სათამაშოების მწარმოებელი პატარა ქართული კომპანია დიდ როლს თამაშობს ქართულ ბიზნესში

საქართველო
სათამაშოების მწარმოებელი პატარა ქართული კომპანია დიდ როლს თამაშობს ქართულ ბიზნესში

თბილისის საწარმო „დადარი“ სათამაშოების მწარმოებელი უბრალო კომპანია არ არის. საწარმოს შვიდი თანამშრომლიდან სამს სწავლის შეზღუდული უნარი აქვს. საწარმოს მთელი პროდუქცია შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. სათამაშოები მზადდება მთლიანად ხისგან და იღებება ორგანული საღებავებით. „დადარმა“ შეძლო საკუთარი ბიზნესის გაფართოება „კრედო ბანკისგან“ 25 000 ლარის – ანუ სულ რაღაც 8000 ევროს – მიღების შემდეგ. მიკროსესხის გაცემა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის საკრედიტო ხაზის წყალობით.

მიკრო მეწარმეების ხელშეწყობა

„დადარის“ გამოცდილება საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ხელს მიკროდაფინანსება მეწარმეობას. საქართველოში ევროკავშირი, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მუშაობს ადგილობრივ საკრედიტო ორგანიზაციებთან, რათა დაეხმაროს მიკრო საწარმოებს, მიიღონ განვითარებისთვის საჭირო ფულადი სახსრები. ამ პროგრამის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოს „კრედო ბანკს“ 5 მილიონი დოლარი (4,4 მილიონი ევრო) გამოუყო.

„ევროპის საინვესტიციო ბანკის მექანიზმი მიმართულია მიკრო და მცირე საწარმოებზე. საკრედიტო ხაზი საშუალებას გვაძლევს, უზრუნველვყოთ ხელმისაწვდომი და ამავდროულად საშუალო და გრძელვადიანი დაფინანსების შესაძლებლობა მეწარმეებისთვის,“ – ამბობს ნანა ტუღუში, „კრედო ბანკის“ ინვესტორებთან ურთიერთობის მენეჯერი.

„ჩვენს საწარმოს სესხი სჭირდებოდა არსებული პროდუქციის ასორტიმენტის გასაფართოებლად,“ – გვიყვება არჩილ გობეჯიშვილი, „დადარის“ გენერალური დირექტორი. „ჩვენ გამოვიყენეთ ფული არსებული ფართის განახლებისთვის, დამატებითი ფართის დასაქირავებლად და წარმოებისთვის აუცილებელი მასალების შესაძენად“.

მეტი, ვიდრე უბრალოდ ბიზნესი

სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის საქართველოში სამუშაოს პოვნა თითქმის შეუძლებელია, რაც „დადარს“ უნიკალურს ხდის და ნამდვილ სინათლის სხივად აქცევს. კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ კუჭუხიძემ ხის სათამაშოების დამზადება თბილისში 1990-იან წლებში დაიწყო. სათამაშოები საკმაოდ მარტივია წარმოსახვითი თამაშის სტიმულირებისთვის, თუმცა საკმაოდ ზუსტიც არის თამაშში რეალიზმის შტრიხების შემოსატანად.

„დადარი“ უკვე ავრცელებს და ყიდის პროდუქციას გერმანიაში ონლაინ პლატფორმის etsy მეშვეობით, თუმცა, კომპანია იმედოვნებს, კიდევ უფრო გაფართოვდეს, როცა საქართველო ევროკავშირის ყველა საწარმოო სტანდარტს დააკმაყოფილებს მომავალ წელს.

„ჩვენს გეგმებშია ჩვენი პროდუქციის გაფართოება, ევროპულ კომპანიებთან ახალი კონტაქტების დამყარება, წარმატებული ბიზნესებისთვის კორპორატიული სერვისების შეთავაზება, რაც საშუალებას მოგვცემს, დავასაქმოთ მეტი ხალხი და გავაძლიეროთ სოციალური ელემენტი კომპანიის შიგნით," – ამბობს გობეჯიშვილი.

„კრედო ბანკი“ ერთი-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოს მიკროსაფინანსო ბაზარზე. მას აქვს 65 სერვის-ცენტრი და ჰყავს დაახლოებით 230 000 კლიენტი ქვეყანაში. ბანკი მოწოდებულია მდგრადი ფინანსური სერვისების გასაწევად მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის. ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს აქტივობებსა და ბიზნესებს სოფლის მეურნეობის სფეროში, რომლებიც შემოსავლის და დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის.

„პროგრამის დაწყებიდან ამ წელს ჩვენ ხელი შევუწყეთ 5000-მდე კომპანიას, რომელთაგან ნახევარი ქალების მიერ იმართება, ხოლო 70 პროცენტი საფერმერო საქმიანობას ეწევა," – ამბობს ტუღუში

და ამატებს: „დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ეწვიონ ჩვენს სერვის-ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში ან დაგვიკავშირდნენ ონლაინ. და რაც მთავარია, ჩვენ ვუწევთ საკონსულტაციო მომსახურებას სტარტაპებსა და სოფლის მეურნეობის სფეროში მოღვაწე მეწარმეებს“.

 

პოლ ჰაკეტი, ევრონიუსი - წაიკითხეთ ორიგინალი სტატია ევრონიუსისგან

 

 

 

 

DCFTA აღმოსავლეთის ინიციატივის შესახებ

„დადარის“ მიკროსაფინანსო მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული DCFTA აღმოსავლეთის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ევროპის საინვესტიციო ბანკი EU4Business ინიციატივის ფარგლებში.

EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ზონის (DCFTA) აღმოსავლეთის ინიციატივის მიზანია გააძლიეროს ეკონომიკური განვითარება იმ ქვეყნებში, რომლებმაც ხელი მოაწერეს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, კერძოდ, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში, მიზნობრივი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ამ სამ ქვეყანაში.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე