ნინო გიორგაძე წლების განმავლობაში ხედავდა, რომ მის მშობლიურ ქალაქ გორში მცხოვრები ქალები მძიმე სოციალურ და ფინანსურ პრობლემებს აწყდებოდნენ. ნინომ გადაწყვიტა მათთვის ისეთი რამ შეეთავაზებინა, რასაც მოტივაციითა და სიყვარულით გააკეთებდნენ და რაც ფინანსურ სტაბილურობასაც მოუტანდა. ასე შეიქმნა სოციალური სამკერვალო საწარმო „ლიდერი“.
„ლიდერი“ საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) წევრია. ასოციაცია EU4Business-ის “კლასტერები განვითარებისთვის” (Clusters4Development) პროექტის ფარგლებში შეიქმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ და მას GIZ ახორციელებს. ასოციაციის მიზანია ქართული ტანსაცმლისა და მოდის კომპანიების წარდგენა, პოპულარიზაცია და მხარდაჭერა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე მათი კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების გზით.
მეტი შესაძლებლობები მოწყვლადი ჯგუფებისთვის
შიდა ქართლსა და გორში წლების წინ ბევრი სამკერვალო საწარმო ფუნქციონირებდა. თითქმის ყველა ოჯახში იყო ერთი ადამიანი, რომელიც კარგად კერავდა. დღეს სამკერვალო ინდუსტრია სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, მაგრამ ყველგან ადამიანური რესურსის ნაკლებობაა. სწორედ ამიტომ, ნინო გიორგაძემ გადაწყვიტა გაეხსნა საწარმო, რომლის მეშვეობითაც სამკერვალო სფეროში მეტი ადამიანის მოზიდვას შეძლებდა, მათ შორის ისეთი ქალების, რომლებისთვისაც სამუშაო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
სამკერვალო სფეროში არსებული დეფიციტის შესავსებად საწარმომ რეგიონში მცხოვრები მოწყვლადი ქალებისთვის სასწავლო კურსები შექმნა. ესენი არიან მარტოხელა დედები, ფინანსური პრობლემების მქონე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, იძულებით გადაადგილებული და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები. ასევე ქალები, რომლებიც საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ. დღეს ისინი ჭრას, კერვასა და მოდელირებას სწავლობენ და საკუთარი უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნავენ.
„გორში არის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარი და იქ მცხოვრებ ქალებს განსაკუთრებით სჭირდებათ ფინანსური სტაბილურობა“, - განმარტავს გიორგაძე. ”ჩვენ მათ მხოლოდ კი არ ვასწავლით, არამედ სამუშაოს პოვნასა და წინსვლაშიც ვეხმარებით.“
ზოგიერთი ქალი სწავლას ასრულებს და სხვა კომპანიაში იწყებს მუშაობას, ზოგი კი „ლიდერის“ საწარმოში რჩება. 2016 წელს „ლიდერში“ მხოლოდ სამი ქალი მუშაობდა, დღეს საწარმოში 26 ადგილობრივი ქალია დასაქმებული. თუმცა ქალების მიმართ მხარდაჭერა მხოლოდ სასწავლო კურსებითა და დასაქმებით არ სრულდება. ერთი წლის წინ სოციალურმა საწარმომ ხელი მოაწერა გაეროს მიერ შემუშავებულ ქალთა გაძლიერების პრინციპებს სახელწოდებით „თანასწორობა ნიშნავს ბიზნესს“. 2021 წელს აქტიურად იყო ჩართული 16-დღიან კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ. ხოლო 2019 წელს „ლიდერმა“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ ორგანიზებულ კონკურსში „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ გაიმარჯვა, ქალთა განათლების, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის ხელშეწყობისთვის.
„ჩვენ გვჯერა, რომ კერძო სექტორის როლი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტია“, - წერია „ლიდერის“ ვებგვერდზე.
„ჭკვიანი მოდა“ აძლიერებს
ქალთა მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერება „ლიდერის“ მხოლოდ ერთ-ერთი მიზანია. საწარმო ასევე ცდილობს იყოს ეკო-მეგობრული და სხვებსაც იმავე ნაბიჯისკენ მოუწოდებს. თავდაპირველად, საწარმო მხოლოდ საკუთარ წარმოებაზე ზრუნავდა და ცდილობდა, რომ საერთოდ არ ჰქონოდა ტექსტილის ნარჩენები. მალე კომპანიამ სხვა საწარმოებიდან და ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან ტექსტილის ნარჩენების შეძენა და გადამუშავება დაიწყო.
„ადგილობრივ ეკოსისტემაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ,“ აღნიშნავს ნინო გიორგაძე. „სხვა საწარმოებმაც მოგვბაძეს და ტექსტილის ნარჩენების მინიმუმამდე შემცირებას ცდილობენ.“
საწარმომ გაიმარჯვა 2021 წელს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ ორგანიზებულ კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსში კატეგორიაში „მდგრადი მოხმარება და წარმოება“.
„ლიდერის“ ეკო-მეგობრული წარმოება სიმწვანესთან და სინათლესთან ასოცირდება. ნინო გიორგაძემ იფიქრა, რომ ლიმონი არის ის, რაც ამ ორს აერთიანებს. ასე გაჩნდა =]საბავშვო ტანსაცმლის ბრენდის „ლემოს“ შექმნის იდეა. ნინომ და მისმა გუნდმა 2-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის გამორჩეული სტილის ტანსაცმლის წარმოება დაიწყეს. მალევე კომპანია თბილისის სავაჭრო ცენტრებში ორი სტენდის გასახსნელად ემზადებოდა, როცა საქართველოში და მსოფლიოში პანდემია დაიწყო. „ლიდერს“ სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ სტენდები დაეხურა და მათ ნაცვლად ონლაინ მაღაზია გაეხსნა. კომპანია ახალ რეალობას სწრაფად მოერგო და სამედიცინო ნიღბების წარმოებაც დაიწყო.
„ლიდერის“ მიერ წარმოებული ტანსაცმლის 50% საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. ზოგიერთი პროდუქტი კი მსოფლიოში წამყვან ონლაინ საცალო სავაჭრო ქსელებში, Amazon-სა და Etsy-ზეც კი იყიდება. თუმცა „ლიდერს“ კონკურენტებისგან სულ სხვა რა განასხვავებს, „ლემოს“ ტანსაცმელი არ ჰგავს სტანდარტულ საბავშვო ტანსაცმელს. ამ ტანსაცმელზე ამოქარგული გამოსახულებები საგულდაგულოდ შექმნილია ფსიქოლოგების მიერ, ბავშვებში სოციალური და შემეცნებითი უნარების განვითარების მიზნით.
„ერთ-ერთი გამოსახულება რომელსაც ვიყენებთ, გენდერულ თანასწორობას ასახავს,“ ამბობს გიორგაძე. „როდესაც ეს მის ჯიბეზეა, ბავშვი ძალაუნებურად სვამს კითხვას: „რა არის?“, „რას ნიშნავს?“. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ამ კითხვებზე სწორ პასუხს ბავშვები ადრეული ასაკიდან მიიღებენ.“
„ლემო“ დახვეწილ დიზაინს მშვიდ ფერთა პალიტრას და კომფორტს უხამებს და ასე ქმნის ღირებულ პროდუქციას. დედამიწაზე ზრუნვითა და გამრავლების ცხრილით დაწყებული, პლანეტებითა და გეომეტრიული ფიგურებით დამთავრებული, „ლემოს“ ტანსაცმელი საინტერესო თემების ფართო სპექტრს მოიცავს.
„ერთმა გოგონამ ბლოგიც კი დაწერა. ამბობდა, რომ იყიდა კომბინიზონი და ზაფხულში ასე ისწავლა 9-ის გამრავლების ტაბულა,“ იხსენებს გიორგაძე. „რა ჭკვიანური ნათქვამია.“
ნინო გიორგაძემ და მისმა კომპანიამ ამბიციურ მიზნებს ევროკავშირის EU4Business ინიციატივის მხარდაჭერით მიაღწიეს. როდესაც კომპანიამ საქართველოში საჭირო ქსოვილები ვერ შეიძინა, GAFA-მ საწარმო თურქეთის ტექსტილის ასოციაციასთან დააკავშირა. ასევე „ლიდერის“ თანამშრომლებს ცოდნისა და უნარების განვითარებაში დაეხმარა, რაც ხელს უწყობს კომპანიის კონკურენტუნარიანობას მდგრადი წარმოების, პროდუქტის ხარისხის, მოდის დიზაინის, კვალიფიციური მუშახელისა და საერთაშორისო ბრენდინგის თვალსაზრისით.
„კლასტერების განვითარებისთვის პროექტისა და განსაკუთრებით GAFA-ს მხარდაჭერა გადამწყვეტია ჩვენი მსგავსი ტექსტილის საწარმოებისთვის“, - განმარტავს ნინო გიორგაძე. „ამას ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ. ისინი უზრუნველყოფენ ყველაფერს, რაც გჭირდებათ ამ სფეროში განვითარებისთვის, მათ შორის ექსპერტის ჩართულობა, სანაცნობო ქსელის გაფართოება, გამოფენებში მონაწილეობა და სხვა. ასეთ წარმატებას დამოუკიდებლად ვერ მივაღწევდით“.
„ლიდერი“ წინსვლას განაგრძობს და ესტონეთთან ექსპორტის შესაძლებლობებს განიხილავს. GAFA-ს დახმარებით საწარმო ISO სერტიფიკატის აღებასაც გეგმას და აპირებს, რომ ისევ გახსნას ის ორი სტენდი, რომლებიც 2020 წლის პანდემიის გამო დაიხურა.
„თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ წელს ჩვენ შევძლებთ 13 ტონაზე მეტი ტექსტილის ნარჩენების გადამუშავებას და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს გადამუშავებული ნარჩენების მოცულობა გაორმაგდება“, - ამბობს გიორგაძე.