You are using an outdated browser. Please upgrade your browser to improve your experience.
ზევით

თექვსმეტი წლის წინ ირაკლი სირაძემ და მისმა მეუღლემ მაია ბერიძემ ცხოვრების თავიდან დაწყება და ბიზნესის გახსნა გადაწყვიტეს. სამწლიანი შრომის შედეგად გურიის ქალაქ ოზურგეთში 4500 კვ.მ ფართობის შენობა ააშენეს და ფართი ადგილობრივ ფერმერთა ბაზარს მიაქირავეს. თუმცა მალევე წყვილის ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წავიდა.

შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში აღმოვაჩინეთ, რომ ფერმერთა ბაზარი არ იყო ჩვენი ცხოვრების ნაწილი“, - თქვა სირაძემ. ამის ნაცვლად, მათ სასურსათო მაღაზიის გაფართოება გადაწყვიტეს, თანაც მაშინ, როცა ქართულ ბაზარზე ამ მიმართულების მსხვილი კომპანიები არ არსებობდნენ. წყვილმა საკუთრებაში არსებულ შენობას დაახლოებით 1500 კვადრატული მეტრის ფართობი დაამატა და გახსნა  „პირველი სავაჭრო სახლი“ - ჰიპერმარკეტი, რომელსაც რვა სალარო აქვს და მომხმარებლებს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს.

თავიდან კომპანიას სულ 8 თანამშრომელი ჰყავდა, დღეს აქ 150-მდე ადამიანია დასაქმებული. სირაძე ამბობს, რომ უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეობაა, მათ შორის არიან ისინიც, ვინც თბილისში უფრო მაღალი ანაზღაურებისთვის წავიდა, მაგრამ შემდეგ მისი კომპანიის მხარდაჭერით უკან ოზურგეთში დაბრუნდა.

„მუშახელის დეფიციტია, რადგან ბევრმა ადამიანმა დატოვა არა მარტო რეგიონი, არამედ ქვეყანაც, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალი სამუშაო ადგილების შექმნა“, - განმარტავს სირაძე.

სწრაფი ზრდა

„პირველი სავაჭრო სახლი“ ისედაც სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ ევროკავშირის EU4Business პროგრამის მხარდაჭერამ კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა მისცა. სირაძის გეგმისთვის გადამწყვეტი იყო პროგრამული პაკეტი APEX - საქართველოში შემუშავებული ავტომატური მართვის სისტემა, რომელიც ადაპტირებულია მთელი რიგი საწარმოებისთვის. სირაძეს ეს პროგრამა ჰიპერმარკეტის მარაგის ეფექტურად მართვისა და მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის მიწოდებისთვის სჭირდებოდა.

მაგრამ ის ერთ დაბრკოლებას წააწყდა - პროგრამა ძალიან ძვირი ღირდა.

„როდესაც პირველად შევედით ინტერნეტში პროგრამის შესაძენად, ფასმა გაგვაოცა“, - ამბობს სირაძე. 

„ეს იყო დაახლოებით 15,000-20,000 ამერიკული დოლარი. ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ასე ძვირი დაგვიჯდებოდა. მაგრამ შემდეგ გავიგეთ, რომ EBRD-ს აქვს პროგრამა „კონსულტაციები მცირე ბიზნესისთვის“, რომელიც კომპანიებს არამატერიალური ინტელექტუალური ქონების შეძენაში ეხმარება.”  პროექტმა, რომელიც დაფინანსებულია EBRD-ის სააქციო ფონდის მიერ და რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს, სირაძეს APEX პროგრამის თანადაფინანსება შესთავაზა, რაც კომპანიას წინსვლაში დაეხმარებოდა.

პროგრამის შეძენა მხოლოდ დასაწყისი იყო. ამის შემდეგ კომპანიას 6000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობაში წესრიგის დამყარება ესაჭიროებოდა. ისევ EBRDის პროექტის  მეშვეობით და ევროკავშირის მხარდაჭერით, დაიქირავეს მენეჯერების ჯგუფი, რომლებიც აკონტროლებენ მარაგებს, პრობლემებისა და დეფიციტის შესახებ დროულად აცნობებენ ხელმძღვანელობას და ზრუნავენ იმაზე, რომ პროდუქტები თაროებზე მოწესრიგებულად იყოს წარმოდგენილი.

მოგვიანებით კომპანიამ მხარდაჭერა უკვე EU4Business-EBRD-ის საკრედიტო ხაზის მეშვეობით მიიღო. ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ერთობლივი პროგრამის საშუალებით, EBRD ეხმარება ქართულ მცირე და საშუალო საწარმოებს ინვესტიციების დაფინანსებაში და შესაძლებლობების გამოყენებაში DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. ევროკავშირთან ამ შეთანხმებას  საქართველომ 2014 წელს მოაწერა ხელი. ყველა შემთხვევაში მხარდაჭერა გულისხმობს ინვესტირებას ახალ აღჭურვილობასა და ტექნოლოგიებში, რაც ხელს უწყობს ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას. „პირველმა სავაჭრო სახლმა“ EBRD-ის 160 000 ევროს ოდენობის კრედიტით საცხობი გახსნა. ევროკავშირმა კი შეთავაზება საგრანტო სტიმულით შეავსო.

ირაკლი სირაძემ იცოდა, რომ კომპანიას ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებისთვის ახალი დანადგარები სჭირდებოდა. საბედნიეროდ, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) მზად იყვნენ დასახმარებლად.

იტალიაში წავედით და იქ ერთ კომპანიასთან დავიწყეთ მოლაპარაკება“, - ამბობს სირაძე. დავბრუნდით ახალი, მოწინავე აღჭურვილობით და შევძელით არა მხოლოდ ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, არამედ წარმოების მოცულობისა და ხარისხის გაზრდა“, - ამბობს სირაძე. დანადგარები მოიცავდა ცომის საჭრელებს, ქვის ღუმელს და ყველაფერს, რაც საჭირო იყო პურის გამოცხობის მაღალტექნოლოგიური საწარმოო ხაზის გასამართად.

ახალი დანადგარების დახმარებით კომპანიის თანამშრომლები სამუშაოს უფრო სწრაფად და მარტივად ასრულებდნენ.

თუ მანამდე 30 ტომარა ფქვილის დამუშავებისთვის დღედაღამ შრომობდნენ, ახლა 3 საათისთვის ამთავრებენ.“

მთელი სამუშაო გრაფიკი შეიცვალა. შეუძლებელი იქნებოდა მუშაობის გაგრძელება ისე, როგორც ადრე. ხუთი ბიჭი გვჭირდებოდა 20 ტომარაზე (ფქვილის) სამუშაოდ. ახლა ორ ადამიანს შეუძლია იგივე გააკეთოს. ”

მაშინ, როცა პანდემიის დროს ბიზნესები სათითაოდ დაიხურა, ჰიპერმარკეტისთვის წარმატების ხანა დაიწყო. ხალხი რეგიონებში დაბრუნდა და პროდუქციის გაყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჰიპერმარკეტმა გაზრდილი მაჩვენებლების შენარჩუნება შეძლო და კომპანიას დღესაც 2,700-ზე მეტი ყოველდღიური მომხმარებელი ჰყავს.

პარიზი და ოზურგეთი

სირაძეს და მის მეუღლეს ჰიპერმარკეტთან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. კომპანია ყოველთვიურად 40,000 ლარზე მეტს ელექტროენერგიის გადასახადს იხდის და წელიწადში 1,2 მილიონ კილოვატზე მეტს იყენებს. სწორედ ამიტომ, სამომავლოდ, პრიორიტეტს მზის პანელების დაყენება წარმოადგენს.

"ეს ყველაფერს შეცვლის," ამბობს სირაძე.

შემდეგი ნაბიჯია 6000 კვადრატული მეტრი ფართობის რაც შეიძლება ეფექტურად გამოყენება. მაია ბერიძემ უკვე გააკეთა ფიტნეს ცენტრი, ხოლო თბილისელ ექსპერტებთან ერთად წყვილი ამჟამად ოთხსართულიანი კაფეს გახსნაზე მუშაობს, VIP ზონით, უზარმაზარი ტერასითა და ღია სამზარეულოთი.  ოზურგეთში პოტენციური კლიენტების რაოდენობა დაბალია, ამიტომ, როგორც ბიზნესის მფლობელმა, უნდა მოიზიდო თითოეული მათგანი“, - ამბობს სირაძე. ამას აკეთებთ სხვადასხვა სერვისების შეთავაზებით.”

არაუშავს თუ შეცდომებს დავუშვებთ, მთავარი მათი გამოსწორებაა.“

მზა კერძები, შემწვარი ქათმით დაწყებული, ბრინჯითა და სალათებით დამთავრებული ახლა განსაკუთრებით პოპულარულია. სირაძე ფიქრობს, რომ ეს არის მომავალი, რადგან მომხმარებლები სახლში საჭმელს ნაკლებად ამზადებენ და წინასწარ მომზადებულ კერძებს უფრო ხშირად ყიდულობენ.

საკუთარი ბიზნესის სამომავლოდ განვირებისთვისთვის სირაძე ახლა ევროკავშირის ბაზარს აკვირდება.

"რაც არ უნდა მოხდეს პარიზში, მოხდება ოზურგეთშიც - ამას უბრალოდ დრო სჭირდება", - ამბობს ის.

წარმატების ახალი ისტორიები
ge
03.12.2022
ეკა ბოქოლიშვილისთვის ყველაფერი აღმოსავლეთ საქართველოს სოფელ საქობოში, მის სამზარეულოში დაიწყო. მაშინ თათარას მხოლოდ ერთ ქვაბში ხარშავდა, მაგრამ იცოდა, რომ ქართული ნუგბარის მსოფლიოსთვის გაცნობის სურვილი შორს წაიყვანდა.
ge
10.11.2022
კიკეთში, დედაქალაქიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, სამღებრო სახლი მდებარეობს. კარგად განათებულ თანამედროვე კოტეჯში ხის კედლები ქსოვილის ფერადი ნიმუშებითაა დაფარული. აქ უამრავ ფერს შეხვდებით - მუქი იასამნისფრით დაწყებული, თბილი ნარინჯისფრითა და ღია ვარდისფრით დამთავრებული.
ge
25.10.2022
ცხინვალიდან სულ რაღაც ხუთ კილომეტრში მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ბროწლეთი, სადაც ხეხილის ბაღებია გაშენებული და ვაშლის, ქლიავისა და ატმის ხეები ხარობს. ცხინვალსა და ბაღებს შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზია - მავთულხლართები, რომელიც რუსმა სამხედროებმა 2008 წლის ომის შემდეგ გააბეს.

ქუქი-ფაილები
ეს საიტი იყენებს Cookie-ფაილებს, რომ თქვენ შეძლოთ საიტის უკეთესად დათვალიერება. შეიტყვეთ მეტი
უარი Cookie-ფაილებზე
თანხმობა Cookie-ფაილებზე