46 წლის სოფლის ექიმისთვის, ნანა კაპანაძისთვის, პურის ცხობა თავიდან მხოლოდ ოჯახის გამოკვების საშუალება იყო. ის იმერეთში, სოფელ პერევში ცხოვრობს, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან სულ რაღაც ორ კილომეტრში მდებარეობს. თუმცა, როდესაც სოფელში ახალი პურის დეფიციტი შეიქმნა, მან მთელი სოფლისთვის დაიწყო ცხობა და პირადი საჭიროება სათემო მნიშვნელობის საქმედ აქცია.
იძულებითი წასვლა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსულმა ჯარებმა პერევზე კონტროლი დაამყარეს და იქ 2010 წლამდე დარჩნენ, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მათ გაყვანას ითვალისწინებდა. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პერევი დაძაბულობის კერა იყო — იქ შესვლა ევროკავშირის მონიტორებსაც კი ეკრძალებოდათ. ხანგრძლივმა ოკუპაციამ ცხოვრების რიტმი დაარღვია და მოსახლეობაში შიში დათესა. ბევრმა მშობლიური კერა დატოვა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით, პერევში 564 ადამიანი ცხოვრობდა.
„სოფელი დაცარიელდა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ“, — ამბობს ნანა კაპანაძე. — „ჩვენი ტყეები და საძოვრები რუსებს აქვთ დაკავებული და ხალხი იქ ვეღარ შედის. ჩვენი შემოსავლის მთავარი წყარო სოფლის მეურნეობა იყო. ახლა ძროხებს საძოვარზეც ვეღარ ვუშვებთ — ასეთ პირობებში რაღა უნდა ვაწარმოოთ? ადამიანების უმეტესობას მხოლოდ ერთი ძროხა ჰყავს, ზოგს კი საერთოდ აღარც ჰყავს, რადგან თივის ყიდვა უწევთ, რაც პირუტყვის შენახვას ძალიან აძვირებს“.
„ჩემი შვილებიც, სხვების მსგავსად, უკეთესი სამუშაოს საძიებლად წავიდნენ. მათ ვერ გავამტყუნებ“.
მიზეზი დარჩენისთვის
ნანა კაპანაძეს არ სურდა იმ სოფლის დატოვება, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა და წლების განმავლობაში ოჯახის ექიმად იმუშავა. საბედნიეროდ, სამი წლის წინ მან EU4Dialogue-ის საგრანტო პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, პროფესიული საცხობი დანადგარები შეიძინა და პატარა ფურნე გახსნა. საცხობი მალევე გახდა პოპულარული პერევის მცხოვრებლებს შორის და დღეს სოფელს ყოველდღიურად 200-300 პურს აწვდის.
EU4Dialogue: კონფლიქტის ტრანსფორმაციის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვას რესპუბლიკაში — ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივაა. პროექტი მიზნად ისახავს დიალოგის ხელშეწყობას, ხალხთა შორის კონტაქტების აღდგენასა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. პროგრამა, რომელიც EU4Business-ის ეგიდით 2025 წლის მაისში დასრულდა, რეგიონში გენდერულ თანასწორობასა და ახალგაზრდებისთვის უკეთესი მომავლის შექმნას უწყობდა ხელს.
პროექტი ადგილობრივი ინიციატივებისთვის გრანტებს გასცემდა და სთავაზობდა მოქნილ მექანიზმებს გადაუდებელი საჭიროებების მოსაგვარებლად. ამასთანავე, ტრენინგებისა და ცოდნის გაზიარების გზით, ის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე ზრუნავდა.
საცხობის გახსნა ნანა კაპანაძისთვის მხოლოდ დიდი მიღწევების დასაწყისი იყო. ის და მისი ოჯახი ახლა პატარა რესტორნის გახსნას გეგმავენ, სადაც სტუმრებს ტრადიციულ ხინკალს, თბილ პურსა და სხვა ნობათს შესთავაზებენ.
„ამით კიდევ 7-8 ადამიანს დავასაქმებ და ადგილობრივებისთვის ახალ სამუშაო ადგილებს შევქმნი“, — ამბობს ნანა. — „ეს ბევრი ოჯახისთვის მუდმივი შემოსავლის წყარო გახდება. როცა ადამიანს აქ საქმე აქვს, სოფლიდან წასვლაზე ნაკლებად ფიქრობს. შემოსავლის გარეშე კი სხვა გზა აღარ რჩებათ“.
„ჩემი სურვილია, სხვებსაც ვასწავლო კარგი პურის ცხობა. ჩემ მიერ მიღებული გრანტი სხვა ქალებისთვისაც შთაგონებაა. „ჭკვიანს“ მეძახიან და ჩემს მაგალითს მიჰყვებიან“, — გვითხრა ნანა კაპანაძემ.