დამზადებულია საქართველოში: ევროკავშირი ეხმარება ქართველ მწარმოებლებს დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები

საქართველო
დამზადებულია საქართველოში: ევროკავშირი ეხმარება ქართველ მწარმოებლებს  დააკმაყოფილონ ევროპული სტანდარტები

კომპანია „MPT საქართველო“ ევროპის მოდის ინდუსტრიაში წამყვანი დანიური ტანსაცმლის ბრენდების ჯგუფისთვის „DK Company“ უკვე მესამე წელია პროდუქციას კერავს. ამ ჯგუფში შემავალი ბრენდების: Coop Denmark, Denim Hunter, B-Young, Fransa იარლიყზე ცხრა ენაზე აღნიშნულია - „დამზადებულია საქართველოში“. „MPT საქართველო“-ს მიერ შეკერილ ტანსაცმელს დანიური კომპანია გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიასა და კანადაში  ყიდის.

„MPT საქართველო“-მ 100,000 ევროს ოდენობის დანიური ინვესტიციით 2015 წელს შეძლო საწარმოო საშუალებები განეახლებინა თბილისში მდებარე საწარმოში. „DK Company“-ი „MPT საქართველო“-ს ძირითადი და მუდმივი დამკვეთია, თუმცა ის წარსულში  სხვა დანიურ კომპანიებთანაც თანამშრომლობდა, როგორიცაა „Kompagniet“-ი და „Qiero“.

კომპანიის ხელმძღვანელს, მიხეილ გეთიას, იმედი აქვს, რომ „amfori BSCI“ (ბიზნესის სოციალური შესაბამისობის ინიციატივა) აუდიტის შედეგად მიღებული შეფასება მომავალში კომპანიას ახალი დამკვეთის მოძიებაშიც დაეხმარება. თუმცა, ამისთვის კომპანიას წარმოების გაზრდა მოუწევს, რადგან რესურსი ამ ეტაპზე მთლიანად ათვისებულია.  

„Amfori BSCI“ სისტემის მიხედვით ჩატარებული აუდიტი წარმოების სოციალურ მხარეს აფასებს და სამუშაო პირობებისა და შრომითი უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ხარისხს ადგენს.  „MPT საქართველო”-ს „amfori BSCI-ის“ სისტემით აუდიტის წარმატებით გავლაში და უმაღლესი შეფასების - „A ქულის” მოპოვებაში ევროკავშირისა და GIZ-ის (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) პროექტი - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში” დაეხმარა, რომელიც ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, 2016 წლიდან  სამკერვალო სექტორში ხორციელდება საპილოტე ინიციატივა, რომლის მიზანი ქართველი მწარმოებლების ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციისა და უფრო მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე ექსპორტის ხელშეწყობაა.

ინდუსტრიის ევროპული სტანდარტები  

 „Amfori BSCI“-ის სისტემით აუდიტის წარმატებით გავლა დასტურია იმისა, რომ „MPT საქართველო“ აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. აუდიტმა დაადგინა, რომ საწარმოში გაუმჯობესდა სახანძრო უსაფრთხოების, სამეწარმეო პროცესის სქემის,  სასაწყობე მართვის, დოკუმენტაციის მართვის და შრომითი უფლებების დაცვის საკითხები.

„როდესაც აუდიტორი პირველად ჩამოვიდა და შეგვაფასა, ძალიან დაბალი „D ქულა“ ავიღეთ. მან დაგვიტოვა რიგი რეკომენდაციებისა, რომლებიც საწარმოში შრომითი უსაფრთხოებისა და სხვა სავალდებულო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად უნდა დაგვენერგა. თავიდან რეკომენდაციების ნუსხას რომ შევხედე, წარმოუდგენელი მომეჩვენა მათი განხორციელება.  GIZ-ის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით შევცვალეთ ყველაფერი - საწარმოო პროცესიდან დაწყებული, დოკუმენტების ბრუნვით დამთავრებული, რამაც საბოლოო ჯამში ის შედეგი გამოიღო, რაც დღეს გვაქვს - სანდო პარტნიორის იმიჯი  ევროპის ბაზარზე,“ ამბობს გეთია.

საქართველოს უპირატესობა ამ ბაზარზე ის არის, რომ ქართულ კომპანიას შედარებით მცირე მოცულობის შეკვეთების უმოკლეს ვადაში წარმოება და ექსპორტი შეუძლია. „მსოფლიოს თუ  ევროპის არენაზე ქართული სამკერვალო ბიზნესი თითქმის არ არის წამოდგენილი, თუმცა საქართველოს შეუძლია წარმოებაში ევროპული სტანდარტების დანერგვით ახალი დამკვეთების მოზიდვა. ამას ემატება ის უპრატესობა, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია - შედარებით მცირე მოცულობის შეკვეთების უმოკლეს ვადაში წარმოება და ექსპორტი დანიშნულების ქვეყანაში,“ აცხადებს მიხეილ გეთია.

 „MPT საქართველო“-ში 100 ადამიანია დასაქმებული. საწარმოს ყოველთვიურად საშუალოდ შეუძლია 25 ათასი მაისური, 5 ათასი კაბა და 10 ათასი შარვალი აწარმოოს.    

„Amfori BSCI“-ის სისტემის მიხედვით ჩატარებული აუდიტის შედეგად მაღალი შეფასების მიღება არ ნიშნავს, რომ ეს შეფასება მუდმივად გექნება. ის მოითხოვს სტატუსის განახლებას და აუდიტის განმეორებას. „გარკვეულ სტანდარტს რომ მიაღწევ, ის ყოველთვის უნდა გააუმჯობესო და არ გააუარესო. თუ კლიენტი დაინახავს, რომ თავიდან მაღალ სტანდარტს ფლობდი და შემდეგ გააუარესე, იგი კონტრაქტს არ დაგიდებს,“ აცხადებს მიხეილ გეთია, რომლის კომპანიასაც აუდიტის განმეორებით გავლა ორი წლის შემდეგ უწევს. 

საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია  

რატი ანჯაფარიძე, „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში”  პროექტის ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ის საწარმოები, რომლებსაც „amfori BSCI“-ის სისტემით მაღალი რეიტინგი აქვთ, საექსპორტო ბაზრებისა და კლიენტების დივერსიფიკაციას მეტად შეძლებენ. „არის შემთხვევები, როდესაც სამკერვალო საწარმოს ერთი ან ორი კლიენტი ჰყავს, ეს დიდი რისკია. თუ კლიენტმა ინტერესი შეცვალა ან რაიმე სხვა მიზეზით შენგან აღარ მოისურვა პროდუქციის ყიდვა, კომპანია კლიენტის გარეშე რჩება ევროპის ბაზარზე. ამიტომ „amfori BSCI“-ის მაღალი რეიტინგი გაძლევს შესაძლებლობას, რომ ევროპელ კლიენტებთან უფრო მყარი კონტაქტები დაამყარო და გახდე სანდო პარტნიორი მათ თვალში,“ განაცხადა ანჯაფარიძემ.

ანჯაფარიძე განმარტავს, რომ ევროკავშირში არსებული კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორობა ჰქონდეთ ისეთ საწარმოებთან, სადაც დამსაქმებელი იღებს დასაქმებულის წინაშე პასუხისმგებლობას მისი შრომითი უფლებების დაცვაზე და არის პროდუქციის სანდო მიმწოდებელი. ევროკავშირში სოციალურ და სხვა ვალდებულებებს თავად ბიზნეს სექტორიც იღებს საკუთარ თავზე და ადგენს შესაბამის სტანდარტებს როგორც ადგილობრივი, ისე გლობალურ ჯაჭვში ჩართული მიმწოდებელი კომპანიებისთვის. „Amfori BSCI”-ის სისტემა სწორედ ასეთ სტანდარტებს მოიცავს.

„Amfori BSCI-ს” აუდიტისთვის მომზადების მიმართულებით ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტი  კიდევ სამ კომპანიასთან თანამშრომლობს. ესენია: „ელსელემა“, „ევროტექსი“ და „მოდელების სახლი მატერია.“

ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით ასევე იგეგმება სამკერვალო სექტორის განვითარების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოში წარმოებული პროდუქციის დივერსიფიკაციასა და ექსპორტს.  

 

***********************

ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს - „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში” GIZ ახორციელებს.  პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდაში და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. ის საფუძველს უყრის მცირე და საშუალო მეწარმეობის გაძლიერებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფართომასშტაბიანი  ეკონომიკური ზრდა.

ეს პროექტი ევროკავშირის ინიციატივა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც  საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარების მხარდამჭერ ყველა პროგრამას აერთიანებს.. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უხსნის საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ.

2009-2017 წლებში ევროკავშირმა „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ინიციატივის ფარგლებში, 69 მილიონი ევროს ღირებულების კონტრიბუცია განახორციელა საქართველოში, რამაც შესაძლებელი გახადა ქართულ კომპანიებზე 882 მილიონი ევროს ღირებულების სესხის გაცემა, 40 000 საწარმოს მხარდაჭერა  და 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნა. 

 

ავტორი: თამარ ხურცია

 

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე