Nuts.ge ერთერთი ყველაზე მსხვილი თხილის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელსაც ადგილობრივად წარმოებული თხილი, სხვადასხვა სახეობის პროდუქტად, მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტზე გააქვს. კომპანია წლიურად 2000 ტონა თხილის მზა პროდუქციას აწვდის მსოფლიოში ცნობილ ბრენდებს, შოკოლადისა და ნაყინის ინდუსტრიებს, მცხობელებს, დისტრიბუტორებს და მათ თხილის პროდუქტისგან წარმოებულ სრულ სპექტრს სთავაზობს.
თხილს საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უჭირავს და უდიდესი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ, Nuts.ge გახდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროგრამიდან - კონსულტაციები მცირე ბიზნესისათვის, და დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, EU4Business ინიციატივის ფარგლებში. მიღებული გრანტით კომპანიამ შეძლო, წარმოება ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობაში მოეყვანა.
უფრო მაღალი სტანდარტისკენ
მამუკა ბერიაშვილი, კომპანია Nuts.ge-ს დირექტორი, აღნიშნავს, რომ კომპანიებისთვის ურთულეს ამოცანას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება და მაღალი კონკურენციის პირობებში თავის დამკვიდრება. მისი თქმით, EU4Business-ისა და EBRD-ის ერთობლივმა მხარდაჭერამ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში.
„ბიზნესისთვის აუცილებელია, მუდმივად განვითარებაზე ფიქრი. ევროკავშირისა და EBRD-გან მიღებული დახმარების შედეგად, ადგილობრივი და საერთაშორისო კონსულტანტების ჩართვით, ჩვენ შევძელით, მოგვეწესრიგებინა საწარმოო პაკეტი - მოვახდინეთ ფინანსური და ბუღალტრული უწყისების ადაპტირება საერთაშორისო სტანდარტთან, დავნერგეთ მართვის ავტომატური სისტემა, ჩავატარეთ საკონსულტაციო სამუშაოები, რომელმაც შეაფასა კომპანიაში არსებული მდგომარეობა და დაგვისახა სამომავლო განვითარების გეგმა. ეს არის სრული ჯაჭვი, თუ როგორ უნდა განვითარდეს კომპანია, რადგან შესაბამისი სტანდარტების დაცვის გარეშე, პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე წვდომა ვერ ექნება,” ამბობს მამუკა ბერიაშვილი.
როგორც მამუკა გვიყვება, თხილის ბიზნესში 2007 წლიდანაა ჩართული, იმ პერიოდიდან, როცა ეს სექტორი იწყებდა ჩამოყალიბებას, ამიტომ Nuts.ge-ს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. საწარმო ზუგდიდში 2012 წლიდან არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ სამეგრელოში თხილის დიდი მოსავალია და ქვეყნისთვის თხილის მოპოვების ძირითად რეგიონად ითვლება, საწარმოს დაფუძნებაც სწორედ ზუგდიდში გადაწყვიტა. თუმცა კომპანიის საწარმო კახეთშიც ფუნქციონირებს. დღეს Nuts.ge საერთაშორისო თხილეულისა და მშრალი ხილის ასოციაციის წევრია. მის მუშაობაში ჩართული არიან წვრილი და საშუალო ფერმერები, შემგროვებლები, და ასევე კომპანიები, რომლებიც Nut.ge-ს ნახევრადფაბრიკატ ნედლეულს აწვდიან.
„თუ თხილის წარმოება საქართველოში იქნება წარმატებული და განვითარებული, მაშინ მასში შემავალი ყველა რგოლი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. წარმოიდგინეთ, ჯამში 1000-ზე მეტი მომწოდებელი გვყავს. საკმაოდ ბევრი მეწარმის ეკონომიკური მდგომარეობა დამოკიდებულია დარგის განვითარებაზე, ამიტომ ვცდილობთ, ავწიოთ სტანდარტი და დავაკმაყოფილოთ ყველა საერთაშორისო მოთხოვნა,“ ამბობს მამუკა.
კომპანიას COVID-19 პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა. Nuts.ge-ს დირექტორის თქმით, პანდემიამ გამოიწვია მუშა ხელის განახევრება, რაც პირდაპირ აისახა წარმოების რაოდენობაზე.
„იმისათვის, რომ რეგულაციები დაგვეცვა, რაც თანამშრომლებს შორის ორი მეტრის დისტანციის არსებობას ითვალისწინებდა, იძულებულები გავხდით, არსებული მუშახელი გაგვენახევრებინა და დაგვეტოვებინა მხოლოდ 30. პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო რეგიონიდან რეგიონში და სოფლიდან სოფელში ტრანსპორტირება. მეწარმეებს უნდოდათ ნედლეულის გაყიდვა, მაგრამ, არ შეეძლოთ მოწოდება. მიუხედავად ამ ზიანისა, კომპანიას გააჩნდა ევროკავშირის დახმარებით გაწერილი სტრატეგია, თუ როგორ უნდა განევითარებინა ბიზნესი და ეწარმოებინა პროდუქტი. Nuts.ge-მ შეძლო, მინიმალური ფინანსური ზიანით გაეგრძელებინა მუშაობა“ - ამბობს მამუკა ბერიაშვილი.
დასაქმება, როგორც პრიორიტეტი
ზემა გერგედავა Nuts.ge-ს ერთერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში საქმიანობას პანდემიის მიუხედავად აგრძელებს. ზემა თხილის ქარხანაში 5 წელია მუშაობს, თითქმის იმ პერიოდიდან, რაც საწარმო ფუნქციონირებს. მისი თქმით, რეგიონში სამუშაო ადგილები არც ისე ბევრია და დასაქმება განსაკუთრებულ სირთულეს ქალებისთვის წარმოადგენს.
„სანამ ეს ქარხანა იარსებებდა, მანამდე არასდროს მიმუშავია, სახლის საქმეში ვიყავი ჩართული. მას შემდეგ, რაც ქარხანა გაიხსნა, რეგიონში მაცხოვრებლებისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ მცხოვრები ოჯახებისთვის. შემოსავლის წყაროს ქალაქგარეთ აღარ ეძებ და რჩები იქ, სადაც ცხოვრობ,“ ამბობს ზემა გერგედავა.
ირაკლი შამათავა Nuts.ge-ს კიდევ ერთი თანამშრომელია, რომელიც კომპანიაში დაფუძნების დღიდან მუშაობს. ირაკლი ზუგდიდის ადგილობრივი მაცხოვრებელია. კომპანიის ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრისას, აღნიშნავს, რომ რეგიონისთვის ისეთი საწარმოს მუშაობა, როგორიცაა Nuts.ge, ძალიან მნიშვნელოვანია.
„კომპანიას მუდმივად ემატება ახალი მუშა ხელი და ფართოვდება. გარდა იმისა, რომ საწარმოში საქმდებიან ადამიანები, Nuts.ge ხელს უწყობს მეთხილეობის დარგის განვითარებას რეგიონში - იბარებს თხილს ადგილობრივი ფერმებისგან, რაც შემოსავლის წყაროა ბევრი ადამიანისთვის. ამ დარგის განვითარება პირდაპირ აისახება ადამიანების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რომლის უკანაც ოჯახები დგანან“, ამბობს ირაკლი.
ამ ეტაპზე, პანდემიის გამო, კომპანიაში 120-დან 70 თანამშრომელი განაგრძობს საქმიანობას, რასაც სეზონურად დასაქმებულთა რაოდენობა ემატება. ექსპორტზე 1000 ტონა თხილის ნაწარმი გააქვს და მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას მოიცავს - ევროპაში პროდუქტის ექსპორტი 38%-ია, ჩინეთში - 24%, რუსეთში - 22%, აფრიკაში - 5%, ახლო აღმოსავლეთში - 9% და დანარჩენ ქვეყნებში 2%.
სტატია მომზადდა პროექტის „EU NEIGHBOURS east” ფარგლებში. სტატიის ორიგინალი იხილეთ ბმულზე: https://euneighbourseast.eu/news-and-stories/stories/thkhilis-carmoebis-mkhardachera-sakharthveloshi/