თბილისის ერთ-ერთ უბანში განთავსებულ საწყობში არაერთი წიგნია თავმოყრილი: კლასიკური პროზა, დეტექტიური ჟანრის ნაწარმოებები, ნოველები, პოეზია – ლიტერატურის ყველაზე კრიტიკული მოყვარულიც კი იპოვნის აქ მისთვის საინტერესო წიგნს. ეს მართლაც „წიგნის სამყაროა“ – შესაფერისი სახელი საქართველოში მოქმედი მსხვილი წიგნის გამავრცელებელი კომპანიისათვის.
კომპანიის დირექტორი და მფლობელი, ირაკლი სებისკვერაძე, ლიტერატურით და ამ ბიზნესით ადრეულ ასაკში, სტუდენტობისას დაინტერესდა. მან თავისი ინტერესი ბიზნესად აქცია და ახლა „მწვანე“ აზროვნების დანერგვასაც ისახავს მიზნად. ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მას სწორედ ამ მიზნის მიღწევაში ეხმარება.
დასაწყისი
ადამიანი ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაინტერესდეს მეწარმეობით. ირაკლიმ შთაგონება სტუდენტობის წლებში იპოვნა. რთულია თქვა, მან თვითონ აირჩია ეს პროფესია, თუ ამ პროფესიამ აირჩია ის.
„დედაჩემი ჟურნალისტი და მწერალია: მინდოდა დავხმარებოდი მას მისი წიგნების გავრცელებაში და არაერთ ორგანიზაციაში დავდიოდი და მათ ვთავაზობდი წიგნების შესყიდვას, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მაშინ დაიწყო „წიგნის სამყაროს“ ისტორია,“ ამბობს ირაკლი სებისკვერაძე.
ირაკლის საქმიანობა შეუმჩნეველი არ დარჩა. მას მალევე მიმართეს ქუჩის წიგნების გამყიდველებმა და საკუთარი პროდუქციის გავრცელებაც სთხოვეს. ქალაქში სწრაფი გადაადგილებისათვის, ირაკლიმ მანქანა შეიძინა. თუმცა როდესაც მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზარდა, 2005 წელს უკვე კომპანიის დაარსება გადაწყვიტა.
15 წლის შემდეგ „წიგნის სამყარო“ წიგნებით ამარაგებს 150-ზე მეტ მაღაზიას დედაქალაქში, ხოლო 100-ს - რეგიონებში. კომპანიის 8 მაღაზიაში და ონლაინ ბიზნესში 15 ადამიანი მუშაობს. კომპანიას წიგნები ექსპორტზეც გააქვს. ონლაინ გაყიდვები „წიგნების სამყაროსთვის“ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი 2020 წელს აღმოჩნდა, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომები ამოქმედდა.
„ქართველებს გვიყვარს კითხვა: მაშინ, როდესაც წინა წელს ყველაფერი ჩაიკეტა, უამრავი ახალი მომხმარებელი დაინტერესდა ჩვენი ვებ-გვერდით. თარგმნილი პროზა, კლასიკური ლიტერატურა ის ჟანრია, რომელიც ჩვენს მკითხველს განსაკუთრებით უყვარს,“ ამბობს ირაკლი.
მზის ენერგიით დაინტერესება
ერთ დღეს ირაკლი ინტერნეტში მზის პანელების რეკლამას წააწყდა და საკუთარი ბიზნესისათვის სუფთა და ეფექტური მზის ენერგიის გამოყენება გადაწყვიტა.
„წიგნის სამყარო“ ერთ-ერთია 170 კომპანიიდან, რომელმაც მიიღო დაფინანსება ევროკავშრისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ერთობლივი საკრედიტო ხაზისაგან. ეს პროგრამა ეხმარება ადგილობრივ კომპანიებს მოახდინონ ინვესტირება ახალ ტექნოლოგიებში, გახდნენ უფრო „მწვანე“ და გავიდნენ ახალ ბაზრებზე. „წიგნების სამყარომ“ სესხი მიიღო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტისგან – პროკრედიტ ბანკისაგან. შეიძინა მზის პანელები და სადგური, რომლის ენერგია დღეს სრულად ამუშავებს კომპანიის საწყობს და ოფისს.
სესხს დაემატა გრანტი და დახმარება ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტებისგან ინვესტირების პროექტის განხორციელებისთვის, რაც ასევე დაფინანსდა „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია სომხეთში, მოლდოვასა და უკრაინაშიც.
მზის ენერგიაზე გადასვლის ერთ-ერთი მიზეზი ბიზნეს დანაზოგია, თუმცა „წიგნების სამყაროსთვის“ სხვა მიზეზი უფრო გადამწყვეტი აღმოჩნდა.
„ჩვენი მცირე ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების შემცირება. იმედი გვაქვს, რომ მეტი საწარმო მიბაძავს ჩვენს მაგალითს, გავხდებით უფრო „მწვანეები“ და შემოვიღებთ მდგრად მეთოდებს ბიზნეს საქმიანობაში,“ ამბობს ირაკლი.