ევროკავშირის EU4Business-ით გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში, ამ კვირაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაიწყო პროექტი Trade Ready საქართველოში – ვაჭრობის მხარდაჭერის ახალი ინიციატივა, რომელიც მიმართულია მცირე და საშუალო ზომის საწარმოებზე, რომლებიც მუშაობენ საკუთარი კონკურენტუნარიანობის გასაუმჯობესებლად საერთაშორისო ბაზრებზე წარმატების მისაღწევად.
EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის დონორი ფონდების მიერ დაფინანსებული Trade Ready შემუშავებულია იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს წვდომა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებასა და ბიზნეს კონსულტაციებზე მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობას ეწევიან.
ზრდადი ინტეგრაცია საერთაშორისო სავაჭრო ნაკადებში წარმოადგენს როგორც შესაძლებლობას, ასევე რთულ ამოცანას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მრავალ ქვეყანაში, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს ინვესტირებას. ქართული კომპანიებისთვის მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესება მთავარი ფაქტორია საერთაშორისო ბაზრებზე მუდმივი არსებობის მისაღწევად.
Trade Ready პროექტის მიზანია სწორედ ამ და მრავალი სხვა მსგავსი საკითხების გადაწყვეტა. ინიციატივა სთავაზობს ვაჭრობის დაფინანსების ტრენინგს და ვაჭრობასთან დაკავშირებულ ბიზნეს კონსულტაციებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ადგილობრივ ბანკებთან კავშირების დამყარების შესაძლებლობებს, ასევე პოლიტიკურ დიალოგს მარეგულირებელ გარემოში გაუმჯობესებების ხელშესაწყობად. ბანკებს, თავის მხრივ, შეუძლიათ ახალი კლიენტების მოზიდვა ვაჭრობის დაფინანსების ახალი პროდუქტების შემოღებით. ამავდროულად ბიზნესები მიიღებენ გაუმჯობესებულ წვდომას დაფინანსებაზე და საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის შანსს.
Trade Ready პროექტი გააფართოებს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვაჭრობის ხელშეწყობის პიონერ პროგრამას (TFP) და სპეციალურ ბიზნეს კონსულტირებას ბანკის მცირე ბიზნესის ინიციატივის მეშვეობით. უახლოეს თვეებში Trade Ready პროექტი დაიწყება სხვა ქვეყნებშიც, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ახორციელებს ინვესტიციებს.
TFP შემუშავდა საერთაშორისო ვაჭრობის წინ წაწევისა და ხელშეწყობის მიზნით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონებში და მუშაობს 1999 წლიდან. მარტო საქართველოში დღეის მდგომარეობით დაიდო საერთაშორისო ვაჭრობის 2000-ზე მეტი გარიგება 1,2 მილიარდ ევროზე მეტი ჯამური თანხით.
საკუთარი მცირე ბიზნესის ინიციატივის მეშვეობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი უზრუნველყოფს ბიზნეს კონსულტაციებს, რომლებიც ეხმარება მცირე და საშუალო ბიზნესს გაზრდაში, წარმატების მიღწევასა და იმაში, რომ გახდეს ნამდვილი კატალიზატორი ადგილობრივი ეკონომიკებისა და რეგიონებისთვის. 15 წლის მანძილზე პროგრამის ფარგლებში განხორციელდა 12,5 მილიონ ევროზე მეტი სადონორო დაფინანსება, რომელიც 1100-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს დაეხმარა საქართველოში.
EU4Business პროგრამები ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას საქართველოში, ფინანსებზე და ახალ ბაზრებზე წვდომის გაუმჯობესებით, ასევე ქალთა მეწარმეობის და მწვანე ენერგეტიკის პროექტების წყალობით. მცირე და საშუალო ბიზნესმა, რომელიც მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, შეიძლება ასევე მიიღოს ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერა ევროკავშირის სტანდარტებთან ადაპტირებისა და უცხოურ ბაზრებზე გასვლისთვის.