ქართული ბოსტნეულის ევროპული ტექნოლოგიებით მოყვანა - იმერეთი გრინერის მთავარი მიზანია. ქართულ-ჰოლანდიურმა საწარმომ, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, მიიღო დაფინანსება ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, რის შედეგადაც გაზარდა წარმოება და შესაბამისად მოგებაც.
დაარსებიდან, საწარმო მნიშვნელოვნად გაიზარდა და გაფართოვდა. სამტრედიაში მდებარე სასათბურე მეურნეობა უკვე 2 ჰექტარზეა გაშენებული. სალათის ფურცელი და კიტრი აქ ჰიდროფონიკის სისტემაზეა აგებულ სათბურში მოჰყავთ. ეს უკანასკნელი სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მეთოდია და მცენარის უნიადაგოდ მოყვანას გულისხმობს. სათბურში ბუნებრივ რესურსებსაც პასუხისმგებლობით ეკიდებიან: აქ გასათბობად გეოთერმულ წყაროებს იყენებენ. იმერეთი გრინერის სათბურში მოყვანილი სალათის ფურცლითა და კიტრით ცნობილ სუპერმარკეტების ქსელებსა და მაღალი კლასის სასტუმროებს ამარაგებს.
EU4Business და EBRD კომპანიის წარმატების ნაწილია: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგრამის - კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში, დახმარებით, 2016 წელს, კომპანიამ დანერგა ბუღალტრული აღრიცხვის თანამედროვე სისტემა, რამაც ფინანსური ანგარიშგება გაცილებით ეფექტური, ხოლო ბანკებთან ურთიერთობა პროდუქტიული გახადა.
პროექტის ფარგლებში კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 380%-ით, წარმოება 75%-ით და თანამშრომლების რაოდენობა 129%-ით.
ჩვენი პროექტის შემდეგ, კომპანიამ მიიღო დაფინანსება, რითიც შესაძლებელი გახდა სათბურში LED განათების დამონტაჟება, რაც მოსავლის მოყვანის მდგრადობას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში.კომპანია გეგმავს სასათბურე მეურნეობის გაფართოებას იმერეთში და მსგავსი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი მეურნეობის აშენებას სამეგრელოში.
„განსაკუთრებით ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი კომპანია გაფართოებასთან ერთად ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ეს რეგიონებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ ამბობს ნათია ხელაია, იმერეთი გრინერის დირექტორი. კომპანიის ერთ-ერთი გეგმა თურქეთიდან იმპორტირებული სალათის ფურცლის ჩანაცვლებაა, ასევე, ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში.
კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის საქართველოში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD)
EBRD-ის პროგრამამ „კონსულტაცია მცირე ბიზნესისათვის“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ EU4Business ინიციატივის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცირე და საშუალო ბიზნესს ეხმარება რომ გაფართოვდნენ და მიაღწიონ წარმატებას, გახდნენ ეკონომიკის კატალიზატორები, ჯერ ადგილობრივად, შემდეგ კი რეგიონის მასშტაბით. პროგრამა საშუალებას აძლევს მცირე და საშუალო მეწარმეებს მიიღონ 10,000 ევრომდე გრანტი და საკონსულტაციო მომსახურება თანადაფინანსებით.
გაიგეთ მეტი:
Full story https://www.facebook.com/notes/ebrd-advice-for-small-businesses-კონსულტაციები-მცირე-ბიზნესისათვის/წარმატების-ისტორია-იმერეთი-გრინერი/1742919282669191/
EBRD advice for small businesses in Georgia