საქართველოს რომანი ყავასთან

საქართველო
საქართველოს რომანი ყავასთან

ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში უზრუნველყოფილი დაფინანსებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დახმარება გაუწია ქართულ ყავის მწარმოებელ კომპანიას კონკურენტუნარიანობის ამაღლებაში ოპერაციული და შიდა ხარისხის მართვის სტანდარტების დანერგვით.

ბევრ ჩვენთაგანს ვერ წარმოუდგენია დღის დასაწყისი ძლიერი და არომატული ფინჯანი ყავის გარეშე: დილის ენერჯაიზერი ენერგიას გვმატებს და პროდუქტიული დღისთვის გვამზადებს. მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები, თუ რამდენ ფინჯან ყავას მოიხმარენ ქართველები ყოველდღე, ყავის მაღაზიებისა და ყავახანების მზარდი რაოდენობა ქვეყანაში ცალსახად მიუთითებს ამ ტენდენციაზე.

შპს „ჩერიმ“ ყურადღება მიაქცია ქართველების ყავასთან გაბმულ რომანს და გადაწყვიტა, გაეკეთებინა ინვესტიცია ყავის სამრეწველო წარმოებაში ქართულ ბაზარზე ახლად მოხალული ყავის მისაწოდებლად. კომპანიის ძალისხმევით ქვეყნის მომხმარებლებისთვის ახლა ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახეობის არაბიკისა და რობუსტას ყავა ეკვატორული რეგიონებიდან და გერმანიიდან მოწოდებული ხსნადი ყავა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ძირითად ფოკუსირებულია შიდა ბაზარზე, მისი პროდუქციის მცირე ნაწილი მეზობელ ქვეყნებშიც იყიდება.

„ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა 2012 წელს და თანდათან გავაფართოვეთ ჩვენი პროდუქცია,” – ამბობს კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე. „ჩვენი ძირითადი მიზანია გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია ადგილობრივ ბაზარზე და უახლოეს წლებში ჩავანაცვლოთ იმპორტი ჩვენი საბაზრო წილის გაზრდის გზით. ჩვენ ასევე ვახორციელებთ ინვესტიციებს ახალი პროდუქტების განვითარებაში, როგორიცაა ყავის კაფსულები და ვზრდით ექსპორტს. ამ ყველაფრის რეალიზაციისთვის ჩვენ ვაბანდებთ სახსრებს ხარისხში”, – დასძინა ლომთათიძემ.

ხარისხის გაუმჯობესების მიზნით შპს „ჩერი“ თანამშრომლობს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსებისა და განვითარების ჯგუფთან საქართველოში და სარგებლობს ევროკავშირის დაფინანსებით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად. პროდუქციისა და პროდუქტების ხარისხის გაუმჯობესება და კლიენტების მზარდი მოლოდინის დაკმაყოფილება პროექტის ამოსავალი წერტილი იყო. ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით კომპანიამ მოახდინა საკუთარი ხარჯების ოპტიმიზაცია რესურსების მოხმარებისა და ნარჩენების წარმოქმნის შემცირებით, გაიუმჯობესა ეკოლოგიური მაჩვენებლები და გაიზიარა სოციალური პასუხისმგებლობა.

ამის შედეგად კომპანიამ გაიარა ISO სტანდარტთან შესაბამისობის აუცილებელი სერტიფიკაცია, გაიუმჯობესა კონკურენტუნარიანობა და შიდა პროცესები ხარისხის კონტროლის საშუალებებითა და მომარაგების ჯაჭვის მართვით.

პროექტის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ კომპანიამ გაზარდა საკუთარი ბრუნვა და გაყიდვები. დღეს შპს „ჩერი“-ში უფრო ბევრი ხალხი მუშაობს, ვიდრე 12 თვის წინ და ამიტომ კომპანიამ შეიძინა ახალი აღჭურვილობა ყავის კაფსულების საწარმოებლად.

2017 წელს კომპანიამ გაყიდა 480 000 კგ წვრილად დაფქული ყავა, თავისი სიამაყის მთავარი წყარო და საქართველოს ბაზრის დაახლოებით 50% დაიკავა. რაც შეეხება ყავის საერთო ბაზარს, კომპანიის პროდუქციას 12% უკავია, შიდა სტატისტიკისა და საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით. კომპანია საკუთარ პროდუქციას ყიდის საქართველოს ყველა მსხვილ სუპერმარკეტში.

 

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტაცია მცირე საწარმოებისთვის

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე საწარმოებისთვის განკუთვნილი კონსულტაციების პროგრამა, რომელიც აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის მიერ ფინანსდება EU4Business ინიციატივის ფარგლებში, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში ეფექტური მართვის ხელშეწყობას ინდივიდუალური საწარმოებისთვის მათი ბიზნესის განვითარების საქმეში დახმარების გაწევის გზით. იგი ხელს უწყობს მცირე და საშუალო საწარმოებს სტრუქტურული ცვლილებების განხორციელებასა და ახალი ბიზნეს უნარების განვითარებაში და ეხმარება მათ საბაზრო ეკონომიკის პირობებში გაფართოებასა და კონკურენციის გაწევაში. პროგრამა ასევე საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო საწარმოებს, მიიღონ წვდომა ადგილობრივ საკონსულტაციო სერვისებზე ხარჯების გაზიარების ბაზაზე 10 000-მდე ევროს ოდენობის გრანტების უზრუნველყოფის გზით.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე