ქართული კინოკლასტერი საერთაშორისო კინოწარმოების რუკაზე საქართველოს მოხვედრის შესაძლებლობას ქმნის

საქართველო
ქართული კინოკლასტერი საერთაშორისო კინოწარმოების რუკაზე საქართველოს მოხვედრის შესაძლებლობას ქმნის

ერთ წელიწადზე მეტია, რაც ქართული კინოინდუსტრია ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე კლასტერული განვითარების ინიციატივის ყურადღების ცენტრში მოექცა. დღეს „ქართული კინოკლასტერი“ უკვე ოფიციალურად რეგისტრირებული სუბიექტია, რომელიც  კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების მიმართულებებით მოღვაწე  წამყვან პროფესიონალებს აერთიანებს. კინოკლასტერი ქართული კინოინდუსტრიის ხელშეწყობის ერთიანი ხედვის ირგვლივ შეიქმნა. მისი წევრები გაერთიანებული ძალისხმევით ცდილობენ საერთაშორისო კავშირების გაძლიერებას და ინდუსტრიის მიმართ ინტერესის ამაღლებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. 

საერთაშორისო კინომწარმოებლებისთვის საქართველოს   ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია. ქართული კინოს ისტორია 1900-იანი წლებიდან იღებს სათავეს. მისი დაბადების ოფიციალურ თარიღად 1908 წელია მიჩნეული, როდესაც კინოფილმების წარმოება დაიწყო. 1912 წელს კი,  უკვე პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. გარდა ღრმა და მდიდარი კინემატოგრაფიული კულტურისა, საქართველო მიმზიდველია თავისი საოცარი ლანდშაფტისა და კლიმატური მრავალფეროვნების წყალობით. მთავრობის მხრიდან წამახალისებელი ინიციატივები და ბიუროკრატიის დაბალი დონე კი მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია საერთაშორისო კინოწარმოებისთვის. 

ქართული კინოკლასტერის მიზანია ფართოდ გაავრცელოს ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც ადგილობრივი კინოინდუსტრია სთავაზობს. ქვეყნის კონკურენტულ უპირატესობებზე ყურადღების გამახვილებით, კლასტერს სურს წარმოაჩინოს საქართველო როგორც ქვეყანა, სადაც კინოწარმოების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი არსებობს. „კინომწარმოებელს შეუძლია კინოს გადაღებისთვის ნებისმიერი ტერიტორია აირჩიოს და იქ შესასვლელად არ არსებობს განსაკუთრებული რეგულაციები. ადგილობრივი ხელისუფლებაც ძალიან კეთილგანწყობილია ამ ინდუსტრიის მიმართ. კლასტერი გვეხმარება  ეს ინფორმაცია უფრო ფართო წრეებს მივაწოდოთ, მათ შორის, საერთაშორისო კინობაზრობების საშუალებით,“ განაცხადა კლასტერის წევრმა და კინოკომპანია Film Asylum-ის დამფუძნებელმა ვალერიან კირკიტაძემ. 

ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პროექტი, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება (GIZ) ახორციელებს, ქართველ კინომწარმოებლებს კლასტერის განვითარების მეთოდოლიგიას აზიარებს. GIZ-ი მდგრადი განვითარებისთვის საერთაშორისო თანამშრომლობის სფეროში სერვისების მიმწოდებელი წამყვანი ორგანიზაციაა გერმანიაში. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და „ევროკავშირი ბიზნესისთვის” ინიციატივის ფარგლებში კი, GIZ-ი ბიზნეს კლასტერის განვითარების სამარკო ინიციატივას  მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის იყენებს. ქართული კინოკლასტერის შექმნას წინ უძღოდა კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების ინდუსტრიის ყოვლისმომცველი შეფასება. კვლევამ დარგის ზრდისა და გაფართოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, ასევე, კლასტერული განვითარების პოტენციალიც გამოავლინა. კლასტერი  ქართველ კინომწარმოებლებს საშუალებას აძლევს გააფართოონ წვდომა ევროპულ და საერთაშორისო კინობაზრებზე და ხელს უწყობს მათ ინტერნაციონალიზაციას.   

ქართული კინოშემოქმედებითი პოტენციალის გამოყენება

ვლადიმერ კაჭარავა ცნობილი პროდუსერი და ქართული დამოუკიდებელი საპროდიუსერო კომპანიის „20 Steps Productions“ დამფუძნებელია. კომპანიის კინოპროდუქციას შორის ნახავთ ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ ფილმებს, როგორიცაა, „მძევლები“ (Hostages), „დედე“ (Dede) და ევა ჰასონის „მზის გოგონები“ (Girls of the Sun). ეს უკანასკნელი საქართველოს, საფრანგეთის, ბელგიისა და შვეიცარიის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მიმდინარე კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე  „ოქროს პალმის რტოს“ მოპოვების პრეტენდენტია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის და GIZ-ის პროექტის მხარდაჭერით, „20 Steps Productions“-ის წარმომადგენლები კანის კინოფესტივალს გასულ წელსაც ესწრებოდნენ და სწორედ მაშინ შედგა შეთანხმება ფილმის კოპროდუქციის თაობაზე.

ქურთისტანელი ქალების ბატალიონის -  „მზის გოგონების“ შესახებ ფილმის შექმნა ჰასონს რეალურმა ამბავმა შთააგონა. ეს არის ისტორია სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე ისლამური სახელმწიფოს მებრძოლეების მიერ მძევლად აყვანილი ქურთი ქალების შესახებ,  რომლებმაც შეძლეს ტყვეობიდან თავის დახსნა და ყოფილი დამტყვევებლების წინააღმდეგ  საბრძოლველად ხელში იარაღი აიღეს. ფილმის გადაღებები გასული წლის სექტემბერსა და ოქტომბერში მიმდინარეობდა საქართველოსა და საფრანგეთში.  

კაჭარავა დარწმუნებულია, რომ ქართულ კინოკლასტერს შეუძლია გაზარდოს  კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების სერვისების მიწოდება საქართველოში. კლასტერს შეუძლია აამაღლოს ინდუსტრიის ცნობადობა საერთაშორისო კინობაზრებზე, რაც მნიშვნელოვანია უცხოელი კინომწარმოებლების მოსაზიდად.

„ქართული კინოინდუსტრია არსებობს. უცხოელი კინომწარმოებელი ხედავს, თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს, იქნება ეს მრავალფეროვანი ლანდშაფტი თუ სხვადასხვა სახის კრეატიული პროდუქტი. მათ აქვთ მოლოდინი იმისა, რომ ქვეყანას შეუძლია მაღალი დონის კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების სერვისების მიწოდება,“ განაცხადა კაჭარავამ.

თინათინ ბაბაკიშვილი „Post Red Audio“-ს პროექტების მენეჯერია. იგი დარწმუნებულია რომ პოსტ-პროდაქშენის სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი მიიზიდავს უცხოელ კინომწარმოებლებს. „Post Red Audio“, რომელიც სპეციალიზირებულია აუდიო პოსტ-პროდაქშენზე, ამაყობს ისეთი ნამუშევრებით, როგორიცაა ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის თამთა გაბრიჩიძის მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სოვდაგარი“ (The Trader). ფილმმა მიმდინარე წელს აშშ-ში სანდენსის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის პრიზი დაიმსახურა დოკუმენტური ფილმების სექციაში. მსოფლიოს უმსხვილესმა ინტერნეტ ტელევიზიის ქსელმა „ნეთფლიქსმა“ კი ფილმის დისტრიბუციის უფლება შეიძინა, რაც ფილმს  100 მილიონიანი აუდიტორიისკენ უხსნის გზას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„20 Steps Productions“-ისა და „Post Red Audio“-ს ერთობლივი ნამუშევარი ახალი ანიმაციური ფილმი „მეთევზე და გოგონა” (Fisherman and Girl) ანესის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში მოხვდა, რომელიც 2018 წლის ივნისში გაიმართება.

 „სტუდია ფონოგრაფის“ დირექტორი პაატა გოძიაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელ რეჟისორს ფილმის გადასაღებად ესაჭიროება კრეატიული, პროფესიონალური, ფინანსური და ტექნიკური რესურსი და ამ ყველაფრის შეთავაზება საქართველოს შეუძლია. „თუმცა არის რიგი უპირობო უპირატესობებისა, რომლებიც საქართველოს გააჩნია. ეს არის კლიმატური მრავალფეროვნება და დაბალი ფასი. საერთაშორისო კავშირები არის აუცილებელი იმისთვის, რომ მოვიზიდოთ უცხოელი კინომწარმოებლები,“ განაცხადა გოძიაშვილმა.

კლასტერში მონაწილეობის  უპირატესობა

ქართული კინოკლასტერი აუდიო-ვიზუალურ ინდუსტრიაში დასაქმებულ 33 წამყვან კომპანიას და პროფესიონალს აერთიანებს. კლასტერის წევრობის სტრუქტურა მოიცავს ძირითად, ასოცირებულ, საპატიო და ინსტიტუციურ წევრებს.  ძირითად წევრებს წარმოადგენენ სფეროს პროფესიონალები, რომელთაც აქვთ მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.    

წევრობის სხვადასხვა ფორმა კლასტერს საშუალებას აძლევს კლიენტებს მრავალფეროვანი  სერვისები შესთავაზოს - იქნება ეს სპეციალურ მოთხოვნებზე მორგებული წარმოებისა და პოსტ-წარმოების სრული, ინტეგრირებული სერვისი, თუ ცალკეული ტიპის მომსახურება კინოწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კლასტერის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგი, პროფესიული უნარების განვითარება და ინტერნაციონალიზაცია.  

ქართული კინოკლასტერი გეგმავს იყოს ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი გაერთიანება. ის შეიმუშავებს საკანონმდებლო და პოლიტიკის ინიციატივებს  საგადასახადო, საკონტრაქტო,  საავტორო უფლებებისა და ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე. კლასტერმა უკვე შეიმუშავა საქართველოს საგადასახადო კოდექსში შესატანი საჭირო ცვლილებების პაკეტი. ის წარედგინა ბიზნესომბუდსმენის აპარატს, რომელიც ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას. ამ ეტაპზე, ბიზნესომბუდსმენის დადებითი რეკომენდაციით საკანონმდებლო ინიციატივა განსახილველად გადაგზავნილია  ფინანსთა სამინისტროში.

ევროკავშირისა და GIZ-ის პროექტის მხარდაჭერით კლასტერის წევრებს უკვე მიეცათ შესაძლებლობა გაეარათ ტრენინგები წამყვან ევროპულ  ინსტიტუტში - კლასტერის ოთხმა წევრმა მონაწილეობა მიიღო ერიხ პომერის ინსტიტუტის (Erich Pommer Institut) პროგრამაში. აღნიშნული ინსტიტუტი  მედია სამართალისა და მენეჯმენეტის მიმართულებით საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. 

მხარდაჭერის ძალზედ მნიშვნელოვან ფორმას პროექტის მხრიდან  კლასტერის წევრების საერთაშორისო ღონისძიებებში, კერძოდ კინობაზრობებში, მონაწილეობათან დაკავშირებული ხარჯების დაფარვაში თანამონაწილეობა წარმოადგენს. კინობაზრობებზე წვდომა სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტია ქართული კინოინდუსტრიის პოპულარიზაციისთვის. კლასტერის მენეჯერი და GIZ-ის კონსულტანტი მარი ხოხლენკო-კალტრაიდერი აღნიშნავს, რომ კლასტერის დაარსების შემდეგ  ხუთზე მეტი კონტრაქტი გაფორმდა კინოწარმოებისა და პოსტ-წარმოების სერვისების შესასრულებლად.   

საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება

კლასტერი გეგმავს ფართოდ გამოიყენოს კერძო და საჯარო სექტორთან დიალოგის პლატფორმა. საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი უკვე წარმოდგენილია. გარდა ამისა, კინოკლასტერს სურს დაარწმუნოს მთავრობა საგადასახადო კოდექსში ასახოს კვალიფიციური ხარჯების უკან დაბრუნების (cash rebate) სქემა. დღეს ეს სქემა კანონმდებლობით განმტკიცებული არ არის და ის მხოლოდ სამთავრობო პროგრამა „გადაიღე საქართველოში“ ნაწილია, რომელიც 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამა სთავაზობს უცხოელ პროდუსერებს საქართველოში გადაღებული ფილმისა თუ სხვა სახის აუდიო-ვიზუალური პროდუქციის კვალიფიციური ხარჯების 20% უკან დაიბრუნონ. ამასთან, თუ ნამუშევარი ქვეყნის პოპულარიზაციის ელემენტებს შეიცავს, შესაძლებელია დამატებით კიდევ 2-დან 5%-მდე დაბრუნება.

„თუ კვალლიფიციური ხარჯების უკან დაბრუნების კომპონენტი გახდება კანონმდებლობის ნაწილი, ჩვენ გვექნება გარანტია, რომ ეს ინიციატივა არის მდგრადი და გძელვადიანი,“ განაცხადა ბაბაკიშვილმა.

კლასტერი ასევე სთავაზობს მთავრობას შექმნას კვალიფიციური ხარჯების უკან დაბრუნების დამოუკიდებელი სქემა პოსტ-წარმოების სერვისებისთვის.

სახელმწიფო პროგრამამ „გადაიღე საქართველოში“ უკვე მოიტანა მნიშვნელოვანი შედეგები.  მის ფარგლებში, 2017 წელს საქართველოში 10 საერთაშორისო პროექტი განხორციელდა, როგორც სრულად ისე ნაწილობრივ. აქედან, 4 ინდური კინოპროდუქტია, 5   ქართულ-ევროპული ერთობლივი ნამუშევარი და ერთიც ამერიკული. პროგრამის განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 26 მლნ ლარზე მეტი ოდენობის (9 მლნ ევრო) ინვესტიცია  შემოვიდა.

„კლასტერის მიზანია აამაღლოს ცნობიერება იმის თაობაზე, თუ როგორ შეუძლიათ კრეატიულ ინდუსტრიებს, კონკრეტულად კი კინოინდუსტრიას, სარგებელი მოუტანოს საქართველოს ეკონომიკას. ამ მიზნით, ჩვენ გამოვიყენებთ მთავრობასთან პირდაპირი დიალოგის ფორმას, ასევე კერძო და საჯარო სექტორებთან დიალოგის პლატფორმას. მხარს დავუჭერთ შესაბამისი ცვლილებების შეტანას საგადასახადო კოდექსში, იმისათვის რომ შევქმნათ ხელსაყრელი გარემო ქართული კინოინდუსტრიის გაძლიერებისა და პოპულარიზაციისთვის,“ განაცხადა GFM Studio-ს კინოპროდიუსერმა და ქართული კინოკლასტერის თანადამფუძნებელმა ნოშრევან ჩხაიძემ. 

 

---------------

„ევროკავშირი ბიზნესისთვის“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის მიმდინარე ევროკავშირის პროგრამებს. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს ევროკავშირის 500 მილიონიანი ბაზრისკენ. 

 

ავტორი: თამარ ხურცია

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე