სემინარზე, რომელსაც თბილისის ტექნოპარკში ახლახან უმასპინძლა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA-მ) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და EU4Business ინიციატივის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ განხორციელებული მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში პროექტის მხარდაჭერით, საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების სტრატეგია განიხილეს.
კლასტერი ჩამოყალიბდა პროექტის ბიზნეს კლასტერიზაციის ინიციატივის ფარგლებში და ოფიციალურად ამ თვეში დარეგისტრირდება, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
სემინარზე, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტების გუნდი უძღვებოდა, განხილულ იქნა გზები იმის უზრუნველსაყოფად, რომ კლასტერის ინიციატივა შეუფერხებლად განაგრძობდეს წინსვლას, სწორ გზას ადგეს და ხორციელდებოდეს წევრებს შორის შეთანხმებული პრიორიტეტების მიხედვით. კლასტერების საერთაშორისო ექსპერტებმა საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს მთელ რიგ სტრატეგიულ და ოპერაციულ საკითხებზე, რითაც მონაწილეებს ამ სფეროში მათ მიერ დაგროვილი გამოცდილება და ექსპერტული ცოდნა გაუზიარეს. მონაწილეებთან ერთად, მათ მიმოიხილეს კლასტერის ხედვა და მისია, 2025 წლამდე განსახორციელებელი მიზნები და სამოქმედო გეგმა.
საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი მიზნად ისახავს კომპანიების, პროფესიონალების, საგანმანათლებლო და კვლევასა და განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტების ერთად შეკრებას კლასტერის წევრების კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესებისა და სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით. ამჟამად 11 კომპანიისგან შემდგარი კლასტერი მიზნად ისახავს საკუთარ პრიორიტეტებში ცნობიერების ამაღლებასა და ახალი წევრების მოზიდვას.
„საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) კლასტერის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია, რამდენადაც იგი ICT სექტორის წარმომადგენელთა შორის თანამშრომლობის სტიმულირებას ახდენს, ხელს უწყობს ინდუსტრიის განვითარებას მიმდინარე გამოწვევების ფონზე და ქართული ICT სერვისებისა და პროდუქტების ექსპორტის გაზრდას, რაც დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკასა და ინოვაციური სტარტაპების შექმნაზე“, – განაცხადა დავით კიზირიამ, კლასტერის წევრმა და კომპანია „Innovative Systems Management“-ის დამფუძნებელმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარებისთვის კარგი პრაქტიკის დანერგვა და სფეროში გამოცდილების მქონე საერთაშორისო პროფესიონალებთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – განაცხადა გიორგი მჟავანაძემ, „Do So“-ს დამფუძნებელმა.
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქვეშ არსებულ სამთავრობო სააგენტოს წარმოადგენს, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების ინიციატივის მხარდამჭერია. იგი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ICT სექტორში მოქმედ კომპანიებთან და კლასტერის წევრები სააგენტოს ერთ-ერთ მოწინავე სამთავრობო პარტნიორად მიიჩნევენ საქართველოს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის განვითარების პროცესში.
„კლასტერების ჩამოყალიბება და განვითარება კატალიზატორის როლს ასრულებს მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების პროცესში”, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა. მან, ასევე, ხაზი გაუსვა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კლასტერი არა ცალკე მდგომი კლასტერია, არამედ იგი ნებისმიერ სხვა კლასტერთან დაკავშირებისა და მათთვის მომსახურების მიწოდების შესაძლებლობას იძლევა.”
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ეხმარება საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებს (SME), გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანები და მოერგონ ევროკავშირთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) პირობებში შექმნილ ახალ მარეგულირებელ გარემოს. ეს პროექტი ევროკავშირის EU4Business ინიციატივის ნაწილია, რომელიც ეხმარება მცირე და საშუალო საწარმოებს DCFTA-დან სარგებლის მიღებაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების, ბიზნესის ცოდნისა და უნარების ამაღლების და მსგავსი საწარმოებისთვის ფინანსებზე უკეთესი წვდომის მხარდაჭერით.