საქართველო განთქმულია ტრადიციული სამზარეულოთი. თითოეულ კუთხეს გამორჩეული კერძი აქვს, მაგალითად დასავლეთ საქართველოში, სტუმრებს ხაჭაპურის ნაირსახეობას სთავაზობენ, კახეთი ღვინის რეგიონია. იმის მიუხედავად რომ ჩურჩხელას შეიძლება შეხვდეთ თითქმის ყველგან, კახური ტრადიციული რეცეპტი საუკეთესოდ ითვლება. მას, ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში და უყვარს ტკბილეული, არასოდეს დაავიწყდება ჩურჩხელა.
„საქართველოში, ამ ტკბილეულის წარმოება ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობა და გამოწვევაა- მოლოდინი პროდუქტის გემოსა და ხარისხის მიმართ ძალიან მაღალია,“ ამბობს ინგა ყაჯრიშვილი, კომპანია ბადაგის დირექტორი.
ბადაგი 2011 წელს დაარსდა, თუმცა მალევე გახდა ტრადიციული ტკბილეულის მწარმოებელი ლიდერი კომპანია. ჩურჩხელას აწარმოებს კახეთში, აქვს მაღაზიები თბილისსა და ბათუმში. 2016 წელს, კომპანია თიბისი ბანკმა დააჯილდოვა როგორც იმ წლის ქართული პროდუქტი:
„ცოტა თუ დაიჯერებს, რომ საქმიანობა დავიწყეთ მხოლოდ ერთი თანამშრომლით, დღეს ჩვენთან დასაქმებულია 130-ზე მეტი თანამშრომელი. თუ თავიდან კვირაში მხოლოდ 500 ჩურჩხელას ვაწარმოებდით, ახლა დღეში 5, 000-ს. თავიდანვე, ჩანაფიქრი იყო ეკოლოგიური ტრადიციული პროდუქტის დამზადება.“
თუმცა როგორც ინგა გვიხსნის, სწრაფმა ზრდამ კომპანიაში გარკვეული გამოწვევები შექმნა ორგანიზაციული სტრუქტურის, რესურსებისა და ბიზნეს პროცესების კუთხით. სწორედ ამ დროს შეიტყო ბადაგმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საკონსულტაციო პროგრამის შესახებ.
წარმატებული საქმიანობის 15 წელი
მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს. ევროკავშირის, შვედეთის, ადრეულ გარდამავალ ეტაპზე მყოფი ქვეყნებისა და მცირე ბიზნესის ფონდების ფინანსური ხელშეწყობით, მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა, რომელსაც უძღვება ევრობანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისა და განვითარების გუნდი ქართულ კომპანიებს სთავაზობს საკონსულტაციო და ფინანსურ დახმარებას განვითარებისა და გაფართოებისათვის.
უკვე 15 წელია, რაც ეს გუნდი ქართულ ბაზარზე საქმიანობს: 15 წლის თავზე განხორციელდა 1.150-ზე მეტი საკონსულტაციო პროექტი- დაახლოებით ნახევარი დედაქალაქის გარეთ, ხოლო 1/5 ქალ მეწარმეებთან ერთად.
"ცოდნასთან და ექსპერტიზასთან წვდომა არის ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. არაერთ საწარმოსთან ვთანამშრომლობთ და მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას, მოვიდნენ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, დანერგონ ეფექტური და ინოვაციური სისტემები, გაზარდონ კონკურენტუნარიანობა როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე, " ამბობს სევერიან ღვინეფაძე, ევრობანკის მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებისა და განვითარების გუნდის ხელმძღვანელი.
„ამ გუნდის საქმიანობის დახმარებით, ჩვენ მხარი დავუჭირეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში კონკურენტუნარიანობის გაზრდისთვის, ევროპელ პარტნიორებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებისა და საწარმოების განვითარებისათვის,“ ამბობს ვინსენტ რეი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი, “ევრობანკი არის ევროკავშირის უმნიშვნელოვანესი პარტნიორი EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რომელიც მოიცავს ევროკავშირის მცირე და საშუალო ბიზნესის პროგრამებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.”
ბადაგმა უკვე დაასრულა თავისი პროექტი, რომელმაც კომპანიას გაცილებით მწყობრი პროცესები და აწყობილი ორგანიზაციული სტრუქტურა მოუტანა. კომპანია მიღწეულით არ კმაყოფილდება, და საქმიანობის გაფართოვებას აპირებს. ბადაგი მალე ჩირის გამოშვებას დაიწყებს, ასევე გეგმავენ საექსპორტო ბაზრების ათვისებას.
„მოხარულები ვართ რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტ კლიენტს ვიძენთ და მათ დღეებს ჩვენი პროდუქტით უფრო ტკბილს ვხდით,“ ამბობს ინგა ყაჯრიშვილი.