You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

წარმოიდგინეთ ხელოვნური ბალახით დაფარულ პატარა გორაკზე გამართული მოდის ჩვენება და მანეკენები, ჩაცმული ლამაზ, ფერად კაბებში, რომლებიც ბუნებრივი, მინერალური საღებავით შეღებილი ქსოვილებისგან შეიქმნა. ასე წარმოადგინეს საერთაშორისოდ აღიარებულმა ქართველმა დიზაინერმა თამუნა ინგოროყვამ და ეკოლოგიური საღებავის ტექსტილის მწარმოებელმა „კავკასიის ფერებმა“ კაფსულის კოლექცია TRANOÏ-ის გამოფენაზე, პარიზში, 2020 წლის თებერვალში.

თამუნა ინგოროყვას ბრენდი საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის (GAFA) ერთ-ერთი წევრია. ასოციაცია GIZ-ის „კლასტერები განვითარებისთვის“ (Clusters4Development) პროექტის მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. EU4Business-ის მხარდაჭერით, ინდუსტრიის კლასტერები ეხმარებიან მცირე და საშუალო მეწარმეებს, რომ იგივე ინდუსტრიის წარმომადგენელ სხვა ბიზნესებთან პარტნიორობით უფრო კონკურენტუნარიანი გახდნენ.

რისკი, რომელმაც გაამართლა

თამუნა ინგოროყვა ექიმების ოჯახიდანაა, ამიტომ ახლობლები ყოველთვის ფიქრობდნენ, რომ მოდა მისთვის მხოლოდ ჰობი იყო და, ადრე თუ გვიან, სამედიცინო ფაკულტეტზე  ჩააბარებდა. თუმცა, სამედიცინო უნივერსიტეტის ნაცვლად, თამუნა სასწავლებლად პარიზის ESMOD-ის მოდის სკოლაში წავიდა და მალევე მიხვდა, რომ მოდა არა ჰობი, არამედ მისი ცხოვრების პროფესია იქნებოდა. მან უკვე ისიც იცოდა, რომ საქართველოში მოდის ინდუსტრიის განვითარებაში ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა.

პარიზში ცხოვრებისას ფიქრობდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდებოდა და საკუთარ მაღაზიას გახსნიდა. 2001 წელს თამუნა დაბრუნდა და საკუთარი ბრენდის განვითარება დაიწყო და დღეს ის საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი დიზაინერია. 2002 წელს, როცა თამუნა ინგოროყვამ თავისი პირველი კოლექცია წარადგინა, საქართველოში მოდის ინდუსტირა ჯერ პირველ ნაბიჯებს დგამდა. ქვეყანა გარდამავალ ეტაპზე იყო და დიზაინერებს არც ტანსაცმლის ექსპორტზე გატანის და არც მოგზაურობის საშუალება არ ჰქონდათ. ამიტომ თამუნა ინგოროყვაც სამოსს მხოლოდ ადგილობრივი ბაზრისთვის ქმნიდა. როცა საქართველოს საზღვრები გაიხსნა მან გარისკა და პარიზში, TRANOÏ-ის გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. რისკმა გაამართლა და მალევე ბრენდმა დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს თამუნა ინგოროყვას სამოსი აცვიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორიცაა ლეიდი გაგა, ჯიჯი ჰადიდი, ლინდა როდინი და სხვები.  

”ინგოროყვას ნამუშევრების შთაგონების წყაროა თანამედროვე კულტურა და ყოველდღიური ცხოვრების ფარული ესთეტიკა“, ვკითხულობთ ბრენდის საიტზე. თამუნა ინგოროყვა ორიგინალური ქსოვილებისა და გეომეტრიული ფიგურების დახმარებით  ქალური დიზაინის მაღალი ხარისხის სამოსს ქმნის. მდგრადობა თავიდანვე ამ ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება იყო.

„ჩემთვის მოდა ხელოვნებაა და მაღალ ხარისხთან ასოცირდება,“ ამბობს თამუნა ინგოროყვა. „თითოეული ნამუშავარი ძალიან დიდი სიყვარულით თბილისში, ჩემს ატელიეში იქმნება და შემდეგ დიდხანს ცოცხლობს. სიამაყით ვივსები, როდესაც მომხმარებელი მეუბნება, რომ ისევ აქვს კაბა, რომელიც ჩემთან 10 წლის წინ შეიძინა. ისეთი მომხმარებლებიც მყავს, რომლებსაც დღემდე აქვთ 2002 წელს ჩემი პირველი კოლექციიდან შეძენილი კაბა.“

ახალი საიტი და ახალი გეგმები

2020 წლის იანვარში თამუნა ინგოროყვას ბრენდმა გაუგებარი ტექნიკური მიზეზების გამო საიტი დაკარგა. საიტთან ერთად დაიკარგა ინფორმაცია და წლების ნამუშევარი. როცა ბრენდმა ყველაფრის თავიდან აწყობა გადაწყვიტა, საქართველოში და მსოფლიოში კოვიდ-19-ის პანდემია დაიწყო. ბევრი მაღაზია, რომელთანაც ინგოროყვა თანამშრომლობდა, დაიკეტა. ბევრმაც კოლექციების მიღება შეამცირა ან დროებით შეაჩერა მუშაობა. ბრენდისთვის ფინანსურად რთული პერიოდი დაიწყო.

თუმცა პანდემიასაც აღმოაჩნდა თავისი დადებითი მხარე: პირველად ბევრი წლის განმავლობაში თამუნა ინგოროყვას დასვენებისა და მომავალზე ფიქრის დროს გაუჩნდა. ამასობაში გამოჩნდა GAFA და პროექტი „კლასტერები განვითარებისთის“. მათი დახმარებით ბრენდმა შექმნა ახალი, თანამედროვე ვებსაიტი და ონლაინ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს უკეთეს მომსახურებას სთავაზობს. მანამდე ინტერნეტ გაყიდვები ინგოროყვასთვის საინტერესო მიმართულება არასდროს ყოფილა, რადგან ის უმეტესად მაღაზიებთან თანამშრომლობდა.

„მომხმარებლებთან პირდაპირი კონტაქტი თითქმის არასდროს გვქონია,“ ამბობს ინგოროყვა. „თუმცა გვინდა, რომ მსოფლიოს გარშემო უფრო მეტ მომხმარებლებს მივაწვდინოთ ხმა და ისინი ბრენდის საქმიანობით დავაინტერესოთ. ევროკავშირის და GIZ-ის დახმარებით პირველი ნაბიჯები წარმატებით გადავდგით, რადგან გამართული საიტის გარეშე მომხმარებლებთან კომუნიკაცია წარმოუდგენელია.“

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციას 30 წევრი ჰყავს, რომლებიც წარმოადგენენ ტექსტილის მწარმოებლებს, მოდის დიზაინერებს, ტანსაცმლის ქარხნებს და მათ მიერ დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 1000-ს აჭარბებს. გაციფრულების კუთხით, GAFA მხარს უჭერს მის წევრებს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში, ბიზნეს პროცესების ტრანსფორმაციაში. შედეგად ისინი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე უფრო კონკურენტუნარიანი ხდებიან.

EU4Business-ის დახმარებით და GAFA-ს მხარდაჭერით ინგოროყვამ ბრენდის ახალი „ლუქბუქი“ შექმნა და მერსედეს ბენცის მოდის კვირეულშიც მიიღო მონაწილეობა. GAFA-ს დახმარებით შედგა ინგოროყვასა და „კავკასიის ფერების“ თანამშრომლობა. საერთო მუშაობის შედეგად შეიქმნა ეკო-მეგობრული კაფსულის კოლექცია, რომელიც დიზაინერებმა TRANOÏ-ის გამოფენაზე მდგრადი მოდის სექციაში წარადგინეს.

ამ ეტაპზე ინგოროყვა 20 ქვეყანასთან თანამშრომლობს და 40-მდე მუდმივი საერთაშორისო კლიენტი ჰყავს. ახალი გეგმებითა და ახალი ვებსაიტით ბრენდი წინსვლას განაგრძობს და შემოდგომაზე პარიზის მოდის კვირეულზე კოლექციის წარდგენას გეგმავს.

„ძველი ცხოვრების წესს უკვე ახლებურად დავუბრუნდებით,“ ამბობს თამუნა ინგოროყვა.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
28.07.2021
ქართულ კომპანია „ავტოტესტს“ არაჩვეულებრივი მისია აქვს: კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობისა და გამონაბოლქვის  შემცირებას.
ge
29.06.2021
ზამთრის ერთ მოღრუბლულ დღეს, საქართველოს ერთ-ერთ შორეულ სოფელში, სადაც ხის მიტოვებული სახლები თეთრი თოვლითაა დაფარული, ფერად სამოსში ჩაცმული მოდელები ერთმანეთს ცვლიან.
ge
03.06.2021
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჰიგიენის, კოსმეტიკისა და პარფიუმერული ნივთები – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ პროდუქციისა, რომელსაც ერთ-ერთი მსხვილი აუთლეთ მაღაზიათა ქსელი „ნავნე“ საქართველოში მომხმარებლებს სთავაზობს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე