„ჩვენი მიზანია, კახეთის რეგიონში პოლიეთილენის ცელოფნის გადამუშავების დანერგვა და დაბინძურების შემცირება. ამჟამად, თვეში 30 ტონა პლასტმასას ნარჩენს ვამუშავებთ, თუმცა მომავალში შესაძლოა, ეს რაოდენობა 50 ტონამდე გაიზარდოს“, - ამბობს კომპანია „ლლ პლასტ“-ის დირექტორი, 34 წლის ლევან იოსებაშვილი.
„ლლ პლასტი“ კახეთის რეგიონში მომუშავე კომპანიაა, რომელიც პლასტიკურ შეფუთვებს აწარმოებს. ოცი წლის წინ, როდესაც „ლლ პლასტი“ საქართველოს ბაზარზე პირველად გამოჩნდა, პლასტიკური შეფუთვის წარმოება მომგებიან საქმედ ითვლებოდა, ხოლო მის გარემოსდაცვით შედეგებზე ბევრს არავინ ფიქრობდა. დღეს, შეფუთვის მწარმოებელი კომპანიები, მათ შორის „ლლ პლასტიც“, ცდილობენ მდგრად წარმოებაზე გადავიდნენ, პლასტიკური ნარჩენები გადაამუშაონ, ხელახლა გამოიყენონ და ბიოდეგრადირებადი და რეციკლირებადი პროდუქცია შექმნან, რომელიც ნაკლებად დააზიანებს გარემოს.
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, „ლლ პლასტი“ 2020 წელს საქართველოს შემფუთველთა კლასტერს (PMAG) შეუერთდა, პლასტმასას ნარჩენის გადამუშავებისთვის თანამედროვე აღჭურვილობა შეიძინა და მეორადი ცელოფნის გადამუშავება დაიწყო.
კომპანია მარტივი და ეფექტიანი სქემით მუშაობს - ფაბრიკა-ქარხნებში თუ მაღაზიათა ქსელებში წარმოქმნილი პლასტიკის ნარჩენებს აგროვებს, გადაამუშავებს და ახალ პროდუქციად აქცევს.
ამჟამად, მეორადი პლასტიკის გადამუშავება თვეში დაახლოებით 30 ტონას შეადგენს, რაც კახეთის რეგიონში აკუმულირებული პლასტიკური ნარჩენის 60 პროცენტს აღწევს.
„პლასტიკის ნარჩენები ჩვენს გარემოს აბინძურებს, ცელოფნის პარკები გზებზეა, ტყეში და ეზოებშიც კი. ჩვენ თანამედროვე დანადგარები გვაქვს, რომლებიც ამ მეორად ცელოფანს აქუცმაცებს, რაც მისი გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების შესაძლებლობას იძლევა“, - ამბობს ქეთევან ზურიაშვილი, რომელმაც „ლლ პლასტში“ მუშაობა პლასტიკის გადამუშავების ახალი საწარმოო ხაზის გახსნის შემდეგ დაიწყო.
მეორადი პლასტიკის გადამუშავებაზე გადასვლამ, „ლლ პლასტს“ თვალსაჩინო ეკონომიკური შედეგი მოუტანა - შეიქმნა რვა ახალი სამუშაო ადგილი, წარმოების იმპორტზე დამოკიდებულება 50 პროცენტით შემცირდა, ხარჯების ოპტიმიზაცია 20 პროცენტით განხორციელდა, ჯამური წარმადობა 30 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გადამუშავების კომპონენტის წარმადობა კი გახუთმაგდა.
„შემფუთველთა კლასტერის წევრობამ შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო ორგანული პროდუქტების ფლობის საერთაშორისო სერთიფიკატი "TUV - AUSTRIA", რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენი კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, პლასტმასას წარმოება მთლიანად ბიოპროდუქტით შეიცვალოს“, - ამბობს ლევან იოსებაშვილი.
„ლლ პლასტი“ იმ ქართულ კომპანიათა რიცხვშია, რომლებიც ნათლად ხედავენ, რომ ცირკულარული ეკონომიკა არა მხოლოდ გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების შერბილების, არამედ წარმატებული ბიზნესის განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის შესაძლებლობაა. ევროკავშირის, გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარება გზას უხსნის ასეთ კომპანიებს, რომ წარმოების მდგრად მეთოდებზე გადავიდნენ და ხვალინდელი დღის ეკონომიკაში თავისი ადგილი დაიმკვიდრონ.
###
სტატია შექმნილია ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ევროკავშირისა და UNDP-ის თვალსაზრისს.