როცა ტექნოლოგია ტრადიციას ემთხვევა: ბათუმის ლუდსახარში ასრულებს საწარმოო ხაზის მოდერნიზაციას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით

საქართველო
როცა ტექნოლოგია ტრადიციას ემთხვევა: ბათუმის ლუდსახარში ასრულებს საწარმოო ხაზის მოდერნიზაციას ევროპული სტანდარტების დაკმაყოფილების მიზნით

ავტორი: ნინა ცინცაძე

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ევროკავშირმა დახმარება გაუწიეს ბათუმის ტრადიციულ ლუდსახარშს მისი საწარმოო პროცესის მოდერნიზაციასა და ხარისხის გაუმჯობესებაში ევროპული სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

მთებით გარშემორტყმული ულამაზესი ზღვისპირა ქალაქი ლაჟვარიდსფერი ცითა და ქვიანი სანაპიროთი, ბათუმი საქართველოს შავი ზღვისპირეთში ბოლო ათწლეულის მანძილზე მიმზიდველი ადგილი გახდა მოგზაურებისთვის არა მხოლოდ მეზობელი ქვეყნებიდან, არამედ მთელი მსოფლიოდან. ბათუმი მართლაც კონტრასტების ქალაქია – მასში შენარჩუნებულია მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული მემკვიდრეობის ნიშნები, როდესაც იგი უმსხვილესი საპორტო ქალაქი იყო ევრაზიის გზაჯვარედინზე.

ბოლო პერიოდში ზოგიერთი მსოფლიოში ცნობილი სასტუმროების ქსელი შემოვიდა ადგილობრივ ბაზარზე და მსხვილმა ინფრასტრუქტურულმა პროექტებმა სრულიად შეცვალეს ქალაქის იერსახე. გარდა იმისა, რომ შავი ზღვის კურორტი სთავაზობს სტუმრებს ყოველწლიურად ახალ და სულ უფრო მომხიბვლელ სანახაობებს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული უნიკალური ღირშესანიშნაობები, რომლებიც ძველ დროში გვაბრუნებენ. ბათუმის ლუდსახარში ერთ-ერთი მათგანია.

1949 წელს საბჭოთა ეპოქის დროს დაარსებული, კომპანია ერთადერთი ლუდსახარშია რეგიონში ხანგრძლივი ისტორიითა და ადგილობრივად ცნობილი ბრენდით. გასაკვირი არ არის, რომ რაიონს, სადაც იგი მდებარეობს, ჩვეულებრივად ცნობილი ლუდსახარშის სახელს უწოდებენ.

„წარმოიდგინეთ ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელიც პლაჟზე წასვლის ნაცვლად მიდის ქალაქის გარეუბანში და უერთდება ათეულობით თანამოაზრეს, რათა მიირთვას ერთი-ორი კათხა ახალი ლუდი. ეს ის ხალხია, ვისაც ჩვენ პატრიოტ კლიენტებს ვუწოდებთ. ეს არის ერთგულების ყველაზე მაღალი ფორმა, როდესაც ადამიანი 30ºC-იან სიცხეში ფეხით 6 კილომეტრს გადის, რათა დატკბეს ჩვენი პროდუქტით“, – ამბობს ბათუმის ლუდსახარშის დირექტორი როინ ხალვაში. 

დასაბამიდან კომპანია აწარმოებდა სხვადასხვა ტიპის ლუდსა და უალკოჰოლო სასმელებს და თავისი პროდუქციით დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს უზრუნველყოფდა. თუმცა, ბოლო პერიოდში, მოძველებული ტექნიკის გამო, ლუდსახარში გადაერთო მხოლოდ ერთი ბრენდის არაპასტერიზებული ჩამოსასხმელი ლუდის წარმოებაზე, რომელიც ორიენტირებულია ბაზრის დაბალფასიან სეგმენტზე. პროდუქციის 75%-მდე იყიდება ბათუმში, ადგილობრივ კაფეებსა და რესტორნებში, ასევე მიმდებარე რეგიონებში.

„ბათუმის ლუდის მიმართ დაინტერესება და მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის ეს დიდი ხნის ტრადიციაა, ხოლო უცხოელი სტუმრებისთვის ადგილობრივი პროდუქციის – ცოცხალი ჩამოსასხმელი ლუდის დაგემოვნების შანსია", – ამბობს ნანა ჯანელიძე, ლუდსახარშის მეპატრონე. „მაგრამ მოძველებული აღჭურვილობა არა მარტო აფერხებდა ჩვენს წარმოებას, არამედ მორალურად უარყოფითად მოქმედებდა ჩვენს თანამშრომლებზეც. და ამ ფაქტმა გვიბიძგა, განვითარების საშუალებების ძიება დაგვეწყო“.

მცირე და საშუალო საწარმოების შესწავლის ახალი გზა

2016 წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა და ევროკავშირმა გააერთიანეს ძალისხმევა იმისათვის, რომ მსოფლიოს უმსხვილეს სავაჭრო ბლოკთან – ევროკავშირთან – თავისუფალი ვაჭრობის ზონიდან წარმოშობილი შესაძლებლობების სრულად გამოსაყენებლად შეეთავაზებინათ დახმარება მცირე და საშუალო საწარმოებისთვის საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, 2014 წელს გაფორმდა. იგი ითვლება ერთადერთ შეთანხმებად, რომელიც არა მარტო გაზრდის სავაჭრო კავშირებს და უზრუნველყოფს ეკონომიკური ინტეგრაციის უპირატესობებს, არამედ ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო საწარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდას სურსათის უვნებლობისა და ფიტოსანიტარული მაღალი სტანდარტების შემოღების, იმპორტული პროდუქციის ჩანაცვლების, ადგილობრივი მომხმარებლების მოთხოვნების დაკმაყოფილებისა და უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის შედეგად.

საქართველოში, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის მეშვეობით, ადგილობრივ კომპანიებს შეუძლიათ დაფინანსების მიღება აღჭურვილობის მოდერნიზაციის, შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარული პირობების გაუმჯობესების მიზნით. EU4Business ინიციატივის ფარგლებში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ შემოთავაზებულ დაფინანსებას ემატება 15%-მდე ევროკავშირის გრანტები და ტექნიკური დახმარების პროგრამა ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

ბათუმის ლუდსახარში დაფინანსების ერთ-ერთი მიმღებია. სესხმა ხელი შეუწყო კომპანიას, შეეძინა ლუდის წარმოების ახალი ნახევრად ავტომატური სლოვაკური ხაზი, რომელიც, ერთის მხრივ, აუმჯობესებს პროდუქტის ხარისხსა და უსაფრთხოებას, ხოლო, მეორეს მხრივ, ამცირებს სამუშაო ადგილზე დაზიანების რისკს. მოძველებული ტექნიკიდან ახალ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლამ შეამცირა საწარმოო დანადგარისთვის აუცილებელი ფართი – ახლა იგი სივრცის ერთ მეოთხედს იკავებს და ამცირებს ენერგიისა და სხვა შესაბამის ხარჯებს.

ამას გარდა, ლუდსახარშმა ისარგებლა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მცირე ბიზნესის საკონსულტაციო ჯგუფის მიერ გაზიარებული პრაქტიკული ინფორმაციითა და ცოდნით, რაც ევროკავშირის დაფინანსებასთან ერთად დაეხმარა კომპანიას ხარისხის მართვის ახალი სისტემების დანერგვაში.

„ჩვენთვის ხარისხის სტანდარტები არაა უბრალოდ ლოგოტიპზე ასახული ნიშანი. ეს არის სახელმძღვანელო, რომლითაც ვხელმძღვანელობთ ჩვენი საქმიანობის თითოეულ ეტაპზე; და ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ასეთი ხელმძღვანელობა გაგვაჩნია. ჩვენი მიზანი ჩვენი პროდუქტის უმაღლესი სტანდარტია, ჩვენი წარმატების ბარომეტრი კი – ჩვენი კლიენტების რაოდენობა და კმაყოფილების დონეა“, – ამბობს ბ-ნი ხალვაში.

„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი მემკვიდრეობითა და კიდევ უფრო ვამაყობთ იმით, რომ ვთავაზობთ ჩვენს კლიენტებს უმაღლესი, ევროპული ხარისხის ლუდს. ბათუმის ლუდსახარში ჩვეულებრივი წარმოების ფარგლებს ცდება. ეს ისაა, რაც ხალხს ახსოვს – ეს ჩვენი ქალაქის სულია“, – ამბობს ნანა ჯანელიძე.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე