისით.

ამ ნაბიჯებმა განაპირობა 2016-2020 წლებისთვის საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის  მიღება, რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას და ეკონომიკაში მათი როლის გაძლიერების მხარდაჭერას. სტრატეგია მოიცავს 33 პრიორიტეტულ ღონისძიებას, რომლებიც განხორციელდება მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორებიცაა კანონმდებლობის, ინსტიტუციონალური ჩარჩოსა და სამეწარმეო გარემოს დახვეწა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, სამეწარმეო უნარების განვითარება, ასევე, ინტერნაციონალიზაციის და ინოვაციების განვითარების ხელშეწყობა. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მხარდასაჭერად ევროკავშირი ამჟამად საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების ფორმით.

მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველომ ასევე გააცნობიერა, რომ სტრატეგიით განსაზღვრული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები. პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) შექმნამ კატალიზატორის როლი შეასრულა რეფორმების პროცესში და არსებული პოლიტიკა მხარდაჭერის წარმატებულ სქემებად გარდაქმნა.

„საქართველოს მეწარმეების დახმარება ძალიან საპატიო ამოცანაა“, – განაცხადა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ანალიზისა და კვლევის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი დარჩიამ. „OECD-ისა და ევროკავშირის მიმართ მადლობის ნიშნად უნდა თქვას,  რომ მათი მხარდაჭერით  „აწარმოე საქართველოში“ ახლა უკვე ისეთ გარემოში ოპერირებს, სადაც საქართველოს მთავრობას აღებული აქვს გრძელვადიანი ვალდებულება,  ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას. მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიის მიღების შემდეგ ჩვენ შევძელით, გაგვეზარდა საკუთარი ფინანსური და ტექნიკური დახმარება ადგილობრივი მეწარმეებისთვის, რაც უკვე აისახება ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი გათვლებით, საფლაგმანო პროგრამამ „აწარმოე საქართველოში“, მისი დაწყებიდან დღემდე, 280 მილიონი ევროს მოცულობის კერძო ინვესტიციების მობილიზება მოახერხა და ხელი შეუწყო 14 000-მდე სამუშაო ადგილის შექმნას“.

პოლიტიკიდან მოქმედებამდე საქართველოს მიერ განვლილი გზა აჩვენებს, რომ სწორად განსაზღვრული სტრატეგიული ჩარჩოები, მუდმივი დიალოგი კერძო სექტორთან და ძლიერი განმახორციელებელი ინსტიტუციები - ეს ის ფაქტორებია, რომლებიც აუცილებელია ბიზნეს გარემოში საჭირო ცვლილებების განხორციელების და რეალურ ეკონომიკაზე ხელშესახები გავლენის თვალსაზრისით. ასეთი ყოვლისმომცველი მიდგომის შედეგად საქართველოში მცირე და საშუალო საწარმოებს ახლა გრძელვადიანი გეზი აქვთ აღებული, რომ დაეწიონ უფრო დიდ კომპანიებს. იზრდება მათი წილი ეკონომიკის ისეთ ფუნდამენტურ მაჩვენებლებში, როგორებიცაა დასაქმება (62%), ბრუნვა (56%) და დამატებული ღირებულება (59%), მათი თანამშრომლების საშუალო ანაზღაურება კი დიდი საწარმოებისას უტოლდება.

 

[[{"fid":"2910","view_mode":"default","fields":{"format":"default","field_file_image_alt_text[und][0][value]":"","field_file_image_title_text[und][0][value]":""},"type":"media","link_text":null,"attributes":{"height":"632","width":"919","style":"max-width: 100%; max-height: 100%; height: 632px; width: 919px;","class":"media-element file-default"}}]]

* საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორში რეფორმების მხარდაჭერა OECD-იმ უზრუნველყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონული პროგრამის - „მცირე და საშუალო მეწარმეობის კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერა“ ფარგლებში,  რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონის მასშტაბით EU4Business ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. როგორც რეგიონულ, ასევე ეროვნულ დონეზე განხორციელებული ღონისძებებით პროექტი დაეხმარა აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებს პოლიტიკის რეფორმების განხორციელებაში მცირე და საშუალო საწარმოების პოლიტიკის ინდექსის რეკომენდაციების საფუძველზე (OECD/ევროკავშირი/EBRD/ETF, 2015), რამაც ხელი შეუწყო მთავრობების რეაგირების გაუმჯობესებას მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებსა და მოთხოვნებზე, აგრეთვე, საჯარო და კერძო სექტორის დიალოგის გაუმჯობესებას ეროვნულ დონეზე.

OECD აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4Business: პოლიტიკიდან მოქმედებამდე“ ფარგლებში და აწვდის  ქვეყანას მიზნობრივ რჩევებს მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის შემუშავების, მისი განხორციელების და ასევე, ბიზნეს გარემოს რეფორმების კუთხით. თემატური სემინარების, პოლიტიკის განხილვებისა და საჯარო და კერძო კონსულტაციების მეშვეობით OECD ეხმარება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შექმნას შედეგებზე დაფუძნებული მონიტორინგის სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს მთავრობას, მოახდინოს მცირე და საშუალო მეწარმეობის სტრატეგიის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის იდენტიფიცირება და შეაფასოს მისი გავლენა მცირე და საშუალო მეწარმეობის სექტორზე. მუშაობის შედეგები განიხილება საქართველოს საექსპერტო შეფასებისას, რომელიც გაიმართება OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის მრგვალი მაგიდის მომდევნო შეკრებაზე (2018 წ. 19-20 ნოემბერი) OECD-ის სათაო ოფისში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე