ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „კოვზი“ ევროპულ ბაზარზე გასვლას EU-ს მხარდაჭერით გეგმავს

საქართველო
ქართული ტექნოლოგიური სტარტაპი „კოვზი“ ევროპულ ბაზარზე გასვლას EU-ს მხარდაჭერით გეგმავს

საერთაშორისო სწრაფი კვების ქსელში გატარებული ხუთი წლის შემდეგ, სანდრო დარსაველიძემ კარგად იცოდა, რამდენად რთული და ძვირადღირებულია საქართველოში ბიზნესისთვის ონლაინ სივრცეში თავის დამკვიდრება. 2016 წელს მან გაარკვია, რომ რესტორნისთვის სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის ვებგვერდის შექმნა დაახლოებით 21 641 ევრო ჯდებოდა და პროცესი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.

„სწორედ მაშინ მივხვდით, რომ ბაზარზე სერიოზული ხარვეზი არსებობდა," — ამბობს თანადამფუძნებელი ალექსანდრე ცინცაძე.

ორივემ ერთად შექმნა  “კოვზი“ (Kovzy), პლატფორმა, რომელიც რესტორნებს პირდაპირი გაყიდვების არხს აძლევს: შეუძლიათ მიიღონ ონლაინ გადახდები და მართონ მიტანის სერვისი ყოველგვარი ტექნიკური სირთულის გარეშე.

ერთი გადაწყვეტა

„კოვზი“ ელექტრონულ კომერციას ამარტივებს. პლატფორმა, რომელიც SaaS მოდელზეა აგებული და მცირე და საშუალო ზომის რესტორნებსა და სტუმართმოყვარეობის სექტორის ბიზნესებზეა გათვლილი, ერთ სივრცეში აერთიანებს ყველაფერს რაც ოპერატორებს სჭირდებათ: POS სისტემებს, QR მენიუებს, ონლაინ შეკვეთებს, ლოიალობის ინსტრუმენტებს და მიტანის სერვისების ინტეგრაციას. გადახდები, მიტანა და სოციალური მედიის არხები უპრობლემოდ ერთვება სისტემაში.

გუნდი ვებგვერდს ერთ დღეში ამზადებს, ხოლო ინტერფეისი იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერი მომხმარებელი დამოუკიდებლად ართმევს თავს. ვებგვერდის ჩაშვება უფასოა, შემდეგ კი ფიქსირებული თვიური გადასახადი 99 ლარია (დაახლოებით 32 ევრო).

„კოვზის“ დახმარებით რესტორნებს შეუძლიათ მხოლოდ სამ დღეში დაიწყონ პირდაპირი გაყიდვები საკუთარი ვებგვერდიდან. ლოჯისტიკის გამარტივების მიზნით კი კომპანია კვების ობიექტებს პარტნიორ საკურიერო სამსახურებთან აკავშირებს. მხარეები პირობებს თვითონ აწესრიგებენ და შეკვეთების შესრულების პროცესს ერთად ადგენენ.

ინოვაციური პროდუქტის გაშვება ერთი გამოწვევაა, ბიზნესების აზროვნების შეცვლა კი — სულ სხვა.

„ბიზნესები უნდა დაგვერწმუნებინა, რამდენად მნიშვნელოვანია პირდაპირი გაყიდვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ერთგულ მომხმარებლებს ეხება," — ამბობს ცინცაძე. 

„როდესაც მესამე მხარის პლატფორმის მეშვეობით ყიდი, ის ურთიერთობა შენი არ არის — არ იცი ვინ არიან შენი მომხმარებლები და პირდაპირ ვერ მიმართავ მათ." პირდაპირი არხი ოპერატორებს მომხმარებლის გამოცდილებაზე, უკუკავშირზე და კომუნიკაციაზე გაცილებით მეტ კონტროლს აძლევს.

შედეგმაც არ დააყოვნა. „კოვზი“ სწრაფად გაიზარდა, სომხეთის ბაზარზეც შევიდა და ამჟამად ორივე ქვეყანაში 700-ზე მეტ რესტორანს ემსახურება.

შემდეგი ნაბიჯი

დამტკიცებული მოდელითა და მზარდი მომხმარებლებით, კომპანიამ პლატფორმის სრულყოფაზე — პირველ რიგში ონლაინ დაჯავშნის მოდულის დამატებაზე — და ევროპულ ბაზრებზე გასვლაზე დაიწყო ფიქრი. ამისათვის კი გარე მხარდაჭერა დასჭირდა.

საბედნიეროდ, კომპანიამ მხარდაჭერა IA2M პროექტის „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“ ფარგლებში მიიღო. პროექტმა „კოვზის“ 50 000 ლარამდე (19 000 ევრო) თანადაფინანსება უზრუნველყო, კომპანიამ კი საკუთარი კონტრიბუციაც დაამატა. 

„UNDP-ისა და EU4Business-ის მხარდაჭერა საშუალებას მოგვცემს ევროპულ ბაზარზე შევიდეთ," ამბობს ცინცაძე. მიზანი ნათელია: „კოვზი“ გახდეს პირველი ერთიანი პლატფორმა სტუმართმოყვარეობის სექტორისთვის ბალტიის ქვეყნებში. ლატვიაში, ლიტვასა და ესტონეთში გაფართოება კი ევროკავშირის უფრო დიდ ბაზარზე შეღწევის საფუძველი გახდება.

2025 წელს „კოვზი“ იმ 24 ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის მოხვდა, რომლებმაც IA2M პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღეს. სულ 296 600 ევროს ოდენობის გრანტი გაიცა. თავად ინიციატივა 5,16 მილიონი ევროს ღირებულების პროექტია, რომელსაც ევროკავშირი EU4Business-ის ფარგლებში აფინანსებს და UNDP და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრი (ESTDEV) ერთობლივად ახორციელებენ. მიზანი კი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესების დახმარებაა, რომ უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ და ევროკავშირის ბაზარზე თავის დამკვიდრება შეძლონ.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე