You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

ოდესმე, ჭიქა გემრიელი ღვინის დაგემოვნებისას, გიფიქრიათ იმ გზაზე, რაც მან თქვენამდე განვლო? სწორედ ეს ციკლი მანამ, სანამ პროდუქტი მომხმარებლის მაგიდაზე მოხვდება, ბევრი მწარმოებლისთვის ყველაზე მეტი გამოწვევითაა სავსე. ქალაქ ბოლნისში, ორი ძმის, გურამ და გიორგი ავქოფაშვილების "ძმების მარანი" 2015 წლიდან ქართულ ღვინოს აწარმოებს. თუმცა, სხვა მეღვინეების მსგავსად, ეს მცირე საოჯახო მეღვინეობაც ფილტრაციის, ჩამოსხმის, ეტიკეტირებისა და ღვინის შენახვის სირთულეებს აწყდებოდა.  

ამასობაში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრი EU4Business-ის ქოლგის ქვეშ მიმდინარე ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ (M4EG) ფარგლებში შეიქმნა. ბიზნესის უფრო ეფექტიანად ოპერირებისკენ მიმართული პრაქტიკული საშუალებებისა და ახალი ცოდნის გადაცემით, ცენტრი ადგილობრივი მაცხოვრებლების პირობებს აუმჯობესებს. აქ ხელმისაწვდომი ევროპული სტანდარტის შეფუთვისა და ეტიკეტირების დანადგარების მხარდაჭერით, „ძმების მარანი“ ღვინოს ქართული ბაზრისთვის ამზადებს და სამომავლოდ ექსპორტსაც გეგმავს.

ადგილობრივ საჭიროებებსა და გამოწვევებზე რეაგირება

ბოლნისი საქართველოს მრავალეროვნული, ძირითადად, სასოფლო-სამეურნეო მუნიციპალიტეტია, რომლის მოსახლეობის 63% სოფლის მეურნეობის სფეროშია დასაქმებული. თუმცა, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებული შესაძლებლობების მიუხედავად, ადგილობრივი მწარმოებლები წარმოების ოპტიმიზაციასა და მაქსიმალური მოგების მიღებას იშვიათად ახერხებდნენ.

ადგილობრივი მეწარმეების გამოწვევებზე მორგებული აგროცენტრი ახლა საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებებს ფინანსების, მარკეტინგისა თუ ბუღალტერიის მიმართულებით და იურიდიულ მომსახურებას ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე უზრუნველყოფს. თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისა და ღვინოების მწარმოებლები სამაცივრე, ეტიკეტირების, შეფუთვის, ბოთლში ჩამოსხმისა და გაფილტვრის სერვისებით ხელმისაწვდომ ფასად სარგებლობენ.

“ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია, რაც კი ბოლნისში განხორციელებულა. მოსახლეობას საშუალება მიეცა, რომ შრომა გაუადვილდეთ და წარმოება გააფართოონ. ბოლნისის 900-მდე საოჯახო მეღვინეობა აგროცენტრის მომსახურებით ისარგებლებს“, აღნიშნავს გურამ ავქოფაშვილი.

ადგილობრივი მეღვინეებისა და ფერმერების განვითარების მხარდაჭერა

აგროცენტრის საქმიანობა ეფუძნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმას, რომელიც ბოლნისის მთავარ ეკონომიკურ პრიორიტეტებსა და მიზნებს განსაზღვრავს. ეს პრიორიტეტები მუნიციპალიტეტმა მაშინ შეიმუშავა, როდესაც ევროკავშირის ინიციატივის ”მერები ეკონომიკური ზრდისთვის” ხელმომწერი გახდა და M4EG-ის პროექტების კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის სრული ბიუჯეტი 380,000 ევროა, სადაც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა 320,000 ევროს შეადგენს. ბოლნისის მუნიციპალიტეტმა აგროცენტრის შენობები საკუთარი ხარჯებით ააშენა.

მუნიციპალიტეტმა დაინახა ევროკვშირის მხარდაჭერა და მერე მიიღეს გადაწყვეტილება, შენობა აეშენებინათ. ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება ევროკავშირის პატარა ინიციატივით დიდი საქმის კეთება,” ამბობს ნატალია კაკაბაძე, M4EG პროექტის მენეჯერი.

ადგილობრივი ბაზრის, მისი პოტენციალისა და ადგილობრივი მწარმოებლებისა და მეწარმეების საჭიროებების შესწავლის შედეგად, მუნიციპალიტეტმა ეკონომიკური განვითარების მაღალი პოტენციალის სამი სფერო გამოავლინა: სოფლის მეურნეობა, მეღვინეობა და ტურიზმი. ადგილობრივი ფერმერები, როგორც წესი, საკუთარ მზა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შემდგომი დამუშავებისთვის ყიდდნენ. ამის გამო, ისინი ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის საწყის ეტაპზე იმყოფებოდნენ. ახლა, საკუთარი ცოდნისა და ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების გზით, ისინი პროდუქციის შესაბამისი სტანდარტების,  მაღალი ხარისხის შენახვის, შეფუთვის, დისტრიბუციისა და მარკეტინგის  უზრუნველყოფას მოახერხებენ, რაც შემოსავლების ზრდასაც განაპირობებს.

„ამ ეტაპზე, დოკუმენტების მოწესრიგება გვჭირდებოდა. ცენტრისგან იურიდიული დახმარება მივიღეთ და დოკუმენტები მოვაწესრიგეთ, აღნიშნავს  მერი მახარაძე, ყველის მწარმოებელი საწარმო „დისველის“ დამფუძნებელი, რომელიც აგროცენტრის ერთ-ერთი ბენეფიციარია.  როდესაც სხვადასხვა სახის ქართული ყველის საწარმო გაფართოვდება, შეფუთვის მომსახურებითაც ისარგებლებს.

ტურიზმი, როგორც პრიორიტეტი

გემრიელ ღვინოსა თუ ხარისხიან ყველთან ერთად, მუნიციპალიტეტი სტუმრებს ბევრ მიმზიდველ ადგილს სთავაზობს, იქნება ეს მეხუთე საუკუნეში დაფუძნებული, საქართველოში მოქმედი ყველაზე ძველი ეკლესია ბოლნისის სიონი, თუ გერმანული მემკვიდრეობა. ვინაიდან ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, მუნიციპალიტეტმა ინვესტიცია ჩადო  ბოლნისის ისტორიული სამეზობლო კატარინენფელდის განახლებაში, სადაც მეცხრამეტე საუკუნეში 95-მა გერმანელმა ოჯახმა შვაბიიდან კოლონია დააფუძნა.

კატარინენფელდის ერთ-ერთი ქუჩის (სტეფანიას ქუჩა) ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ფეხით მოსიარულეებზე ქუჩის ადაპტირებისთვის ახალი გზისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობის, ქუჩის გარე განათებისა და ტურისტული ნიშნების დამონტაჟების შედეგად, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საკუთარი სახლების საოჯახო სასტუმროებად გადაკეთების, მაღაზიებისა და რესტორნების გახსნის სურვილი გამოთქვეს. ასევე, შეიქმნა კატარინენფელდის მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც მუნიციპალიტეტს ტურისტების მოზიდვაში დაეხმარება.

როცა ტურისტული ინფრასტრუქტურა და ადგილობრივად წარმოებული ღვინოები და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ბოლნისი მზად იქნება, ბევრად მეტ ტურისტს უმასპინძლოს.  ცხადია, რომ მუნიციპალიტეტს ვიზიტორებისთვის ბევრი საინტერესო თავგადასავლის შეთავაზება შეუძლია.

წარმატების ახალი ისტორიები
09.02.2021
გიფიქრიათ, რამდენად ემოციური დატვირთვა აქვს ფერსა და მის გრადაციებს ადამიანისთვის? სინამდვილეში, კონკრეტული ფერების კოქტეილებს გარკვეული გავლენა ნამდვილად აქვთ ჩვენს განწყობაზე, რაც, ხშირად, ჯანმრთელობისა თუ ემოციურ პრობლემებთან უკეთ გამკლავებაში გვეხმარება.
18.01.2021
თუ ვიტყვით, რომ ოსტატად ქცევა ადამიანისგან სრული რესურსის გაღებას მოითხოვს, ციფრულ სააგენტო „ლივინგსტონს“ მთელი გუნდის შემოქმედებითი უნარები შეუსრუტავს, რათა ბაზარზე წამყვან კომპანიან ჩამოყალიბებულიყო.
05.01.2021
როცა პანდემია გვიტევს და სოციალური დისტანცირება უსაფრთხოების შენარჩუნების ძირითადი გამოსავალია, ვირტუალური სერვისების იდეა კიდევ უფრო ღირებული ხდება.