ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) სთავაზობს ახალ შესაძლებლობებს ბიზნესებს ამ სამ ქვეყანაში
თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივა ევროკავშირთან მრავალ ახალ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესებს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.
EBRD და ევროკავშირი დახმარებას უწევს ბიზნესებს ამ ქვეყნებში, რომ მათ მთლიანად გამოიყენონ მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე შეუზღუდავი შესვლის უპირატესობა: ისინი ეხმარებიან საწარმოებს, გააუმჯობესონ წარმოება და საწარმოო პროცესები, აითვისონ ევროკავშირის სტანდარტები და გახდნენ უფრო კონკურენტუნარიანი ახალ საექსპორტო ბაზრებზე.
სამმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან, რომელიც ითვალისწინებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შექმნას თითოეულ ამ ქვეყანასა და ევროკავშირს შორის.
ამგვარი განვითარება, როგორც მოსალოდნელია, მისცემს ბიზნესებს და ეკონომიკას - სოფლის მეურნეობიდან დაწყებული, საინფორმაციო ტექნოლოგიებით დამთავრებული - გაძლიერების სასიცოცხლო სტიმულს. EBRD აძლევს დაფინანსებას მცირე და საშუალო საწარმოებს სამივე ამ ქვეყანაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, რისკის გაზიარების მოდელით.
DCFTA ქმნის უნიკალურ შესაძლებლობებს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის უკრაინაში, საქართველოში და მოლდოვაში, ექსპორტის განხორციელებისთვის ევროკავშირში, სტაბილური და პროგნოზირებადი პრეფერენციული წვდომის საშუალებით მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე,“ განაცხადა იოჰანეს ჰანმა (Johannes Hahn), ევროკავშირის კომისარმა ევროპულ სამეზობლო პოლიტიკაში და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებებში.
„ამავე დროს, ახალი ჩარჩოები მოითხოვს ფირმებისგან, ევროკავშირში არსებული უფრო მაღალი ტექნიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად მოახდინონ აუცილებელი ინვესტიციები, შექმნან საჭირო პირობები და წაახალისონ ახალი ბიზნეს-ურთიერთობები“.
„ეს არის სიტუაციის ძირფესვიანად შემცვლელი ინვესტიციები ადგილობრივი ბიზნესებისთვის“, დასძინა ალენ პილუმ (Alain Pilloux), EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკასა და პარტნიორობაში.
„მათ მოაქვთ გრძელვადიანი სარგებელი კომპანიებისთვის და უფრო ფართოდ, ეკონომიკებისთვის - წარმოების თანამედროვე პროცესები, უკეთესი სერვისები, უფრო კონკურენტუნარიანი ბიზნესები“. EBRD მხარს უჭერს ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ნაბიჯებს ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით.
ევროკავშირთან ვაჭრობის სტიმულირება: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა
სასოფლო-სამეურნეო წარმოებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს უკრაინის ეკონომიკისთვის, განმარტავს კეეს ჰუიზინგა (Kees Huizinga), -Kischenzi-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი. „ჩვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავშირდება საექსპორტო გაყიდვებს. თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზართან გვაძლევს დიდ პერსპექტივას, რომ განვაგრძოთ ჩვენი ბიზნესის გაფართოება“.
Kischenzi-ის მთავარი ბიზნესი უკავშირდება მარცვლეულის, მზესუმზირის და ბოსტნეულის მოყვანას, რასაც ის ჰყიდის საერთაშორისო ტრეიდერებზე.
„აგრარულ სექტორში დიდი კონკურენციაა“, ამბობს ბ-ნი ჰუიზინგა. „ჩვენ გვიწევს გამოვიყენოთ აგრარული პროდუქციის წარმოების ინოვაციური ტექნიკა, რომ მივიღოთ საუკეთესო შესაძლებელი შედეგები და უზრუნველვყოთ მდგრადი მოსავალი მრავალი მომდევნო სეზონის განმავლობაში“.
ეს მეთოდები მოიცავს ზუსტ აგრარულ წარმოებას, რომელიც იყენებს ნიადაგის სინჯებს და სხვა ტექნიკას, რომ დაეხმაროს ფერმერებს, აკონტროლონ განსხვავებები სხვადასხვა მიწის ნაკვეთს შორის და ერთი ნაკვეთის ფარგლებში და მიაღწიონ საუკეთესო შედეგებს ისე, რომ შეინარჩუნონ მიწის ძვირფასი რესურსები.
უფრო მეტიც, ტექნიკის კონტროლირებული მოძრაობის მეთოდი ამცირებს მიწის დაზიანებას, მძიმე ან განმეორებული კვალის გავლების თავიდან აცილებით.
EBRD გამოუყო Kischenzi-ს 5 მილიონი აშშ დოლარი (დაახლოებით 4,5 მილიონი ევროს ეკვივალენტი), რომ კომპანიას შეეძინა თანამედროვე ტექნიკა, როგორიცაა კულტივატორები და ახალი კომბაინები, მისი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად.
კომპანია თავისი პროდუქციის დიდ ნაწილს ექსპორტზე აგზავნის, რაშიც ევროკავშირის წილი თანდათან იზრდება. ზრდის პოტენციალი დიდია. ეს ტრანზაქცია მხარდაჭერილი იყო ევროკავშირის მიერ, რისკის გაზიარების გარანტიით პირველი დანაკარგის საფუძველზე, როგორც EU4Business ინიციატივის ნაწილი.
ამას დიდი გავლენა აქვს ადგილობრივ ეკონომიკაზე, რადგან ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. Kischenzi შემოსავლის ერთადერთი ხელშესახები წყაროა ადგილობრივი ქალებისთვის მანკიას სასოფლო რაიონში, რადგან მისი პერსონალის თითქმის ნახევარი ქალია. კარგი მიზეზი არსებობს ამისთვის: კომპანია ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს სკოლების და საბავშვო ბაღების მხარდასაჭერად, რომლებიც უვლიან მისი თანამშრომლების შვილებს.
დაახლოებით 1,300 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთისკენ, საქართველოს დედაქალაქ თბილისში, EBRD-ის და ევროკავშირის დახმარება ადგილობრივი მაუწყებლობის ოპერატორისთვის - სტერეო პლუსი - იძლევა კიდევ ერთ მაგალითს, თუ რა სარგებელი შეიძლება მიიღოს კომპანიამ და მთელმა მოსახლეობამ ამ ორი ორგანიზაციის თანამშრომლობისგან ეკონომიკური სტიმულირების მიმართულებით.
სტერეო პლუსმა მიიღო EBRD-ს სესხი, რომელიც გამიზნული იყო ანალოგური მაუწყებლობიდან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლისთვის საქართველოში. ევროკავშირმა კვლავ მხარი დაუჭირა ამ ტრანზაქციას რისკის გაზიარების მოდელის ფარგლებში.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციის სექტორისთვის და დაეხმარა ქვეყანას ევროკავშირის სტანდარტების დაკმაყოფილებაში.
ეს კი ხელს უწყობს ახალი საბაზრო შესაძლებლობების გაჩენას, რადგან ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა ათავისუფლებს სიხშირეებს. გამოთავისუფლებული სიხშირეები შეიძლება გადაეცეს სხვა მომხმარებლებს, რაც შეიძლება მოიცავდეს უფრო თანამედროვე საკომუნიკაციო სერვისებს, ე.წ. „ციფრულ დივიდენდს“, რასაც უფრო კონკურენტული ბაზრისკენ მივყავართ.
„ჩვენ ვერ მივიღებდით მონაწილეობას ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პროექტში EBRD-ის სესხის გარეშე“, ამბობს დავით ზილფიმიანი, სტერეო პლუსის დამფუძნებელი. „ბევრი ბიზნესი სირთულეებს აწყდება დაფინანსების მოპოვებაში, რომ გააფართოვოს თავისი საქმიანობა, განსაკუთრებით ეს ეხება კომუნიკაციის სექტორს.“
ინოვაციურ სერვისებს კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ გაიზარდოს კომპანიების კონკურენტუნარიანობა, დაკმაყოფილდეს მათი სავაჭრო ამბიციები და ხელი შეეწყოს მდგრად განვითარებას.
მოლდოვაში, ლიზინგის სერვისი ჯერაც ჩანასახის მდგომარეობაშია, მაგრამ სულ უფრო მეტ ბიზნესს აძლევს სასიცოცხლო საფინანსო წყაროს მიღების შესაძლებლობას.
EBRD და ევროკავშირი ეხმარება მცირე საწარმოებს, გააძლიერონ მათი საექსპორტო შესაძლებლობები, Total Leasing & Finance-ის მხარდაჭერით. იმისთვის, რომ დაეხმაროს კომპანიას მისი პორტფელის გაფართოებაში მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, EBRD უზრუნველყოფს ევროკავშირის მხარდაჭერილ მონაწილეობას რისკში, რომელიც გაცემულია ადგილობრივი პარტნიორი ბანკის Mobiasbanca-თვის, რომ კომპანიას შესაძლებლობა ჰქონდეს მიიღოს უფრო დიდი სესხი და უფრო გრძელი ვადით, საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობაში ინვესტირებისთვის.
ეს, თავის მხრივ, მათ ბიზნეს-კლიენტებს გახდის უფრო კონკურენტუნარიანს ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე.
მათი კლიენტების უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს საჭირო აღჭურვილობა, გარდა ლიზინგის საშუალებით მათი მიღებისა. კომპანიების უმეტესობა მცირე საწარმოებია და ახალი აღჭურვილობა ეხმარება მათ, აწარმოონ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც შეუძლიათ ექსპორტზე გაიტანონ საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში.
EBRD-ის და EU4Business-ის მხარდაჭერა
ეს პროექტები კერძო სექტორის დახმარების ფართომასშტაბიანი ქმედებების ნაწილია, რათა ამ სექტორმა რაც შეიძლება მეტი შეძლოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის სფეროში. ეს მოიცავს ადგილობრივი მეწარმეებისთვის საჭირო ნოუ-ჰაუს გადაცემას მათი ბიზნესის ზრდისთვის, ადგილობრივი პარტნიორი ბანკების ტრენინგებს და ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესებას პოლიტიკის შესახებ დიალოგის საშუალებით შესაბამის სამთავრობო სტრუქტურებთან.
გარდა ამისა, 2016 წლის მაისში EBRD-მ დაიწყო 380 მილიონი ევროს გაცემა სესხებად და სავაჭრო გარანტიებად ადგილობრივი პარტნიორი ბანკებისთვის და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისთვის, ბიზნესების შემდგომი დაკრედიტებისთვის, ხოლო ევროკავშირმა გამოჰყო 19 მილიონი ევრო ტექნიკური დახმარებისთვის, საინვესტიციო ინიციატივებისთვის და რისკის გაზიარებისთვის.
ევროკავშირის თანხები არის EU4Business ინიციატივის ნაწილი, რომელიც ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტს გასცემს ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და სერვისებისა და პროდუქციის გასაუმჯობესებლად, რაც სარგებელს მოუტანს აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების ყველა მოქალაქეს და მომხმარებელს.
ადგილზე წარმომადგენლობით და 25-წლიანი სამუშაო გამოცდილებით ამ სამი ქვეყნის კერძო სექტორის განვითარების დარგში, EBRD ძლიერ პოზიციას ფლობს, რომ წარმატებით განახორციელოს ეს პროექტი. ბანკი წარმოადგენს უმსხვილეს ინსტიტუციონალურ ინვესტორს ამ სამ ქვეყანაში და უკვე განახორციელა 2,7 მილიარდი ევროს ინვესტირება საქართველოში, 1,1 მილიარდი ევროს ინვესტირება მოლდოვის რესპუბლიკაში და 11,7 მილიარდი ევროს ინვესტირება უკრაინაში.