ევროკავშირმა და გაერომ საქართველოს კერძო სექტორის მხარდამჭერი ინიციატივის შედეგები შეაჯამეს

საქართველო
ევროკავშირმა და გაერომ საქართველოს კერძო სექტორის მხარდამჭერი ინიციატივის შედეგები შეაჯამეს

14 ნოემბერს ევროკავშირმა და გაერომ  5.1 მილიონი ევროს ღირებულების ინიციატივის, „ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, შედეგები შეაჯამეს.

2019-2023 წლებში ამ პროგრამამ ხელი შეუწყო ისეთი მიმართულებების წახალისებას, როგორებიცაა ცირკულარული ეკონომიკა, მძლავრი ბიზნესკლასტერების შექმნა, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და საქართველოს მეწარმეების დამკვიდრება ევროპულ ბაზრებზე.

გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პრესრელიზის თანახმად, პროგრამის საქმიანობა უშუალოდ აისახა ქვეყნის 100-მდე მცირე და საშუალო საწარმოზე. მან ასევე ხელი შეუწყო იმ ოთხი ბიზნესკლასტერის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რომელთაგან რამდენიმემ კლასტერული ანალიზის ევროპული ინიციატივისგან (ECEI) საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.

გარდა ამისა, პროგრამამ საქართველოს მასშტაბით 1 500-ზე მეტ მეწარმესა და ფერმერს შეუქმნა სწავლისა და განვითარების შესაძლებლობები. ამ გზით მათ გაუუმჯობესდათ ბიზნესის სამართავად საჭირო უნარები და გახდნენ მეტად კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ბაზარზე. 

პროგრამა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობასა და კერძო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობის საფუძველზე განხორციელდა. მის საქმიანობაში წვლილი შეიტანეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO), გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაციამ (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM).

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე