ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართული ხილი და სამკურნალო მცენარეები მსოფლიო ბაზარს იპყრობს

საქართველო
ევროკავშირის მხარდაჭერით, ქართული ხილი და სამკურნალო მცენარეები მსოფლიო ბაზარს იპყრობს

ოცზე მეტი წლის წინ, დასავლეთ საქართველოში, ლეჩხუმის ერთ-ერთი სოფლის პატარა, ნაქირავებ შენობაში, გოჩა ძნელაძემ და მისმა პარტნიორებმა ბიზნესი დაიწყეს. ყველაფერი სამი ადამიანით, ერთი პროდუქტითა და ერთი მარტივი, მაგრამ მტკიცე რწმენით დაიწყო: საქართველოს ველურ ბუნებას ჰქონდა ისეთი რამ, რაც მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინათ. ეს პროდუქტი ველური ვაშლი იყო.

ორი ათწლეულის შემდეგ, „გეოფლაუერი“ (GeoFlower) საქართველოს ერთ-ერთ  გამორჩეულ მდგრად საწარმოდ იქცა. დღეს კომპანია მასშტაბურ ოპერაციებს ახორციელებს, მასში 150 მუდმივი თანამშრომელი და 400-მდე სეზონური კონტრაქტორია დასაქმებული, პროდუქციის ასორტიმენტი კი 24 ხაზს მოიცავს.

ჩვენი მთავარი მიზანი ველური მოსავლის აღება, ველური პროდუქტების შეგროვება და მათი გადამუშავებაა“, აღნიშნავს ძნელაძე. საქართველო მდიდარია ამგვარი ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტებით. სწორედ ეს იყო ჩვენი მთავარი მოტივაცია“.

„გეოფლაუერი“ საქართველოს ველური ლანდშაფტებიდან აგროვებს, გადაამუშავებს და აშრობს ხილსა და სამკურნალო მცენარეებს — ველურ ვაშლს, ტყის მსხალს, პიტნას, ქაცვსა და სხვას. ნედლეული მოიპოვება რაჭის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, ლეჩხუმისა და ზემო იმერეთის ხელუხლებელი მთის სოფლებიდან და სამ საწარმოო ობიექტში მუშავდება.

დღესდღეობით, კომპანიის პროდუქციის 70%-დან 80%-მდე მდგრადია და ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს, მათ შორის Organic და MABA Grown. „გეოფლაუერს“ ასევე მინიჭებული აქვს ISO 22000 სერტიფიკატი, სურსათის უვნებლობის მართვის საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი, რაც ადასტურებს, რომ კომპანია წარმოების პროცესის თითოეულ ეტაპს მკაცრად აკონტროლებს.

საწარმოს მთლიანი პროდუქციის 99% ევროკავშირსა და თურქეთში გადის ექსპორტზე.

საექსპორტო ბარიერების გადალახვა

ევროპულ ბაზარზე პროდუქციის გაყიდვა მუდმივ განახლებას მოითხოვს. ქართველი ექსპორტიორებისთვის შეუფერხებელ ვაჭრობას ორი მთავარი პრობლემა უშლის ხელს: გაშრობის არაპროგნოზირებადი პირობები და ევროკავშირის მკაცრი ქიმიური ლიმიტებისა და მიკვლევადობის წესების დაცვის სირთულე.

კერძოდ, პიროლიზიდინური ალკალოიდები (PA) — ტოქსიკური ნაერთები, რომლებსაც გარკვეული სარეველა ბალახები შეიცავს — მოსავლის აღებისას ადვილად შეიძლება შეერიოს ველურ მცენარეებს. ამ მინარევების მოუცილებლობის შემთხვევაში, პროდუქციას ევროკავშირის საზღვარზე ბლოკავენ.

ამ პრობლემის გადასაჭრელად, „გეოფლაუერმა“ ახალციხეში სათბურის ტიპის საშრობი, დამხარისხებელი და შესაფუთი საწარმოო ხაზები ერთ თანამედროვე ჰაბში გააერთიანა. ამ ახალი ობიექტის სრულად მოდერნიზებისთვის კომპანიამ ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა IA2M პროექტის ფარგლებში: „წვდომა საექსპორტო ბაზრებზე“. კომპანიამ,  გაეროს განვითარების პროგრამით (UNDP), EU4Business ინიციატივის ფარგლებში, თითქმის 60,000 ქართული ლარის (€19,119) ოდენობის გრანტი მიიღო, რასაც საკუთარი კონტრიბუციაც დაუმატა. 

„გეოფლაუერმა“ ახალი დანადგარები შეიძინა და ენერგოეფექტური, მზის ენერგიაზე მომუშავე სათბურის საშრობი სისტემა შექმნა. მცენარეთა გაწმენდის თანამედროვე ხაზთან ერთად, ეს სისტემა შეფუთვამდე ფილტრავს PA-ს და სხვა უცხო სხეულებს, რაც კომპანიას ევროპული უსაფრთხოების სტანდარტების მარტივად დაკმაყოფილებაში ეხმარება.

ამჟამად საწარმო ყოველწლიურად დაახლოებით 3,500 ტონა ნედლეულს გადაამუშავებს, რის შედეგადაც 900 ტონა მზა პროდუქციას იღებს.

„გეოფლაუერი“ იყო ერთ-ერთი იმ 24 ქართულ მცირე და საშუალო საწარმოს შორის, რომლებმაც 2025 წელს IA2M პროექტისგან მხარდაჭერა მიიღეს. პროექტის ფარგლებში სულ 296,600-ის ევროს ოდენობის გრანტები გაიცა. თავად ეს ინიციატივა 5.16 მილიონი ევროს ღირებულების პროექტია, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ „EU4Business“ ინიციატივის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება UNDP-ისა და ესტონეთის საერთაშორისო განვითარების ცენტრის (ESTDEV) პარტნიორობით და მიზნად ისახავს ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს თავიანთი შეთავაზებების გაძლიერებასა და ევროკავშირის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებაში დაეხმაროს.

კლიმატნეიტრალური მიზანი

მზის ენერგიაზე მომუშავე ახალი სათბური სრულად შეესაბამება კომპანიის გარემოსდაცვით მიზნებს. „კომპანიის მთავარი სტრატეგიაა, რომ 2028-2030 წლებისთვის კლიმატნეიტრალური გახდეს“, განმარტავს ძნელაძე.

უკვე გადავდგით ნაბიჯები და დავამონტაჟეთ მზის სისტემები, რის შედეგადაც ჩვენ მიერ მოხმარებული ენერგიის 99% განახლებადი წყაროებიდან მოდის. გარდა ამისა, მომდევნო ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენს სატვირთო ავტოპარკს სრულად 100%-ით ელექტრომობილებზე გადავიყვანთ“.

მომდევნო 18 თვის განმავლობაში „გეოფლაუერი“ აქცენტს გააკეთებს ძირითად საექსპორტო ბაზრებზე გერმანიაში, პოლონეთსა და თურქეთში. სამომავლოდ კი კომპანია გეგმავს უარი თქვას ნედლეულის დიდი მოცულობით გაყიდვაზე და გლობალური ბაზრისთვის საცალო გაყიდვებისთვის მზა, დაფასოებული პროდუქციის შექმნაზე იზრუნოს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე