ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით საქართველოში მთის ჩაის წარმოება იზრდება

საქართველო
ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით საქართველოში მთის ჩაის წარმოება იზრდება

ქართულ ჩაის უკვე წლებია მსოფლიო ჩაის რუკაზე საპატიო ადგილი უკავია, უნიკალური გემოსა და არომატული თვისებების გამო. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სულ უფრო მეტმა ადგილობრივმა მეწარმემ გადაწყვიტა ჩაის ძველი პლანტაციების აღდგენა და ბიოლოგიურად სუფთა ჩაის წარმოება. ზოგიერთ მათგანს არ ჰქონდა არც საბაზრო კავშირები, არც შესაბამისი გამოცდილება და არც წარმოებისთვის საჭირო დანადგარები. ამ კრიტიკულ მომენტში, ევროკავშირის/შვედეთის/ავსტრიის თანადაფინნანსებულმა პროექტმა სახელწოდებით GRETA - მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, მეწარმეებს დახმარება შესთავაზა. პროექტი GRETA, რომელიც EU4Businness-ის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების უზარმაზარ პოტენციალზე და მიზნად ისახავს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მთის ტურიზმსა და ორგანულ სოფლის მეურნეობაში. GRETA-ს მხარდაჭერით, საქართველოს ორგანული ჩაის მწარმოებლები არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე გასასვლელად ემზადებიან, არამედ თავიანთი პროდუქციის საერთაშორისოდ რეალიზაციასაც გეგმავენ.

ქართული მთის ჩაი ბაზარს გააოცებს

წარმოიდგინეთ ჩაის ბაღები, ზღვის დონიდან 825 მეტრზე, ტბასთან ახლოს, ტყეებითა და მთებით გარშემორტყმული, რომელიც დასავლეთ საქართველოში, იმერეთში, მაღალმთიან სოფელ მანდაეთში მდებარეობს. სწორედ აქ „აგრო კულტურა +“ ორგანულ ჩაის აწარმოებს, რომელსაც მხოლოდ საქართველოს მთის ჩაისთვის დამახასიათებელი უნიკალური არომატი და მდიდარი გემო აქვს.

კომპანიამ მუშაობა 2018 წელს მიტოვებული ჩაის პლანტაციის აღდგენით დაიწყო. მის დამფუძნებლებს ერთი მიზანი ჰქონდათ - მთის ეკოსისტემისთვის დამახასიათებელი მაღალი ხარისხის, ორგანული ჩაის მოყვანა. ამ რეგიონის მძიმე კლიმატი მნიშვნელოვან დამხმარედ გვევლინება: უკიდურესად ცივი ზამთარი ბუჩქებს დაავადებებისგან იცავს და შედეგად ვიღებთ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ჩაის. პირველივე დღიდან კომპანიას ჩაის მაღალი ხარისხისა და მდიდარი გემოს შენარჩუნება სურდა, ამიტომ გადაწყვიტეს პესტიციდები არ გამოეყენებინათ და სამუშაოც ხელით შეესრულებინათ.

თავს უკეთ გრძნობ, როცა იცი, რომ ის, რასაც  აწარმოებ, არ შეიცავს ტოქსიკურ ქიმიკატებს და არის ჯანსაღი“, - ამბობს გიგა იპაროიძე, „აგრო კულტურა +“-ის დამფუძნებელი.

ორგანულ ჩაის ფოთლებს ხელით კრეფენ, ამუშავებენ და ფუთავენ საწარმოში, რომელიც აშენდა GRETA-ს მხარდაჭერით, EU4Business-ის ქოლგის ქვეშ. კომპანიამ წარმოების გასაზრდელად საჭირო დანადგარებიც შეიძინა: ჩაის სატკეპნი, საჭკნობი, საშრობი და შესაფუთი დანადგარები. პროექტის ხელშეწყობით, კომპანიამ ბიოსერტიფიკატიც აიღო.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო GRETA-ს მხარდაჭერა,“  ამბობს კიპაროიძე. „გრძნობ, რომ მხოლოდ დახმარებას კი არ გთავაზობენ, არამედ თავდაუზოგავად მუშაობენ იმისთვის, რომ რეალური შედეგი ჰქონდეს მათ მხარდაჭერას და კომპანიამ თავის მიზნებს მიაღწიოს. შუა გზაზე მარტო არ დავრჩენილვართ.“

კიპაროიძე ფიქრობს, რომ მისი კომპანია დიდ როლს თამაშობს სოფელში სამუშაო ადგილების შექმნასა და მთიდან მიგრაციის შემცირებაში. დღეს „აგრო კულტურა +“-ის პლანტაციებს წლის განმავლობაში 10 ადამიანი უვლის. ზაფხულობით 25 ადამიანი, უმეტესად ქალები, ჩაის კრეფაში იღებენ მონაწილეობას. ადგილობრივი მუშახელის დახმარებით, კომპანია ვარაუდობს, რომ 2022 წლის სექტემბრისთვის 4 ტონა ჩაის აღებას შეძლებს. ეს საკმარისია კომპანიის ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად: ის შეძლებს პროდუქცია საქართველოშიც გაყიდოს და ევროპულ ბაზრებზეც გაიტანოს.

ქართული ჩაის მწარმოებელი კომპანია გამშრალი ხილის წარმოებას იწყებს

იმერეთის მაღალთმთიანი სოფელი ტყიბული ის ადგილია, სადაც ბუნების ჰარმონიით მაღალი ხარისხის ორგანული ჩაი „ბუეთი“ იქმნება. მოსავლის აღებისას ჩაის ფოთლებსა და ღეროებს ხელით კრეფენ, შემდეგ აშრობენ და ახვევენ, რის შედეგადაც მიიღება გამორჩეულად მდიდარი, არომატული და გემრიელი ჩაი.  

2019 წელს კომპანია „ოკრიბამ“ 50 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მოსავალი უკვე 14 ტონას შეადგენდა. ორ წელიწადში ჩაის და ხილის გადამამუშავებელი ქარხანაც ააშენეს და სურსათის უვნებლობის სტანდარტების მიხედვით აღჭურვეს.

„GRETA-ს მხარდაჭერით, 6 თვის ნაცვლად, უკვე შეგვიძლია მთელი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ,“ გვიხსნის ვლადიმერ ძნელაძე, „ოკრიბას“ თანადამფუძნებელი. „რადგან საჭირო დანადგარები შევიძინეთ,  ჩაისთან ერთად, გამომშრალი ხილის წარმოებაც დავიწყეთ.“

კომპანიამ GRETA-ს დახმარებით შეიძინა ბუშტუკოვანი სარეცხი მანქანა ოზონის გენერატორით, ხილის დასაჭრელი და შესაფუთი მანქანა და სხვა აღჭურვილობა. შედეგად, გააფართოვა ორგანული გამშრალი ხილის, მათ შორის ვაშლის, ქლიავის, მსხლისა და სხვა დასავლეთ საქართველოში მოკრეფილი ხილის წარმოება.

„ოკრიბას“ დამფუძნებლებს სჯერათ, რომ ადგილობრივი საწარმოები ანელებს მიგრაციას საქართველოს მთის სოფლებიდან, რადგან მოსახლეობისთვის სამუშაო ადგილები იქმნება. მათ პლანტაციაში სეზონურად 100-ზე მეტი ადამიანი მუშაობს  და ყოველწლიურად დაახლოებით 6 ტონა ჩაის მოსავალს იღებს. საწარმოს ძირითადი მუშახელი 10 ადამიანისგან შედგება. მაღალი მოთხოვნის შემთხვევაში, მომავალში კომპანიას მეტი თანამშრომელი დასჭირდება.

„ბუეთის“ ჩაის ქართულ ბაზარზე უკვე კარგად იცნობენ და მას სხვადასხვა ფორმით შეხვდებით: ფხვიერი ჩაით და ჩაის ერთჯერადი პაკეტებით დაწყებული, ბიოდეგრადირებადი მასალისგან დამზადებული პირამიდის ფორმის შეფუთვით დამთავრებული. საწარმომ ასევე გააფორმა შეთანხება გერმანულ კომპანიასთან, რომელიც ქართულ ჩაის საფრანგეთისა და ჰოლანდიის ბაზარზე ყიდის.

ქართულმა კომპანიამ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩაის მიტოვებული პლატაცია განაახლა

ტარიელ ჩუბინიძე მხოლოდ შვიდი წლის იყო, როცა იმერეთის სოფელ ქვაციხის პლანტაციაზე ჩაის პირველი ფოთოლი მოკრიფა. შემდეგ საბჭოთა კავშირი დაინგრა და მასთან ერთად გაქრა კოლმეურნეობებიც. პლანტაცია, სადაც ტარიელი ბავშვობაში მუშაობდა, მომდევნო 30 წლის განმავლობაში მიტოვებული იყო, სანამ თავად არ გადაწყვიტა, რომ საყვარელი ჩაის ბაღებისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა.

როდესაც „ქვაციხის ჩაის თაიგულის კოოპერატივის“ დირექტორმა ტარიელ ჩუბინიძემ 13 ჰექტარი ფართობის პლანტაციის რეაბილიტაცია გადაწყვიტა, მისი წარმატების არავის სჯეროდა. მაგრამ მან ყველას საპირისპირო დაუმტკიცა. ახლა ჩუბინიძე ემზადება, რომ თავისი წარმოებული „ტიფლის“ ჩაი საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს გააცნოს.

ჩუბინიძე ბიოწარმოებაში მაღალ ღირებულებას ხედავს და ფიქრობს, რომ ეს საერთაშორისო ბაზრებზე გაიყვანს. „ქვაციხის ჩაის თაიგულის“ ორგანული ჩაი მოყვანილია ბიოლოგიურად სუფთა გარემოში და დამუშავებულია ხელოვნური დანამატების, ემულგატორებისა და საღებავების გარეშე. შედეგი არის ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტი, რომელსაც აქვს გამორჩეული არომატი და უნიკალური გემო.

მოსავლის აღება აპრილში იწყება და ოქტომბრამდე გრძელდება. ამ პერიოდში 55 ადგილობრივი მუშაობს პლანტაციაში და ჩაის ხელით კრეფს. საუკეთესო პროდუქტის მისაღებად კომპანია ფოთლის ხარისხს დიდ ყურადღებას უთმობს: პირვანდელი თვისებების შესანარჩუნებლად ჩაის ფოთლებს კრეფენ მხოლოდ სიმწიფის გარკვეულ სტადიაზე, ამუშავებენ მოსავლის აღებიდან 3-5 საათის განმავლობაში და ინახავენ მაღალი ვენტილაციის მქონე საწყობში.

EU4Business-ის ფარგლებში GRETA-ს დახმარებით, „ქვაციხის ჩაის თაიგულის კოოპერატივმა“ შეიძინა საჭირო დანადგარები, მათ შორის ჩაის საკრეფი, ხმობისა და სატკეპნი მანქანები და შავი ჩაის დუღილის მანქანა. მათ ასევე მიიღეს ნაწილობრივი სუბსიდია ბიოსერტიფიკაციისთვის.

შედეგად, ახლა ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ სხვადასხვა სახის ჩაი, არა მხოლოდ შავი, არამედ მწვანე და თეთრიც“, - განმარტავს ჩუბინიძე. "და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიის მომავალი განვითარებისთვის."

რაც შეეხება მომავალს, კოოპერატივს სჭირდება დაახლოებით 10 ტონა საბოლოო პროდუქტი, რათა შეძლოს მისი საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა. ამჟამად ისინი 3,5 ტონას აწარმოებენ, მაგრამ ჩუბინიძე ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ კომპანია 3-4 წელიწადში სასურველ შედეგს მიაღწევს. ის ასევე გეგმავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ჩაის მოყვარულთათვის მოცვის, ტყის კენკრის, მცენარეული და ფიტოჩაის პროდუქტების შეთავაზებას.

ქართველი ჩაის მწარმოებელი საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად ემზადება

კობა შეყილაძეს, მასწავლებელს, ზემო იმერეთის სოფელ გეზრულიდან, ყოველთვის უყვარდა თავისი სოფელი და სურდა ადგილობრივებისთვის სამუშაო ადგილები შეექმნა. 2016 წელს ის თავისი სურვილის ასრულებას შეუდგა და 22 ჰექტარი ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და არომატული, ორგანული ჩაის კულტივირება დაიწყო. მალევე დააარსა ხავერდოვანი ჩაის კოოპერატივი“. დღეს მის ჩაის პლანტაციაში 25-ზე მეტი ადგილობრივი მუშაობს.

ჩაის ჰქვია "Te-amo", რაც ესპანურად ნიშნავს "მე შენ მიყვარხარ". თავად სახელიც კი  კომპანიის პროდუქციისადმი მზრუნველ მიდგომაზე მიუთითებს. ჩაი კულტივირებული, დამუშავებული და სიყვარულით შეფუთულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, იმერეთის მაღალმთიანეთში, ზღვის დონიდან 690 მეტრზე. ძველისა და ახლის შერევით შეყილაძე საუკეთესო პროდუქტს იღებს: ჩაის ფოთლებს ხელით კრეფენ და შემდგომ თანამედროვე დანადგარით ამუშავებენ. ნაზი ფოთლების დაკრეფიდან გაშრობამდე და შეფუთვამდე ყოველ ეტაპზე მკაცრად დაცულია ორგანული წარმოების წესები. ჩაის მზა პროდუქტებს არა მხოლოდ მდიდარი გემო და შესანიშნავი არომატი აქვს, არამედ „ხავერდოვანი ჩაი“ აღნიშნულია ევროკავშირის ჩაის მარშრუტის რუკაზეც.

შესაძლებლობები გაიზარდა მას შემდეგ, რაც „ხავერდოვანი ჩაის კოოპერატივმა“ მიიღო GRETA-ს მხარდაჭერა და იყიდა საჭირო აღჭურვილობა, მათ შორის მწვანე ჩაის გასაშრობი მანქანა, შავი ჩაის სარჩევი მანქანა, სატკეპნი და შესაფუთი მანქანები და სხვა.

„ასეთი მხარდაჭერა არავისგან არ მიმიღია ცხოვრებაში, არც მამაჩემისგან“, - ამბობს შეყილაძე. „GRETA-ს მხარდაჭერით შესაძლებელია წარმოების გაძლიერება და თან მაღალი ხარისხის შენარჩუნებაც“.

„Teamo-ს“ ჩაი საქართველოში უკვე იყიდება, თუმცა, მისი დამფუძნებელი საერთაშორისო ბაზრებზე დიდ იმედებს ამყარებს. ორგანულ ჩაის მაღალი ფასი აქვს და საქართველოში ყველას არ აქვს მისი შეძენის საშუალება. უფრო მეტიც, შეყილაძის ოცნებები ჩაის სცილდება. მისი თქმით, სოფელს აგროტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს. წაროიდგინეთ, რომ ტურისტებს შეეძლოთ მის პლანტაციაში მისვლა, ღამის გათევა, ჩაის მოკრეფა და თავად მომზადება. ეს შეიძლება იყოს სულ სხვა, უნიკალური გამოცდილება, რომელიც ამჟამად საქართველოში არ არსებობს.

ქართველი მეწარმე ფიტო ჩაის აწარმოებს

შოთა კოპალიან, ინჟინერ-მექანიკოსი სოფელ ჭალისთავიდან, ბავშვობის ბედნიერ მოგონებას იხსნებს: ბებია ეზოში კომშს აგროვებდა, შემდეგ ფრთხილად ძაფზე ახვევდა და სუსხიანი ზამთრისთვის ინახავდა. კოპალიანმა მიზნად დაისახა, რომ კომშის ფოთლები ეწარმოებინა, თუმცა, უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებით. მიზანს 2015 წელს მიაღწია. სხვა ჩაის მწარმოებლების დახმარებით მან ისწავლა, ჩაატარა ექსპერიმენტები და  ფიტო ჩაის წარმოებას შეუდგა.

ბოლო 6 წელია კოპალიანი კრეფს მაყვლის, მოცვის, კომშის და ცაცხვის ყვავილებს, რათა მოამზადოს არომატული მცენარეული ჩაი, უნიკალური გემოთი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. მისი რეგიონი ალპური ზონაა, სუფთა გარემო, რომელიც ასევე თავისუფალია პესტიციდებისგან. კოპალიანის საწარმოს პროდუქცია არის მაღალი ხარისხის, რასაც უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, ორგანული მოპოვება და მწვანე წარმოების პროცესი.

ჩაის წარმოებას სირთულეების გარეშე არ ჩაუვლია. კოპალიანს შეგროვებული ფოთლების გადამამუშავებელ ქარხანაში ტრანსპორტირება უჭირდა და ასევე სჭირდებოდა დახმარება გადამუშავებაში, რადგან მის საკუთრებაში არსებული აღჭურვილობა არ იყო საკმარისი დიდი რაოდენობით ფოთლების დასამუშავებლად. მას გაუმართლა და GRETA-ს მხარდაჭერით ყველა საჭირო დანადგარი შეიძინა.

ასეთი სურვილები მხოლოდ სიზმარში სრულდება, - ამბობს კოპალიანი. „GRETA- დახმარებით, სამუშაო პროცესი გაცილებით ნაკლებად შრომატევადი გახდა და ჩვენ საბოლოოდ წარმოებაც გავაფართოვეთ. უკვე შეგვიძლია იმდენი პროდუქტის დახარისხება და შეფუთვა, რომ ჩვენი ადგილი დავიკავოთ ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე“.

დღეს კოპალიანის პლანტაცია მოსავლის სეზონზე თვეში 800-1000 კგ-მდე ორგანულ მცენარეულ ჩაის ამზადებს. ამ დროისთვის საწარმო სხვა კომპანიებს ამარაგებს. კოპალიანის მიერ წარმოებული მცენარეულ ჩაიზე, შესანიშნავი ხარისხისა და ეკოლოგიური სისუფთავის გამო, მზარდი მოთხოვნაა.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე