"როგორც დიზაინერი, ჩემს კლიენტებს ოცნებების ახდენაში ვეხმარები. როგორც მეწარმე, საკუთარ ოცნებებს ვისრულებ.“
ვახტანგ დუჩიძე | დიზაინერი და მეწარმე, გრაფიკული დიზაინი და ბეჭდვა | საქართველოს ბანკი, საქართველო
ვახტანგ დუჩიძეს, რომელიც ათი წელია გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს და ამზადებს პროდუქტების შეფუთვას საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის, არაერთი ერთგული კლიენტი ჰყავს. მას კმაყოფილებას ჰგვრის საკუთარი ნამუშევრის ქართული სუპერმარკეტების დახლზე ხილვა, ხოლო ეს ნამუშევრები მისთვის სტაბილური შემოსავლის წყაროა. მის სავიზიტო ბარათს აწერია: „დირექტორი, გრაფიკული დიზაინი და ბეჭდვა“. ამ საქმიანობას ვახტანგი მარტო უძღვება. ეს 2008 წელს იყო.
კლიენტები, რომლებთანაც ვახტანგი ათი წლის წინ მუშაობდა, გაიზარდნენ და თავიანთი პროდუქტია გააფართოვეს. გაიზარდა მათი მხრიდან გრაფიკული დიზაინისა და ბეჭდვის მომსახურებაზე მოთხოვნაც, თუმცა, ამავდროულად, მათ ერთი რამ აშფოთებთ: „ვახტანგ, შენს გარშემო გუნდი უნდა შემოიკრიბო, თორემ მუშაობით გადაიღლები.“
ვახტანგი ხვდება, რისი თქმა სურთ კლიენტებს. გარდა იმისა, რომ მას ახალი კლიენტებისთვის, ხშირად, უარის თქმა უწევს, თუ არ გაფართოვდება, მან შესაძლოა არსებული კლიენტებიც დაკარგოს. ამასთან, იგი გულით კრეატიული ადამიანია: „ბიზნეს გეგმა, დოკუმენტების წარმოება, თანამშრომლების აყვანა და მართვა...“ ვახტანგი თავს აქნევს. „გულწრფელად რომ გითხრათ, ეს ყველაფერი შეუძლებელი ჩანდა. მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ან ახლა უნდა გამეკეთებინა ეს, ან არასოდეს. დრო იყო, ბანკში მივსულიყავი.“
აღმოჩნდა, რომ ვახტანგი სულ ტყუილად შფოთავდა. იგი იხსენებს, რომ სესხის ოფიცერი საქართველოს ბანკიდან - რომელიც EFSE-ს პარტნიორია 2014 წლიდან - მას გვერდით დაუჯდა და ყველაფერი დეტალურად აუხსნა. მან ვახტანგი დაარწმუნა, რომ ბანკის მხარდაჭერა უფრო მეტია, ვიდრე დაფინანსება, ხოლო ერთად მათ დაისახეს გეგმა, თუ როგორ დაეყენებინათ „გრაფიკული დიზაინი და ბეჭდვა“ მყარი და მართვადი ზრდის ტრაექტორიაზე.
„EFSE-სთან კავშირის გამო, ჩემმა პარტნიორმა ბანკში ზუსტად იცოდა, თუ რაზე უნდა გამემახვილებინა ყურადღება და რა სახის მხარდაჭერა მჭირდებოდა,“ - ღიმილით იხსენებს ვახტანგი, „ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გრაფიკულმა დიზაინმა და ბეჭდვამ დედამიწის დაბალი ორბიტა დატოვა და ვარსკვლავებისკენ დაიწყო სვლა.“
2018 წელია. ვახტანგის სავიზიტო ბარათს კვლავ „დირექტორი, გრაფიკული დიზაინი და ბეჭდვა“ აწერია, თუმცა, მისი გუნდი გაიზარდა და ახლა რვა სრულგანაკვეთიანი თანამშრომლისგან შედგება. იგი არა მხოლოდ ფლობს იმ საოფისე სივრცეს, სადაც თორმეტი წელი მუშაობდა, არამედ, მისი გაფართოებაც კი შეძლო - რათა განეთავსებინა ბოლო თაობის ციფრული ბეჭდვის მოწყობილობა. „დასაწყისში მეშინოდა, რომ რაღაცის დათმობა მომიწევდა, თუმცა, დღეს დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანთა არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად მუშაობა და კლიენტებისგან დადებითი შეფასებების მოსმენა. დღეს იმაზე უფრო ენერგიულად და კრეატიულად ვგრძნობ თავს, ვიდრე ოდესმე.“