ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) და ევროკავშირი ხელს უწყობენ ქართული ბიზნესის მოდერნიზებას
საქართველო არის 60 000-ზე მეტი თხილის მწარმოებლის ქვეყანა. მისი ტრადიციული სამზარეულო მოიცავს ისეთ პროდუქტებს, როგორიცაა ჩურჩხელა, ცნობილი ტკბილეული თხილისა და ყურძნისგან. ფერმერებისა და მწარმოებელთათვის, რომლებიც თავის პროდუქციას ესტონელებს, დანიელებს და ესპანელებს აწვდიან, მნიშვნელოვანია გააგრძელონ ზრდა, შექმნან სამუშაო ადგილები და ხელი შეუწყონ შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას.
ევროკავშირი მსოფლიოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო ბლოკია. საქართველომ ხელი მოაწერა სავაჭრო შეთანხმებას ევროკავშირთან, რომელიც ითვალისწინებს ერთიან ბაზარზე გასვლას, ბაზარი კი სთავაზობს საწარმოებს სწორედ ასეთ სავაჭრო შესაძლებლობებს ქვეყანაში. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ მათ მიერ შემოთავაზებული საქონელი და მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს ევროკავშირის სტანდარტებს. ეს მათ ინტერესებშიც შედის, რადგან მათ მეტად კონკურენტუნარიანებს ხდის შიდა და გარე ბაზრებზე.
და მაინც, ბიზნესის რომელ ნაწილს ეხება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები? როგორ შეძლებენ ქართული საწარმოები ევროკავშირში ექსპორტის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილებას? და როგორ შეძლებენ ამდენად საჭირო გაუმჯობესებების დაფინანსებას?
ევროკავშირთან ერთად ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის ბიზნესს, მაქსიმალურად გამოიყენოს მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ბაზარზე შეუზღუდავი წვდომის შესაძლებლობა.
თხილიდან IT მომსახურებამდე
EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზთან დაკავშირებით ჩატარებულმა სემინარებმა ქართველ მეწარმეებს, მათ შორის თხილის ფერმერებს, ღვინის ექსპორტიორებსა და ხორცის გადამამუშავებელ საწარმოებს, ამ შეკითხვებზე პასუხი გასცა. მათ განმარტეს შემოთავაზება, მათ შორის EBRD-ის პარტნიორი ბანკების მიერ დაფინანსება და ევროკავშირის გრანტები შესაბამისი აღჭურვილობის შესაძენად, პროდუქციის მოდერნიზებისა და მომსახურების გაუმჯობესებისთვის.
„ეს არის უნიკალური კომბინაცია, რომელიც ბევრი თხილის ფერმერის ინტერესებში შევა“, – განმარტავს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის თავჯდომარის მოადგილე, გიორგი მანაგაძე, რომელიც ერთ-ერთ სემინარს დაესწრო.
„საკრედიტო ხაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ გაცემული საგრანტო კომპონენტი მნიშვნელოვანია ჩვენი წევრებისთვის, რადგან დროითი დაყოვნება ინვესტიციის განხორციელებიდან, ანუ ახალი ხეების დარგვიდან და სარწყავი სისტემების დამონტაჟებიდან, პირველ მოსავლამდე 3-4 წელს შეადგენს,“ – თქვა მან.
თხილის მწარმოებელთა ასოციაცია მუშაობს კომპანია Ferrero-სთან ერთად, რათა ხელი შეუწყოს ფერმებს და გააუმჯობესოს მათი წარმოება საქართველოში. შოკოლადისა და საკონდიტრო ნაწარმის მწარმოებელი უზრუნველყოფს მცირე ქარხნებს, ასოციაცია კი ფერმერებთან მუშაობს – ასწავლის და ეხმარება მათ თანამედროვე სარწყავ სისტემებში, განაყოფიერების ტექნოლოგიებსა და საწყობებში ინვესტირებაში.
ისევე, როგორც სხვა სფეროებში, მწარმოებლები უნდა აკმაყოფილებდნენ ევროკავშირში ექსპორტის შესაბამის სტანდარტებს. ეს ეხება ყველაფერს, ახალგაზრდა მცენარეების ირიგაციით დაწყებული, საწყობში არსებული პირობებით დამთავრებული, რათა ევროპულ ბაზარზე გასასვლელად გარანტირებული იყოს საბოლოო საქონლის საკმარისად მაღალი ხარისხი.
„საკრედიტო ხაზის ფარგლებში უზრუნველყოფილი ტექნიკური დახმარება ხელს შეგვიწყობს შესაფერისი საინვესტიციო გეგმის ჩამოყალიბებაში იმ წევრებისთვის, რომლებიც ამ გაუმჯობესების პროგრამის ნაწილს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მწარმოებელი კრედიტისთვის ინდივიდუალურად მოგვმართავს, ეს ხელშეწყობა დაგვეხმარება ერთი ტექნიკური სტანდარტის შემუშავებაში, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ინდივიდუალურ ინვესტორს ჩვენს გუნდში“, – დასძინა ბ-ნმა მანაგაძემ.
თხილის ფერმერები, რა საკვირველია, მხოლოდ ერთი მაგალითია იმ მეწარმეების, რომლებსაც ევროკავშირთან ახალი სავაჭრო შეთანხმებებიდან სარგებლის მიღება შეუძლიათ. სხვა ბენეფიციარებს შორისაა საწარმოები ეკონომიკის ყველა სფეროდან, მაგალითად, ტექსტილისა და ავეჯის ექსპორტიორები, კვების პროდუქტების მწარმოებლები, ავტონაწილების საბითუმო გამყიდველები, IT კომპანიები და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები.
ბიზნესის განვითარების შესაძლებლობები საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში
EBRD ადგილობრივ პარტნიორ ბანკებში საკრედიტო ხაზის და ვაჭრობის დაფინანსების ფარგლებში 380 მილიონ ევროს გამოყოფს მსგავსი საწარმოებისთვის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
სამივე ქვეყანამ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც უზრუნველყოფს მათი ბიზნესისთვის ევროკავშირის ბაზარზე წვდომას.
ევროკავშირი 19 მილიონი ევროს ოდენობით მხარს უჭერს EBRD-ის სესხებს EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში. ევროკავშირის დაფინანსების წყალობით, თითოეული სესხის 15%-მდე, რომელიც მცირე ან საშუალო საწარმოს მიერაა აღებული ინვესტიციების დასაფინანსებლად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის სტანდარტების შესაბამისად, შეიძლება გადაიზარდოს გრანტში.
მოლდოვაში Mobiasbanca გახდა პირველი პარტნიორი, რომელმაც დაიწყო კრედიტების შეთავაზება EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის ფარგლებში 2016 წლის დეკემბერში. როგორც მოსალოდნელია, ეს საგრძნობლად გაზრდის მოლდავური კომპანიების ევროკავშირთან ვაჭრობის შესაძლებლობას. ამას მოჰყვა რამდენიმე თვის წინ საქართველოში პროგრამის დაწყება.
გარდა ამისა, EBRD-მა უზრუნველყო პირდაპირი კრედიტები სხვადასხვა კომპანიებისთვის სამ ქვეყანაში და ასევე საკონსულტაციო მომსახურება ევროკავშირთან ვაჭრობისთვის მოსამზადებლად. ორივე პროგრამა ასევე ფინანსდება ევროკავშირის მიერ EU4Business-ის ინიციატივის ფარგლებში.
EBRD ხელს უწყობს ეკონომიკურ ინტეგრაციას, როგორც კარგად ფუნქციონირებადი საბაზრო ეკონომიკის საკვანძო ელემენტს, რაც განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის საშუალებას იძლევა.
ყველას ინტერესებშია, მათ შორის საქართველოს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების, შესთავაზონ მაღალხარისხიანი საქონელი ხელმისაწვდომ ფასად და განავითარონ მდგრადი ეკონომიკა მთელ მსოფლიოში.
ვოლკერ აჰლემაიერის სტატია
EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზი
იხილეთ EU4Business-ის ფარგლებში საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ხელმისაწვდომი მხარდაჭერა