ევროკავშირი ეხმარება ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას გახდეს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე

საქართველო
ევროკავშირი ეხმარება ქართულ სამკერვალო ინდუსტრიას გახდეს კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე

1992 წლიდან  სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ ყველა სახის სამოსს აწარმოებს, უმთავრესად კი უნიფორმებს, სხვადასხვა სახის ტანისამოსს, მათ შორის ბუმბულის „გაბერილ“ ქურთუკებს, ყოველდღიურ და ნაქსოვ სამოსს მამაკაცებისთვის, ქალებისთვის და ბავშვებისთვის. ეს ოჯახური ბიზნესია, რომელიც წლების მანძილზე გაფართოვდა და ამჟამად ორ სამკერვალო ფაბრიკას მოიცავს - ერთს თბილისში და მეორეს ლანჩხუთში, დასავლეთ საქართველოში, სადაც ჯამში 200-მდე ადამიანია დასაქმებული.

კომპანია არ არის  ახალბედა უცხოურ ბაზრებზე. მას საჭირო ქსოვილები ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვს, ხოლო ნაწარმი იტალიასა და თურქეთში გააქვს. თუმცა,  სამომავლო განვითარებისა და  ახალი ევროპელი დამკვეთების მოსაზიდად, „ელსელემა“-ს  საწარმოო პროცესში მაღალი ევროპული და საერთაშორისო სოციალური და შრომითი სტანდარტების დანერგვა სჭირდებოდა. მიზნის მისაღწევად „ელსელემა“-ს მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა განეხორციელებინა არა მხოლოდ კომპანიის მოწყობაში, არამედ  მოემზადებინა ყველა საჭირო დოკუმენტი რათა დაეკმაყოფილებინა საერთაშორისო აუდიტის მოთხოვნები შესაბამისი  სერთიფიკატის მისაღებად, რომელიც გზას გაუხსნიდა კომპანიას  ევროპულ ბაზარზე ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებისკენ.   

ახლა უკვე კომპანია დარწმუნებულია რომ ამას შეძლებს “მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA” პროექტის დახმარებით, რომელსაც ევროკავშირი, თავისი „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ ინიციატივის ფარგლებში აფინანსებს. პროექტი, რომელსაც GIZ-ი ახორციელებს,  საქართველოს სამკერვალო ინდუსტრიაში ბიზნეს კლასტერის განვითარების გზით ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესს აიმაღლოს სტანდარტი ყველა საჭირო მიმართულებით და გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი ევროპულ ბაზარზე.

„ჩვენ გამოვიყენეთ შესაძლებლობა და მონაწილეობა მივიღეთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რადგანაც ის გვაძლევს შანსს განვვითარდეთ და გავხადოთ ჩვენი ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი. სასიკეთო შედეგებს უკვე ვხედავთ,“ განაცხადა ქართული სამკერვალო კომპანია „ელსელემა“-ს დამფუძნებელმა, ელგუჯა მამასახლისმა.

პროექტი ეხმარება ქართულ სამკერვალო კომპანიებს დააკმაყოფილონ საწარმოო სტანდარტები, რომლებიც ბიზნესის სოციალური შესაბამისობის ინიციატივის (BSCI) სისტემის ნაწილია. აღნიშნული სტანდარტები ისეთ საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა, შრომის უსაფრთხოება და მუშა-ხელის დაცვა.  ევროპელი მყიდველებისთვის ამ სტანდარტების დაცვა უმთავრესი მოთხოვნაა.

„ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რათა დავაკმაყოფილოთ ევროპული სტანდარტები და დავუკავშირდეთ პოტენციურ პარტნიორებს ევროპაში,“ ამბობს „ელსელემა“-ს დამფუძნებელი და აქვე აღნიშნავს, რომ დახმარების გარეშე მათ გაუჭირდებათ იმ გამოწვევებთან გამკლავება, რომლებიც თან ახლავს საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მიერ შექმნილ შესაძლებლობებს.

 „ევროკავშირისა და GIZ-ის დახმარებით ჩვენ უკვე ვიმყოფებოდით გერმანიაში და შევხვდით პოტენციურ პარტნიორებს. ამჟამად მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს ფასთან და სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით. პროექტის წყალობით, გერმანიის  სამკერვალო ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშის საცალო ვაჭრობის ფილიალმა საქართველოს მიმართ ინტერესი გამოხატა.“ განაცხადა ელგუჯა მამასახლისმა.

ძალა ერთობაშია: ბიზნეს კლასტერის განვითარება

ელგუჯა მამასახლისს დიდი მოლოდინი აქვს სხვა სამკერვალო კომპანიებთან თანამშრომლობის მიმართულებით, რაც ქართული სამკერვალო ინდუსტრიის კონსოლიდაციის და სიმძლავრეების გაზრდის შესაძლებლობას შექმნის.

გარდა იმისა, რომ ამ გზით შესაძლებელი იქნება  მეტი მყიდველის მოზიდვა, მსგავს თანამშრომლობას „შეუძლია გააადვილოს სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენელთა დიალოგი მთავრობასთან და ხელი შეუწყოს  ბიზნესისთვის სასარგებლო საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებას. ცალკე აღებული კომპანიისთვის ამგვარი დიალოგი მთავრობასთან უმეტესწილად არაპროდუქტიულია,“ აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.

ამ მოსაზრებას მიხეილ გეთიაც იზიარებს, რომელიც პროექტის კიდევ ერთ  მონაწილე სამკერვალო კომპანია „MPT საქართველო“-ს ხელმძღვანელობს. მისი აზრით, კლასტერში გაერთიანების გზით სამკერვალო ინდუსტრიის წარმომადგენლები შეძლებენ უფრო ეფექტურად მოახდინონ სექტორისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება.

ის აღნიშნავს, რომ საქართველოს, თურქეთსა და ევროკავშირს შორის საბოლოო სამმხრივი შეთანხმების დაყოვნება თურქეთის მხრიდან იმპორტის გადასახადის გაუქმებაზე  ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა ქართული სამკერვალო კომპანიებისთვის, რომლებსაც აუცილებელი ნედლეულის შემოტანა მეზობელი ქვეყნიდან უწევთ.

„საერთო ძალისხმევით კლასტერის ფარგლებში, ჩვენ შევძლებთ დავაჩქაროთ ამ შეთანხმების შესრულება, რაც ქართული სამკერვალო ინდუსტრიისთვის მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება,“ განაცხადა გეთიამ.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი დახმარება კომპანიისთვის მაინც BSCI აუდიტისთვის მომზადების საქმეში მხარდაჭერაა.

პროექტი არა მხოლოდ დაეხმარა კომპანიას მოემზადებინა ათობით სავალდებულო დოკუმენტი BSCI აუდიტისთვის, არამედ მეტიც, მისი მეშვეობით საწარმო მთლიანად გადაეწყო საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოსვლის მიზნით.

„MPT საქართველო“-მ BSCI აუდიტისთვის მოთხოვნა გასული წლის ივლისში გაგზავნა. თუმცა, მაშინ მხოლოდ ძალიან დაბალი, „D“ დონის შეფასება მიიღო.

„აუდიტორმა დაგვიტოვა რეკომენდაციები შრომითი უსაფრთხოებისა და სხვა სავალდებულო სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.  ევროკავშირის და GIZ-ის ექსპერტებმა მთლიანად შეცვალეს კომპანიის მოწყობა და დაგვეხმარნენ უამრავი დოკუმენტის შექმნაში. მათი დახმარების გარეშე ვერ შევძლებდით მოგვემზადებინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია განმეორებითი აუდიტისთვის, რომელიც აპრილში იგეგმება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამჯერად „A“ ან „B“ დონის სერთიფიკატს ავიღებთ, რაც საშუალებას მოგვცემს თავისუფლად დავუკავშირდეთ ახალ ევროპელ მყიდველებს,“ თქვა გეთიამ.

***********************************************

ქართველი მწარმოებლების მხარდასაჭერად

საფეიქრო ინდუსტრიის განვითარების ინიციატივა 2016 წლის აპრილიდან დაიწყო, „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ პროექტის „მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და DCFTA საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც GIZ-ი ახორციელებს.

თავდაპირველმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართულ სამკერვალო წარმოებას დიდი საექსპორტო პოტენციალი გააჩნია პროდუქციის მაღალი ხარისხის და ევროკავშირის ბაზართან სიახლოვის თანხვედრის წყალობით, ასევე კონკურენტუნარიანი სახელფასო დანახარჯების გამო.

ქართველ მწარმოებლებთან და ევროპელ კონსულტანტებთან ცხრათვიანი ინტენსიური სამუშაო პროცესის შედეგად, პროექტში მონაწილე ოთხი კომპანია-შპს „ელსელემა“, შპს „ევროტექსი“, შპს „მოდელების სახლი მატერია“ და „MPT საქართველო“ მზად არიან სოციალური შესაბამისობის ინიციატივის (BSCI) აუდიტისთვის.  პროქტმა ასევე უზრუნველყო სავაჭრო მისია გერმანიაში გასულ წელს, რომლის ფარგლებშიც პროექტში მონაწილე კომპანიების წარმომადგენლები შეხვდნენ პოტენციურ მყიდველებს და მომმარაგებლებს მიუნხენში, ბერლინსა და ჰამბურგში.

 „ევროკავშირი ბიზნესისთვის“ არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის პროგრამებს საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის და კერძო სექტორის განვითარებისთვის. ინიციატივა საშუალებას აძლევს კერძო სექტორს ისარგებლოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების უპირატესობებით, რომელიც კარს უღებს საქართველოს 500 მილიონიანი მომხმარებლის ბაზრისკენ.

 

ავტორი: თამარ ხურცია

იხილეთ ადგილობრივ მედიაში გამოქვეყნებული სტატია ქართულ და ინგლისურ ენებზე

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე