რაჭული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას აღწევს

საქართველო
რაჭული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე წარმატებას აღწევს

საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8000 წელზე მეტს ითვლის, რის გამოც ქვეყანას ხშირად „ღვინის აკვანს“ უწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველო ღვინის მცირე მწარმოებელია, მსოფლიო ბაზარზე ამ პროდუქტის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება. საერთაშორისო მოთხოვნის საპასუხოდ სულ უფრო მეტი ქართველი მეღვინე იწყებს ორგანული ღვინის დამზადებას.

საქართველოს ორგანული ღვინის მწარმოებლებს უკვე შეუძლიათ მიიღონ ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერა GRETA-ს პროექტის ფარგლებში, რათა გაზარდონ წარმოება და მოემზადონ საერთაშორისო ბაზრებზე გასასვლელად.

რაჭველი მეღვინე წინაპრების ტრადიციას აგრძელებს

ეს ამბავი ჯერ კიდევ 1887 წელს იწყება, როდესაც ახალგაზრდა ინჟინერმა ზურაბ მაისაშვილმა, გადაწყვიტა მთელი თავისი დანაზოგი მშობლიური მხარის, მაღალმთიანი რაჭის სასიკეთოდ დაეხარჯა. მან იყიდა მიწის დიდი ნაკვეთი და თავისი ოჯახისთვის ტრადიციული სახლი და მარანი ააშენა. 1919 წელს მისი გარდაცვალების შემდეგ, მაისაშვილის საქმე მისმა შვილებმა გააგრძელეს. თუმცა ბოლშევიკურმა რევოლუციამაც არ დააყოვნა და საბჭოთა კავშირმა ოჯახს ქონების უმეტესი ნაწილი ჩამოართვა. მრავალი ჰექტარის ფართობის მიწიდან ოჯახს სულ მცირე მიწა დარჩა.

თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, კიდევ ერთი ზურაბ მაისაშვილი, ცნობილი მეწარმის შთამომავალი, რაჭის რაიონის სოფელ წესში, ოჯახურ სახლში დაბრუნდა. ყოფილმა პოლიციელმა და მისმა მეუღლემ - პენსიაზე გასულმა ექიმმა - გადაწყვიტეს აღედგინათ ის, რაც ოდესღაც მათმა წინაპრებმა დაკარგეს: ოჯახის ქონება, მიწა და, რა თქმა უნდა, ღვინის მარანი. მათმა ღვინომ სწრაფად დაიბრუნა თავდაპირველი სახელი, განსხვავებული არომატისა და უნიკალური მახასიათებლების გამო.

ოჯახის ისტორიაში ახალი ეპოქა უმცროს ზურაბ მაისაშვილთან ერთად დაიწყო. სკოლის დამთავრების შემდეგ მან გადაწყვიტა წინაპრების გზა გაეგრძელებინა და 2018 წელს, 18 წლის ასაკში მცირე გრანტიც მოიპოვა. ბიძაშვილთან, თორნიკე მაისაშვილთან ერთად, ზურაბმა უგემრიელესი ადგილობრივი ღვინის წარმოება დაიწყო. ღვინოს სახელად „ღვინუკა“ დაარქვეს.

„ღვინუკას“ დახმარებით ზურაბ მაისაშვილს სურს, რომ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში მივიწყებული და იშვიათი ვაზის ჯიშები გააცოცხლოს. კომპანია ამჟამად აწარმოებს რაჭული თეთრასა და რაჭული ძელშავისგან დამზადებულ ორგანულ თეთრ და წითელ ღვინოებს.

დაარსებიდან მალევე „ღვინუკა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მაღაზიებსა და რესტორნებში გამოჩნდა. კომპანიამ სულ უფრო მეტი ღვინის წარმოება დაიწყო.  2019 წლისთვის „ღვინუკა“ ადგილობრივ გაყიდვებზე იყო დამოკიდებული. ერთი წლის შემდეგ კი პანდემია დაიწყო და სასტუმროები და რესტორნები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურა.

წარმოება ისე ვერ გავზარდეთ, როგორც ვგეგმავდით და ეს ციფრებზეც აისახა“, - იხსენებს მაისაშვილი.

ამ კრიტიკულ მომენტში კომპანიამ შეიტყო ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, შვედეთისა და ავსტრიის GRETA-ს პროექტის სახით და დაფინანსების მიღებაც შეძლო. 2020 წლის ნოემბერში „ღვინუკამ’ იტალიიდან ღვინის ცისტერნები და ღვინის გადამამუშავებელი დანადგარები, საწნახელი და სხვა აღჭურვილობა შეიძინა.

მას შემდეგ რაც ეს აღჭურვილობა მივიღეთ, წარმოება გაოთხმაგდა,“ - ამბობს ზურაბ მაისაშვილი. „მანამდე წელიწადში მაქსიმუმ 3000 ბოთლს ვაწარმოებდით. ახლა 10000-ზე მეტის წარმოება შეგვიძლია“.

თავდაპირველად კომპანია მომხმარებლებს მხოლოდ ორი სახის ღვინოს სთავაზობდა, მაგრამ ახლა მათ ოთხი განსხვავებული ჯიშის შეთავაზება შეუძლიათ. EU4Business-ის, შვედეთისა და ავსტრიის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით GRETA-ს პროექტის ფარგლებში, მაისაშვილებმა ბიო სერტიფიცირების პროცესიც დაიწყეს. ეს საშუალებას მისცემთ, რომ „ღვინუკა“ სხვადასხვა ბაზრებზე გაიტანონ, განსაკუთრებით ევროპაში. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსოფლიოში ორგანული ღვინის მოხმარება და წარმოება გაიზარდა, ხოლო ევროკავშირი ამჟამად ყველაზე დიდი მწარმოებელია. დღეს ღვინის მოყვარულებს ბელგიისა და ნიდერლანდების მაღაზიებში „ღვინუკას“ დაგემოვნება უკვე შეუძლიათ. ზურაბ მაისაშვილს ზაფხულში ჩეხეთის ბაზარზე შესვლის იმედიც აქვს.

ღვინუკასთან დაკავშირებით გეგმები აქ არ მთავრდება. ახალგაზრდა დამფუძნებლებს სურთ სოფელ წესში, სწორედ იქ სადაც ღვინო მზადდება, დეგუსტაციის ადგილი დაარსონ. ინჟინერი ზურაბ მაისაშვილის ძველი ოდა, მე-19 საუკუნის ბოლოს აშენებული რეზიდენცია, დღეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სახლს ჩრდილოეთით ესაზღვრება ხეხილის ბაღი, მათ შორის ასწლოვანი მსხლის ხეებით, ხოლო სამხრეთით - ვენახი. ახალგაზრდა მაისაშვილი ფიქრობს, რომ ამ ადგილს სოფელში ტურისტების, განსაკუთრებით ღვინის მოყვარულების, მოზიდვის უზარმაზარი პოტენციალი აქვს, რადგან რაჭის რეგიონის მაღალხარისხოვან, გემრიელ ღვინოებზე მოთხოვნა თანდათან იზრდება.

ლეჩხუმელი მეღვინის ღვინო სამეფო ოჯახის წრეებში

მისტიკური ხვამლის (ხომლის) მთა საქართველოს დასავლეთ ნაწილში, ლეჩხუმში მდებარეობს. ლეგენდების თანახმად,  ეს ის მთაა, სადაც ბერძენმა ღმერთმა ზევსმა პრომეთე მიაჯაჭვა ხალხისთვის ცეცხლის გადაცემისთვის. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ აქ ქართველ მეფეთა განძი ინახებოდა. დღეს ამ მთის კალთებზე ვენახია, სადაც მაღალი ხარისხის, ქვევრის ორგანული ღვინოები საქართველოს უძველესი ტრადიციული მეთოდებით იქმნება.

თამაზ ომანაძე ბავშვობაში ხშირად უყურებდა მზის ამოსვლას ხომლის მთაზე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭისთვის მისტიკური და მიუწვდომელი ჩანდა. დღეს „ხომლი“ უკვე მისი ღვინის სახელია. 2010 წელს მან სერგო და დავით არჯევანიძეებთან ერთად „ხომლის მარანი“ დააარსა. ხელით, ყოველგვარი ტექნიკის გამოყენების გარეშე დაიწყეს ვენახის გაშენება. ბუნება აქ შესანიშნავ პირობებს გვთავაზობს: გვიანი გაზაფხულის დილას ხეობაში ცივი ჰაერი უბერავს,  ფერდობები კი სითბოს ინარჩუნებს და ყურძნის კვირტებს ყინვისგან იცავს.

ახალგაზრდობაში ომანაძე ხშირად ფიქრობდა ეკოლოგიასა და ბუნების გადარჩენაზე. 2017 წელს მის კომპანიას ბიოსერტიფიკატი მიენიჭა და ომანაძემ ქიმიკატების გარეშე ორგანული ღვინოების წარმოება და ადგილობრივ მაღაზიებში გაყიდვა დაიწყო. იქიდან კი „ხომლის მარნის“ ბოთლები თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში, მაღალი დონის დიპლომატიურ შეხვედრებზე აღმოჩნდა.

ომანაძის ღვინო მალევე გახდა ლიდერი 10 ყველაზე ძვირადღირებულ ქართულ ღვინოს შორის. მეღვინე ლეჩხუმურ მწვანე ცოლიკოურს, ნახევრადტკბილ ქვევრის უსახელოურს და მშრალ უსახელოურს, ასევე ბიო უსახელოურ ჭაჭას აწარმოებს. დღეისთვის „ხომლის მარანი’ ერთადერთი ქართული კომპანიაა, რომელიც ქვევრში, ბიოსერტიფიცირებულ უსახელოურ ღვინოს აყენებს. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი ორგანული ღვინის მწარმოებელი დასავლეთ საქართველოში.

ჩემი თავდაპირველი მიზანი იყო, ჯერ საკუთარ ქვეყანაში, ვაზისა და ყურძნის აკვანში მიმეღწია წარმატებისთვის, შემდეგ კი საერთაშორისო ბაზარზე გავსულიყავი,“ - განმარტავს ომანაძე. ”მაგრამ როგორც კი ჩვენ დავამკვიდრეთ ჩვენი ბრენდი და მზად ვიყავით მსოფლიო ბაზრისთვის, პანდემია დაიწყო.”

პანდემიის შედეგად მრავალი ბიზნესი, მათ შორის ხომლის მარანი“, გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მაგრამ ხელახლა გახსნის პროცესს ახალი შესაძლებლობები მოჰყვა. ხომლის მარანმა ევროკავშირის მხარდაჭერით, EU4Business-ის ინიციატივით, GRETA- პროექტის ფარგლებში ახალი აღჭურვილობა შეიძინა და ღვინის წარმოების პროცესი გააუჯობესა. გარდა ამისა,  მიიღო მარკეტინგული მხარდაჭერა, რათა ბიოღვინ საერთაშორისო ბაზარზეც დამკვიდრდეს.

ამ აღჭურვილობის მიღება პირადად ჩემთვის ნაკლებ ფიზიკურ შრომას ნიშნავდა“, - განმარტავს თამაზ ომანაძე. ”დავზოგე დრო და ფული და ეს თანხები ჩვენი მუშაობის სხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისთვის გამოვიყენე.”

ამასობაში თამაზ ომანაძეს დაუკავშირდა ბრიტანული კომპანია, რომელმაც  150 ბოთლი ღვინო შეუკვეთა და დიდ ბრიტანეთში გაიტანა. სულ რაღაც სამ თვეში, ქართული ღვინოები დეგუსტაციისთვის წარადგინეს Hedonism Wines-ში, მაღალი დონის ღვინის, ვისკისა და ალკოჰოლური სასმელების მაღაზიაში, რომლის თაროებზეც 8000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული. ომანაძის ერთი ბოთლი ღვინის ფასი იქ 800 ფუნტზე მეტია.

ჩვენი ღვინო სამეფო ოჯახის სუფრაზე ჯერ არ ოხვედრილა, მაგრამ სამეფო წრეებში უკვე დაფასებულია“, - ამბობს ომანაძე.

საქართველო განთქმულია ღვინის კულტურით და ქვევრის ღვინის სამშობლოდ ითვლება. ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა აუცილებელია არა მხოლოდ საწყის ფაზაში მყოფი კომპანიებისთვის, არამედ კარგად დამკვიდრებული ქართული ბრენდების პოპულარიზაციისთვის. საბოლოო მიზანია მდგრადი ბიზნეს გარემოსა და ახალი შემოსავლის შესაძლებლობების შექმნა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.

***

GRETA | “მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა საქართველოში“ მხარდაჭერილია ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მიერ. პროექტს ახორციელებს საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო. პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და გაზარდოს საქართველოს ეკონომიკისთვის დამატებითი შემოსავლის გამომუშავების შესაძლებლობები ორ მნიშვნელოვან სექტორში: მთის ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. პროექტი ხორციელდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და მოიცავს სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთისა და ზემო იმერეთის რეგიონებს, სადაც ჩართული არიან მეწარმეები მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერის, ჭიათურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებიდან. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია პროექტის ვებ-გვერდიდან – www.gretaproject.ge

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე