როცა მზია ბენდელიანი 12 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საბერძნეთიდან ქუთაისში დაბრუნდა, ერთ პრობლემას წააწყდა - მიხვდა, რომ ქალაქში კარგი ხარისხის პურს ვერ ყიდულობდა. მზიამ გადაწყვიტა, რომ ასეთი პური თავად შეექმნა. საცხობი ღუმელიც შეიძინა და მას შემდეგ უკვე ხუთი წელია, რაც ქალაქის მოსახ6ლეობას მაღალი ხარისხის, ჯანსაღი პურით ამარაგებს.
ბენდელიანის პურის საწარმომ „თავთუხი“ მხარდაჭერა მიიღო ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტისგან: ევროკავშირის ინოვაციური პროექტი საქართველოში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის, რომელიც EU4Business-ის ქოლგის ქვეშ მუშაობს. როგორც საპილოტე პროექტი, ის მხარს უჭერს კლასტერული მენეჯმენტის ორგანიზაციას, რომელიც გაწევრიანებულია შემფუთველთა კლასტერში და ყურადღებას იმერეთისა და კახეთის რეგიონებზე ამახვილებს.
ცხობა როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობა
მზია ბენდელიანი პურის ცხობით საბერძნეთში ყოფნისას დაინტერესდა. იხსენებს, რომ გაოცებული იყო არამარტო პურის ხარისხითა და ნაირსახეობით, არამედ იმით, რომ ერთ სივრცეში პურისგან წარმოებული უამრავი სხვადასხვა პროდუქტის შეძენა შეიძლებოდა, თითქოს „პურის სახლში“ იმყოფებოდი. სწორედ „სახლის“ კონცეფციამ უბიძგა, რომ მსგავსი სივრცე საკუთარ სახლში საქართველოშიც შეექმნა.
მზიას გაუმართლა და მალევე იპოვნა ორი ისეთი ადამიანი, რომლებიც მის მიზნებს, ღირებულებებსა და ენთუზიაზმს იზიარებდნენ. მისი მეუღლე ვლადიმერ ბენდელიანი, რომელიც დღეს დისტრიბუციასა და ლოჯისტიკას ხელმძღვანელობს და მეგობარი მაია ნუცუბიძე, რომელიც მენეჯმენტს უძღვება. სამივე დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს ქართველი მომხმარებლების მიმართ, რომ მათ მაღალი ხარისხის, 100%-ით ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული პური შესთავაზოს. იღბალის მიუხედავად, ასეთი პროდუქტის შექმნას აუცილებლად ახლავს სირთულეებიც.
როგორც ბენდელიანი ამბობს, ადგილობრივი ბაზარი მისი პროდუქციისთვის მზად არ იყო. თავიდან არავის სჯეროდა, რომ „თავთუხის“ პური ჯანსაღი, ნატურალური პროდუქტებისგან იყო დამზადებული. ამასთანავე, ბაზარზე უკვე არსებობდა რამდენიმე კარგად დამკვიდრებული კომპანია, რომელთა პროდუქციაც ადგილობრივებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობდა. ამის გამო, „თავთუხის“ გუნდს დასაწყისში პურის გაყიდვა უჭირდა და ყოველდღიური დანაკარგი ჰქონდა.
„დავარიგებდით პურს და დღის ბოლოს დიდი ნაწილი უკან მოგვქონდა. ყველა გვეუბნებოდა, რომ ვერ შევძლებდით, მაგრამ შევძელით. ბევრი გამოწვევა გადავლახეთ და არასდროს დავნებებულვართ,“ ამბობს ბენდელიანი.
საერთო ენთუზიაზმი, პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ და მათი საქმისადმი სიყვარული გუნდს წინსვლაში დაეხმარა. გამოსავალიც მალე იპოვნეს - პოტენციურ მომხმარებლებს სხვადასხვა მარკეტში უფასო გასასინჯ პროდუქციას სთავაზობდნენ. რისკმა გაამართლა, მალე ქუთაისის მაცხოვრებელები „თავთუხის“ პურს სუპერმარკეტების ქსელ „დეილიში“ ყიდულობდნენ. მოგვიანებით, პროდუქტის შეძენა წყალტუბოს სასტუმრო „პლაზაშიც შეიძლებოდა“, რამაც კომპანიის გაყიდვები ამ მხარეში მნიშვნელოვნად გაზარდა.
თუ დასაწყისში „თავთუხის“ გუნდი დღეში ხუთ კილოგრამამდე ფქვილს მოიხმარდა, დღეს 500-600 კილოგრამს იყენებენ. მათი უპირატესობაა ქართული ხორბლის საერთო ჯიშების გამოყენება, რასაც საქართველოში საუკუნოვანი ისტორია აქვს. მარცვლეული მოყვანილია ქართულ ნიადაგში და შეიცავს მხოლოდ ბიო-სასუქს. გარდა ამისა, პური ცხვება უძველესი ტრადიციული მეთოდით, რომელიც დაფუძნებულია ნედლეულ საფუარზე და არ შეიცავს ხელოვნურ ან ქიმიურ დანამატებს. ამის ნაცვლად შეიცავს ინტენსიურ საფუარს. „თავთუხის“ პური ახლა ქუთაისის თითქმის ყველა ქსელში იყიდება და უამრავი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.
„ხალხი ხშირად „მზია თავთუხს“ მეძახის და სიმართლე რომ გითხრათ, ძალიან მომწონს. ჩვენი პროდუქციის შესახებ ყველამ იცის. თუმცა ჩვენთვის ეს საკმარისი არ არის. გვინდა უფრო მეტს მივაღწიოთ და რეგიონის ნაცვლად, უკვე მთელს საქართველოში გავყიდოთ პური,“ ამბობს ბენდელიანი.
მრავალმხრივი მხარდაჭერა, მრავალმხრივი შესაძლებლობები
შემფუთველთა კლასტერის დახმარებით „თავთუხი“ მცირე საწარმოდან მსხვილ პურის მწარმოებელ კომპანიად ჩამოყალიბდა. თავიდან ბენდელიანი ფიქრობდა, რომ კლასტერი მას პროდუქციის უკეთესად შეფუთვაში დაეხმარებოდა. მაგრამ მხარდაჭერა, რომელიც მიიღო ბევრად უფრო მრავალფეროვანი აღმოჩნდა: საგანმანათლებლო და საკონსულტაციო მომსახურება, სანაცნობო ქსელის განვითარების შესაძლებლობები, ექსპერტების მენტორინგი, კატალოგის შექმნა და სხვა. მზია ბენდელიანისთვის, ადამიანისთვის, რომელიც მუდმივად ეძებს განვითარების ახალ შესაძლებლობებს, კლასტერის შემოთავაზება განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა.
”განათლება ჩემთვის არის საშუალება, რომ აღმოვაჩინო ახალი შესაძლებლობები, ასე იყო კლასტერშიც - სამუშაო უსაფრთხოება, პერსონალის მენეჯმენტი, მარკეტინგი და გაყიდვების ხელშეწყობა არის არასრული ჩამონათვალი იმ საგანმანათლებლო პროგრამებისა, რომლებიც კლასტერმა გამიზიარა. შედეგად ჩემი მცირე ბიზნესისთვის შესაძლებლობების ახალი ფანჯარა გაიხსნა,” - განმარტავს ბენდელიანი. სამუშაოს უსაფრთხოების შესახებ ტრენინგის შემდეგ მან საწარმოში შიდა აუდიტი ჩაატარა და კრიტიკულად შეაფასა შრომის უსაფრთხოების სტანდარტები. შედეგად, ხარვეზებიც აღმოაჩინა და გაუმჯობესებისთვის სტრატეგიაც შეიმუშავა.
სტაჟირების პროგრამის მეშვეობით ბენდელიანმა სამი თვის განმავლობაში სტაჟიორს უმასპინძლა. ამბობს, რომ ეს კარგი შესაძლებლობაა ახალგაზრდებისთვის გაეცნონ წარმოების პროცესს და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება. სანაცვლოდ, მეწარმე ასევე იღებს გაზრდილ ადამიანურ რესურსს და ბიზნესისთვის სასარგებლო ახალი იდეებით იმუხტება.
კლასტერის მხარდაჭერის სერვისები ასევე მოიცავს ერთობლივ შესყიდვებს, რაც ნიშნავს რომ მომსახურების საფასური მეწარმეებისთვის უფრო ხელმისაწვდომია. თვის დასაწყისში იმერულმა კომპანიებმა (კლასტერის წევრებმა) დაიქირავეს ფოტოგრაფი ფოტოების გადასაღებად და ბენდელიანი ახლა მოუთმენლად ელის კატალოგს, რათა მისი პროდუქციის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლებს უკეთესად მიაწოდოს. მისი აზრით, კომპანიის იმიჯზე ეს დადებითად აისახება.
საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის (PMAG) შემფუთველთა კლასტერი აერთიანებს 80-ზე მეტ საწარმოს და მხარს უჭერს მათ ინტერნაციონალიზაციას, შესაძლებლობების განვითარებას, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის დამყარებას, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ინსტრუმენტების დანერგვას, კონსულტაციისა და ქოუჩინგის განვითარებას, ტრენინგებს, გაფართოებული წარმოების შესაძლებლობებსა და ეკოლოგიურად სუფთა პრაქტიკის დანერგვას. ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისათვის საქართველოში მიზნად ისახავს შეფუთვის კლასტერის ღირებულების ჯაჭვის შექმნას, რომელიც გააგრძელებს ფუნქციონირებას პროექტის დასრულების შემდეგ და ხელს შეუწყობს სექტორის შემდგომ განვითარებას.
„თავთუხისთვის“ ეს მხოლოდ დასაწყისია. საწარმო ტრანსფორმაციის პროცესშია და მომავალში მარკეტინგული სტრატეგიის გაუმჯობესებას გეგმავს.
„საქართველოს შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციამ საწყის მიზანთან დამაბრუნა - ქუთაისის ცენტრში პურის სახლის გახსნაზე ვფიქრობ. ეს იქნება სამოთხე ჯანსაღი პროდუქტების მოყვარულთათვის. ვფიქრობ, რომ ჩემი მიზნების განხორციელების გზაზე კლასტერი ყველაზე საიმედო პარტნიორი იქნება,“ ამბობს ბენდელიანი.