You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ეკა ბოქოლიშვილისთვის ყველაფერი აღმოსავლეთ საქართველოს სოფელ საქობოში, მის სამზარეულოში დაიწყო. მაშინ თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა, მაგრამ იცოდა, რომ ქართული ნუგბარის მსოფლიოსთვის გაცნობის სურვილი შორს წაიყვანდა.

სულ მალე ეკა ბოქოლიშვილმა და მისმა დეიდაშვილმა, ბიძინა ფხოველიშვილმა დაარსეს კომპანია „ნუგბარი“ და ქართული ტრადიციული ჩურჩხელის წარმოებას შეუდგნენ.

მაშინ ყველაფერს მე ვაკეთებდი,“ - ამბობს ბოქოლიშვილი. „ვხარშავდი თათარას, ნიგოზს ძაფზე ვაცვამდი, თათარაში ვავლებდი და გასაშრობად ვკიდებდი. იმ რაოდენობისთვის რასაც ვაწარმოებდით, ერთ ადამიანზე მეტი არ გვჭირდებოდა.“

თუმცა ყველაფერი მალე შეიცვლებოდა.

ბოქოლიშვილი მიხვდა, რომ მიზანთან იმაზე ახლოს იყო, ვიდრე ფიქრობდა და „ნუგბარის“ პროდუქცია ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე ადგილს წარმატებით დაიმკვიდრებდა.

უეცარი ზრდა და გაუთვალისწინებელი მოვლენები

მომხმარებლები ქვეყნის დიდ სუპერმარკეტებში „ნუგბარის“ სულ უფრო მეტ ჩურჩხელას ყიდულობდნენ და მოთხოვნაც გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ექსპორტის შეთავაზებები მოჰყვა. ბოქოლიშვილმა და მისმა ბიზნეს პარტნიორმა გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის წარმოებისთვის პატარა სამზარეულო აღარ ეყოფოდათ. ოთხი წლის წინ იმავე სოფელში მიწა და ძველი სახლი იყიდეს, გაარემონტეს და ახალი მიზნებით ახალი ცხოვრება დაიწყეს.

წარმოების გასაფართოებლად ბოქოლიშვილმა ადგილობრივები დაიქირავა, ძირითადად ქალები, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ყველა ეტაპზე, ყურძნის წვენის მოხარშვიდან საბოლოო პროდუქტის შეფუთვამდე. ის, რაც ერთი ადამიანის შრომით დაიწყო, იქცა სრულმასშტაბიან ბიზნესად 60 თანამშრომლით, რომლებიც ყოველდღიურად 5 000-დან 6 000-მდე ჩურჩხელას აკეთებდნენ. შემდეგ ეს პროდუქცია საქართველოს მასშტაბით იყიდებოდა და ექსპორტზე გადიოდა 20-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, რუსეთში, ლიტვაში, გერმანიაში, ჩინეთში, პოლონეთში, შოტლანდიაში და სხვა.

როცა „ნუგბარი“ წარმატების ახალ საფეხურზე გადადიოდა, მსოფლიოში პანდემია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო მუშაობას განაგრძობდა, ექსპორტი შენელდა და პროდუქტებზე ადგილობრივი მოთხოვნა საგრძნობლად შემცირდა.

მაშინ ვის ახსოვდა ჩურჩხელა, ხალხი სიცოცხლის გადარჩენაზე ფიქრობდა,“ - ამბობს ბოქოლიშვილი.

თებერვალში რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, რითიც რეგიონში კიდევ ერთი კრიზისი გამწვავდა. „ნუგბარისთვის“ უკრაინა ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო მიმართულება იყო, სადაც ყოველთვიურად მინიმუმ 10 000 ჩურჩხელა იგზავნებოდა. გარდა ამისა, „ნუგბარის“ ექსპორტიორებს რუსეთის გავლით იაფად გაჰქონდათ პროდუქცია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ლიეტუვა ან ლატვია. ომის გამო ეს მარშრუტი გაცილებით გაძვირდა.

ლიტველი იმპორტიორები თვეში 25 000-ზე მეტ ჩურჩხელას ყიდულობდნენ. ახლა შეუკვეთეს 5 000-ზე მეტი, რომ გატესტონ, ძვირი იქნება თუ არა ექსპორტი ომის დროს“, - განმარტა ბოქოლიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს ისინი ყოველთვიურად სხვადასხვა ქვეყანაში 15 000-ზე მეტ ჩურჩხელას გზავნიან. პანდემიამდე და უკრაინის ომამდე ეს მაჩვენებელი 65 000-ს უდრიდა.

ახალი გზა

ორი გლობალური გამოწვევის გარდა, კომპანიას შიდა პრობლემაც ჰქონდა - პროდუქტის შესაფუთად გამოყენებული ვაკუუმის აპარატი დიდი რაოდენობით ჩურჩხელას ვერ ამუშავებდა და ხშირად ფუჭდებოდა.

მანქანა ისევ ვერ ფუთავდა პროდუქტს, რომ ჰაერი არ შესულიყო. ჩვენი ჩურჩხელა თვეების განმავლობაში მოგზაურობს კონტინენტებზე, ხშირად ტენიანობასა და სიცივეში. რადგან პროდუქცია არ იყო კარგად დალუქული, მაგრდებოდა და შაქრიან ზედაპირს იკეთებდა“, - ამბობს ბოქოლიშვილი და აღნიშნავს, რომ პროდუქციის საერთო ხარისხი შემცირდა და მომხმარებლები უკმაყოფილო იყვნენ.

საბედნიეროდ, „ნუგბარმა“ მიიღო მხარდაჭერა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტისგან: ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში“, რომელიც ევროკავშირი ბიზნესისთვის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება. „ნუგბარი“ შეფუთულ ჩურჩხელას აწარმოებს, რითიც შეფუთვის სექტორშიც ჩართულია. ევროკავშირის პროექტი კი კომპანიას ახალი, თანამედროვე დანადგარის შეძენაში დაეხმარა. ამ მოწყობილობის გამოყენებით „ნუგბარმა“ შეფუთვის ინოვაციური ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ამცირებს საკვებისა და წარმოების/შეფუთვის ნარჩენებს. ეს დანადგარები იყენებენ სრულად გადამუშავებად ნედლეულს და აქვთ 30%-ით ნაკლები ნარჩენები, ვიდრე ტრადიციული ვაკუუმის შესაფუთ მანქანებს.

ახალი ტექნიკით ყოველდღიურად შეგვიძლია 10 000-ზე მეტი ჩურჩხელის დამუშავება. ეს ნიშნავს, რომ ახლა გვაქვს რესურსი, მივიღოთ დიდი საექსპორტო შეკვეთები და აღარ ვიფიქროთ პროდუქტის ხარისხზე,” - თქვა მან.

ძველ და ახალ დანადგარს შორის დიდი განსხვავებაა. ეს ძალიან გვახარებს.“

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტი მხარს უჭერს შემფუთველთა კლასტერს და სტრატეგიული ინვესტიციების დახმარებით კომპანიებს აძლიერებს. „ნუგბარმა“ დაფინანსება მიიღო საგრანტო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს შეფუთვის ღირებულების ჯაჭვის კომპანიებში ინვესტიციების მოდერნიზაციის მხარდაჭერას.

მიუხედავად გამოწვევებისა, თანამედროვე დანადგარის გამოყენებით, ეკა ბოქოლიშვილი გეგმავს რომ ქართული ჩურჩხელა დიდი რაოდენობით კიდევ ბევრ ქვეყანაში გაიტანოს ექსპორტზე.

„ახლა გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ ყოველდღიურად 15 000 ჩურჩხელა ვაწარმოოთ,“ ამბობს ის, და აღნიშნავს, რომ ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერამ კომპანიის პრობლემა გადაჭრა.

„რაც მეტს გავიტანთ ექსპორტზე, მით უფრო მეტი ხალხი გაიგებს საქართველოს და მისი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების შესახებ. ჩვენც ზუსტად ეს გვინდა.“

წარმატების ახალი ისტორიები
ge
14.12.2022
როცა ნანული ჭელიძე უშგულში სასტუმროს გაფართოებისთვის კრედიტის ასაღებად ბანკში წავიდა, თან მხოლოდ ერთი ნივთი წაიღო - შთაბეჭდილებების წიგნი, რომელიც მისი სასტუმროს სტუმრებმა შეავსეს.
ge
06.12.2022
კახეთის რეგიონის სოფელი ვაჩნაძიანი ცნობილია იმით, რომ აქ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი ღვინის მარანი მდებარეობს. ადგილობრივებმა მისი მშებელობა ჯერ კიდევ 1900-იან წლებში დაიწყეს, თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს სამუშაოები შეჩერდა.
ge
05.12.2022
ქართული მცირე ბიზნესის განვითარებასთან ერთად, ზოგიერთი მეწარმე ადგილობრივი ბაზრისთვის უჩვეულო პროდუქტების წარმოებით დაინტერესდა. ღვინის საპონი და გოგრის თესლის ზეთი სწორედ ასეთ პროდუქტებს მიეკუთვნება.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე